ულამაზესი ხატია ბურდული წარმატებული მოდელია, რომელიც რამდენიმე თვეში საქართველოს ჩინეთში, სილამაზის საერთაშორისო კონკურსზე წარადგენს.
ხატია ბურდული: ამ კონკურსში ჩემი მონაწილეობის შესახებ ახლახან შევიტყვე. ქალბატონმა ეკა მგალობლიშვილმა (სამოდელო სააგენტო „კატრინის“ ხელმძღვანელი), რომელიც დედასავით მყავს, დამირეკა და ასეთი კარგი ამბავი მახარა. საოცარ პასუხისმგებლობასა და სიხარულს ვგრძნობ. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ჩინეთში უნდა წარვადგინო ჩემი ქვეყანა. ეს ძალიან დიდი შანსია და მინდა, ღირსეულად გავართვა თავი დაკისრებულ პასუხისმგებლობას.
ეს არის საერთაშორისო კონკურსი, რომელშიც უამრავი ქვეყანა მონაწილეობს. გაიმართება ოქტომბერში და ზაფხულის ბოლოდან აქტიურად დავიწყებ მზადებას შესაბამისი ლუქებისთვის. რაც შეეხება ფიზიკურად მომზადებას, მგონია, რომ ამ მხრივ, განსაკუთრებული ზრუნვა არ დამჭირდება, გამომდინარე იქიდან, რომ კვირაში 3-4 დღე ვვარჯიშობ და კვებასაც ყოველთვის ვაქცევ ყურადღებას.
– შენთვის პირველი საერთაშორისო კონკურსია?
– ეს ჩემთვის მეორე საერთაშორისო კონკურსია. პირველი იანვარში გაიმართა თბილისში – ეს იყო Queen of the years 2024, სადაც საქართველოს სახელით, Queen გავხდი. ამ კონკურსში 23 ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. უზომოდ ბედნიერი ვიყავი, რადგან ჩემი ქვეყანა ვასახელე. ამჯერად სხვა ქვეყანაში მიწევს საქართველოს სახელის გატანა და ეს ორმაგი პასუხისმგებლობაა. მინდა, საკუთარი თავის, ქალბატონი ეკას, ჩემი ოჯახისა და ქვეყნის იმედები გავამართლო.
– როდის დაინტერესდი სამოდელო კარიერით?
– პირველ კურსზე სწავლის პარალელურად, კვირაში ორი დღე „თბილისი მოლში“ ვმუშაობდი კონსულტანტად. სხვათა შორის, ამას რომ ვამბობ, ძალიან უკვირთ ხოლმე. რატომაც არა, მე ყველაფერი ნულიდან დავიწყე და ამით ვამაყობ. მიუხედავად სწავლისა და მუშაობისა, თავისუფალი დრო მრჩებოდა, მე კი ძალიან არ მიყვარს, როცა დაკავებული არ ვარ. მაგალითად, დღეს ისე მოხდა, რომ გადაღებისთვის გარეთ გასვლა არ დამჭირდა. ასეთი დღეები ჩემს ცხოვრებაში დიდ იშვიათობას წარმოადგენს და სიმართლე გითხრათ, არც მიყვარს. მირჩევნია, დატვირთული ვიყო. როცა არაფერს ვაკეთებ, თავს უსარგებლოდ ვგრძნობ. ვერ ვისვენებ, არ შემიძლია. მინდა, სულ რაღაც საქმით ვიყო დაკავებული. ვამბობ ხოლმე, ძილი ვინ გამოიგონა-მეთქი, ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება იმ დროში, რომელსაც ძილში ვატარებთ. იმ პერიოდში, სრულიად შემთხვევით, სოციალურ ქსელში რეკლამა შემხვდა, ვნახე, რომ ერთ-ერთ სამოდელო სააგენტოში ქასთინგი იმართებოდა. მივედი, მოვეწონე და ამიყვანეს. გვასწავლიდნენ პოდიუმზე სიარულს, მეიქაფის გაკეთებას, კამერებთან მუშაობას, გვქონდა ფოტოსესიები და ასე შემდეგ. მალე კონტრაქტიც გავაფორმეთ, მაგრამ დღეს ამ სააგენტოსთან აღარ ვთანამშრომლობ. ახლა უკვე სამოდელო სააგენტო „კარტინის“ მოდელი ვარ.
– „კატრინში“, ეკა მგალობლიშვილთან როგორ აღმოჩნდი?
– მეგობარმა მითხრა, რომ ქალბატონ ეკას უნდოდა ჩემი ნახვა. ძალიან გამიხარდა, მან გაცნობის პირველივე დღეს ისეთი კარგი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე, რომ მაშინვე მომინდა მასთან მუშაობა. მას შემდეგ დედა-შვილივით ვართ. იმდენად თბილი, ყურადღებიანი და მზრუნველია, რომ მეორე დედასავით მყავს.
– ძალიან აქტიური ხარ სარეკლამო გადაღებების მხრივაც.
– სარეკლამო შემოთავაზებები ნელ-ნელა წამოვიდა. სულ ძიებაში ვიყავი – ვნახულობდი ქასთინგმენეჯერებს, ვეძებდი კომპანიებს თანამშრომლობისთვის და ამან შედეგი გამოიღო. ახლა, პირიქით, მათი მხრიდან მოდის დაინტერესება. პირველ ფოტოსესიაზე მივხვდი, რომ ეს ის საქმეა, რომლის კეთებაც ძალიან მსიამოვნებს. მე გადაღებების პროცესს მუშაობას არ ვეძახი. ეს ჩემთვის საყვარელი საქმეა. მიხარია, რომ ჩემი თავი ამ საქმეში აღმოვაჩინე. ახლა სხვადასხვა კომპანიები მთავაზობენ თანამშრომლობას, ბევრი კონტაქტები მაქვს, მეგობრებიც მიწევენ რეკომენდაციებს და ვისაც ჩემთან ერთხელ მაინც უთანამშრომლია, გამორიცხულია, მეორედ არ დამიკავშირდეს ან კარგი რეკომენდაცია არ გამიწიოს სხვასთან. არ ვწუწუნებ, არ ვიღლები და საერთოდ, როგორც მეუბნებიან, ძალიან უპრობლემო ვარ. შეიძლება, 24 საათი ისე ვიმუშაო, რომ არ დავიწუწუნო. ერთხელ მართლა ვიმუშავე ამდენი საათი, უკვე ძალიან ცუდად ვიყავი, მაგრამ ვერ ვთქვი, ბოლომდე მივიყვანე საქმე. ძალიან ვამაყობდი საკუთარი თავით, რომ ეს შემიძლია.
– გამორჩეული გარეგნობა გაქვს. ვიზუალს ბავშვობიდანვე აქცევდი ყურადღებას? გიყვარდა გაპრანჭვა?
– არა, ბიჭივით ვიზრდებოდი (იცინის). მამას ძალიან უნდოდა, ბიჭი ჰყოლოდა და მესამე ძმა გვყავს კიდეც, მაგრამ მანამდე მე და ჩემს დას გვზრდიდა ნამდვილი ბიჭებივით. სპორტულები მეცვა, თმა მოკლედ მქონდა შეჭრილი და ასე შემდეგ (იცინის). სხვათა შორის, ძალიან ჯიუტი ბავშვი ვიყავი. სკოლაში სიარული რომ დავიწყე, რამდენიმე თვე დედა გვერდით მეჯდა. მარტო არ ვჩერდებოდი. ახლა იცინის ხოლმე, მაშინ ჩემ გარეშე ვერ ჩერდებოდი, ახლა გადაღებებზე ხან რომელ ქვეყანაში ხარ, ხან რომელშიო (იცინის).
– როდის შეიცვალე?
– დაახლოებით, მეათე კლასში. საჯარო სკოლაში გადმოვედი. კერძო სკოლაში ბიჭებთან ვმეგობრობდი და მათი სტილი მქონდა, საჯაროში ბევრი რამ უკვე სხვა თვალით დავინახე და შევიცვალე. მანამდე ძალიან ჩაკეტილიც ვიყავი, კომუნიკაცია არავისთან მინდოდა. ახლა პირიქით ვარ. გარეგნულადაც ძალიან შევიცვალე და სტილითაც.
– მამა ბიჭივით მზრდიდაო და როგორ შეეგუა, რომ მოდელი გახდი?
– დღემდე ვერ ეგუება (იცინის). თუმცა, იმდენად ჯიუტი ვარ, მიზანს ყოველთვის ვაღწევ. კარგ მიზნებს, რა თქმა უნდა. მამას უჭირს, მაგრამ ნელ-ნელა ვაჩვევ. არა მარტო მამა, დედაც წინააღმდეგი იყო. ამ თემაზე სულ კონფლიქტი გვაქვს, მაგრამ ჩემსას მაინც მივაღწიე. მშობლებს უნდოდათ, სხვა პროფესიას გავყოლოდი. „ილიაუნში“ ტურიზმის მიმართულებით დავასრულე სწავლა, მაგრამ მივხვდი, რომ მხოლოდ დიპლომისთვის ვსწავლობდი, ეს არ იყო ჩემი საქმე, რომელსაც სიყვარულით გავაკეთებდი. სამოდელო სფეროში ძალიან კომფორტულად და ბედნიერად ვგრძნობ თავს და იმედია, მშობლებიც სწორად გამიგებენ.
როგორც გითხარით, სტუდენტობის პარალელურად, „თბილისი მოლში“ ვმუშაობდი ერთი წლის განმავლობაში. მერე უკვე აღარ მომწონდა არსებული სიტუაცია. დღე არ გავიდოდა, რომ არ ეთქვათ, შენ აქ რატომ მუშაობ, მოდელი უნდა იყო, სააგენტოებს სად აქვთ თვალებიო. ამას რომ ყოველდღე ვისმენდი, ჭკუაში ჩამიჯდა და გადავწყვიტე, სააგენტოსთვის მიმემართა.
ახლა სხვა სამსახურზე არ ვფიქრობ. გადაღებები ყოველდღე მაქვს და მათზე უარის თქმას არ ვაპირებ. ერთი ბიჭისგან მქონდა სახალისო შემოთავაზება – მითხრა, რა თანხა დამიჯდება, რომ შენ ამ ყველაფერს თავი დაანებოო. სიცილით მოვკვდი, საყვარელი საქმის სანაცვლოდ რომ ფულს გთავაზობენ, ხომ წარმოგიდგენიათ? (იცინის) ალბათ, ასეთი შემოთავაზებების გამოა, რომ შეყვარებული არ მყავს. მირჩევნია, კარიერას მივხედო.
– ალბათ, თაყვანისმცემლების ნაკლებობას არასდროს განიცდიდი.
– ადრე უფრო ძმაკაცები მყავდა. ახლა აღარ უნდათ ჩემთან ძმაკაცობა (იცინის) და მათი მოგერიება მიწევს. ალბათ, ჯერ ჩემს ცხოვრებაში ჩემი ადამიანი არ გამოჩენილა, ასე რომ, ჩემი გული თავისუფალია (იცინის).
– მსგავსი სახალისო ამბები სხვაც ყოფილა?
– ტრეკიც მოუძღვნიათ (იცინის). ძირითადად, მეუბნებიან, ოღონდ ამ პროფესიას თავი დაანებეო…. ოღონდ ცუდს რას ვაკეთებ, ვერ ვხვდები.
– რა პრობლემა აქვთ მოდელობასთან ოცდამეერთე საუკუნეში?
– ზოგს მოძველებული შეხედულებები აქვს. არადა, რომ გამიცნობენ, ხედავენ, რომ სულ სხვა ადამიანი ვარ. მეუბნებიან ხოლმე, შენ მოდელი რატომ ხარ, სულ სხვანაირი ხარო. ვერ ვხვდები, როგორი უნდა იყოს მოდელი, ცუდთან რატომ აკავშირებენ, არ ვიცი. უფრო ჩემი ფოტოებიდან გამომდინარე, ცოტა თამამი ვგონივარ ხოლმე. ის კი არა, რომ გამიცნონ და გაიგონ, როგორი ვარ, ფოტოებით აკეთებენ დასკვნებს, მაგრამ ეს უბრალოდ, სარეკლამო ფოტოებია და თან, თამამი ფოტოებიც იშვიათად მაქვს.
– როგორი ბიჭები მოგწონს?
– უბრალო, გულწრფელი, თავმდაბალი, კეთილი და საყვარელი.
– შენ როგორ გახასიათებენ?
– თავიდან ჰგონიათ, რომ ძალიან „სწერვა“ გოგო ვარ, თითქოს ყველას ზემოდან ვუყურებ. არადა, ასეთი საერთოდ არ ვარ. როცა გამიცნობენ, მერე ხვდებიან, რომ უბრალო და უშუალო ვარ. თუმცა ყველასთან არა (იცინის).
– სახლში როგორი ხარ, რისი კეთება გიყვარს?
– მაგალითად, დღეს რადგან ცოტა თავისუფალი დრო მქონდა, სახლის დალაგება დავიწყე, დედას ვეხმარებოდი. ადრე ავდექი, მთელი სახლი დავალაგე, ბაზარში წავედი, პროდუქტი მოვიტანე, საჭმელი გავაკეთე და ხვალინდელი გადაღებისთვის ლუქი გავამზადე. „ინსტაგრამზე“ მხოლოდ ლამაზი ფოტოები ჩანს და ბევრს ვერ წარმოუდგენია, თუ მე სახლის დალაგება ან საჭმელების მომზადება ვიცი. ბევრს ისიც ვერ წარმოუდგენია, რომ ეკლესიაში დავდივარ და წირვა-ლოცვას ვესწრები, არადა მოძღვარიც მყავს და მისი დამსახურებაა, რომ სწორ გზაზე ვდგავარ. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.