როგორ აღნიშნავს ხოლმე მომღერალი ნინი გველესიანი დაბადების დღეს, ვინ შეაყვარა მას საკუთარი დღესასწაული და რატომ „ატერორებდა“ ბავშვობაში მეგობრებს, ამაზე თავად მოგვიყვება.
ნინი გველესიანი: ჩემი დაბადების დღის მოყვარული არასდროს ვყოფილვარ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ასე იყო. ხალხი რომ მთელი წელიწადი ემზადება თავის დაბადების დღის აღსანიშნად, ეს გრძნობა ჩემთვის უცხო იყო. ყველაზე ნაკლებად ამის მოლოდინი მქონდა ხოლმე.
ბოლო რამდენიმე წელია, ცოტა შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება. უფრო ემოციურად აღვიქვამ ამ დღეს და შესაბამისად, მოლოდინიც უფრო სასიამოვნოა. მგონი, ასაკი რომ მემატება, მიხარია და მითხარით, რა არის ამაში გასახარი?! (იცინის). როგორც წესი, პირიქით ხდება, მაგრამ რა ვქნა, მე ახლა უფრო ვიღებ სიამოვნებას ჩემი დაბადების დღისგან, ვიდრე ბავშვობაში. განსაკუთრებით მოლოცვების მიღება მიყვარს.
დაოჯახების შემდეგ, ჩემი მეუღლის დამსახურებით, კიდევ უფრო შემეცვალა ამ დღისადმი დამოკიდებულება. ამ მხრივ, ის ჩემგან ძალიან განსხვავდება. ძალიან უყვარს თავისი დაბადების დღე და მგონი, მეც შემაყვარა ჩემი (იცინის). ცდილობს, რომ ამ დღეს მაქსიმალური სიამოვნება მივიღო.
– წელს პირველად შეხვდი დაოჯახებულის სტატუსით დაბადების დღეს. როგორი იყო?
– ძირითადად, სულ ვმუშაობთ, ძალიან დატვირთული რეჟიმით, ამ დღესაც ძალიან დაღლილები ვიყავით, მაგრამ მეუღლემ სახლში მოულოდნელი სიურპრიზი დამახვედრა. ღამით, სამსახურიდან რომ მივედი, გაშლილ სუფრას ვხედავ და უცებ ოთახიდან მთელი ნათესაობა გამოვიდა ისე, რომ მე წარმოდგენა არაფერზე მქონდა. მერე დავდიოდი სახლში და ხალხს ვეძებდი, ვინმე ხომ არ არის კიდევ დამალული-მეთქი (იცინის). ყველაფერი თვითონ გააკეთა, ნათესავების დახმარებით და ძალიან კარგი სიურპრიზი გამოუვიდა. მეორე დღეს დასასვენებლად წავედით და ეს დღე მარტოებმა აღვნიშნეთ.
– ემოციური ხარ? ასეთი სიურპრიზების დროს ბოლომდე შეგიძლია, განცდები გამოხატო?
– კი, კი. ზოგადად, ემოციების გამოხატვა არასდროს მიჭირს და მით უმეტეს, სიყვარულით გაკეთებულ სიურპრიზს რომ ვხედავ, ელემენტარულიც რომ იყოს, მთავარია, მასში სიყვარული ჩანდეს, ასმაგად ვბედნიერდები და ასმაგადვე ვცდილობ, უკან დავუბრუნო ეს ემოციები.
– რამდენი წლის გახდი და ასაკის მატებასთან დაკავშირებით, მართლა საერთოდ არ გაქვს განცდები?
– სხვათა შორის, არა. 31 წლის გავხდი და პირიქით, როგორც წეღან ვთქვი, ასაკი რომ მემატება მიხარია: ჯერჯერობით არ მაწუხებს განცდები და ფიქრები – „ვაიმე, ვბერდები-მეთქი“ (იცინის). მომწონს, წლების მატებასთან ერთად, ბევრი რამ რომ ლაგდება ჩემს გონებაში, გამოცდილება იზრდება, ვღვინდები და რაღაცებს უფრო მარტივად აღვიქვამ. ასაკის გამო წუწუნი ჯერ არ მახასიათებს (იცინის).
– ბავშვობისდროინდელი დაბადების დღეები როგორი იყო?
– რადგან ივლისში ვარ დაბადებული, ჩემს დაბადების დღეზე ჩემი მეგობრებიდან არავინ იყო ჩემთან ერთად, ყველა გასული იყო ქალაქიდან. ზაფხულის თვეებში მე და ჩემი ძმაც სოფელში ვიყავით გამწესებულები. ბებია და დედა ტრიალებდნენ სახლში, შევყრიდით ხოლმე ბავშვებს, ვინც სოფელში იყო და ასე აღვნიშნავდით. ჩვენი მეზობელი ქალები ჭურჭლებს მჩუქნიდნენ და ამაზე მქონდა სულ გართულება. რად მინდა ჭურჭელი ხუთი წლის ბავშვს-მეთქი (იცინის).
– დაგამშვიდებდნენ, მზითვებში გამოგადგებაო…
– კი, კი და ახლა მატანს ბებიაჩემი ამ ჩემს მზითვებს ყოველ ჩასვლაზე (იცინის). მაშინ ასე იცოდნენ. თან ჩვენს სოფელში, შროშაში, თიხის ჭურჭელს ამზადებენ, ამით არის განთქმული ეს ადგილი და სულ ნაირ-ნაირი დოქები, ყანწები და ფიალები მიწყვია სახლში. მთელ თბილისს ეყოფა, რომ დავურიგო (იცინის).
– დაბადების დღისთვის განსაკუთრებული სურვილები გქონდა?
– სხვათა შორის, მომთხოვნი არასდროს ვყოფილვარ. ისე, ბავშვობაში ცოტა ძნელად აღსაზრდელი ვიყავი. დედა მეუბნება ხოლმე, ძალიან ცელქი და კაპასი იყავიო, მაგრამ ერთადერთი კარგი ის იყო, რომ მოთხოვნები არ მქონდა, დანარჩენს არაფერს ვაკლებდი (იცინის). მე მავნე ვიყავი, ჩემი ძმა – ძალიან მშვიდი. ახლა გავცვალეთ როლები (იცინის).
– აქედან გამომდინარე, გასახსენებელი ბევრი გექნება.
– კი, ძალიან ბევრი ისტორია მაქვს იმის შესახებ, თუ როგორ ვაწვალებდი და ვატირებდი ჩემს ძმას და როგორ ვიღებდი ამით სიამოვნებას (იცინის). მარტო ჩემს ძმას არა, სხვა ბავშვებსაც ვატირებდი, თამაშისას წიწაკებს ვაჭმევდი, სოფლის სტადიონზე კონცერტებს ვმართავდი და ხალხს უფულოდ არ ვუშვებდი (იცინის). ძალიან მრავალფეროვანი ბავშვობა მქონდა (იცინის). საშინელი ტირილი ვიცოდი და მე რომ ტირილს დავიწყებდი, ჩემი მეგობარი ბავშვები გარბოდნენ ხოლმე, ნინო ტირის, გადაბჟირდა, გვიშველეთო. მე ხშირ შემთხვევაში ამას სპეციალურად ვაკეთებდი – მომწონდა, როცა ვხედავდი, შუა ქუჩაში გიჟებივით რომ გარბოდნენ, გვიშველეთ, ნინო გადაბჟირდაო (იცინის).
– რა ასაკიდან შეიცვალე?
– ჩემი დაჭკვიანება მეოთხე კლასიდან დაიწყო (იცინის). მარტო ქცევების არა, სწავლის მხრივაც. პირველი ორი წელი საშინლად ვსწავლობდი, ოროსანი ვიყავი. დედაჩემი ოქროსმედალოსანია და ქალი დრამებში იყო, უნიჭო შვილი რომ ჰყავდა (იცინის). მერე შევიცვალე, დავმშვიდდი, წიგნებთან დიდ დროს ვატარებდი და სკოლა წარმატებით დავამთავრე. მერე ისეთი მშვიდი გავხდი, მეხვეწებოდნენ: შვილო, ცოტა გააქტიურდიო. დედაჩემი ახლაც მეუბნება, ნეტავ ისევ ისეთი იყო, როგორიც ბავშვობაში იყავიო.
– ყველაზე განსაკუთრებულად რომელი დაბადების დღე გახსენდება?
– როდესაც ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი. პირველ წელიწადს, ჩემს დაბადების დღეზე, ძალიან გამაბედნიერა. ყველაფერი ისე მომიწყო, რომ ძალიან მომეწონა.
– ჭურჭლისა და ყანწების გარდა, განსაკუთრებული საჩუქარი რა მიგიღია?
– ერთი პერიოდი, შეყვარებულობის დროს, დაშორებულები ვიყავით და საერთოდ რომ არ ველოდი მისგან დაბადების დღის მოლოცვას, ღამის 12 საათზე დამადგა, ჩვენს მეგობრებთან ერთად, ფეიერვერკებითა და ბუშტებით. ეგ იყო ჩვენი შერიგების საწინდარი და ძალიან კარგად დამამახსოვრდა (იცინის).