“სუსტი კაცები თავის კომპლექსებში თავადაც იხრჩობოდნენ და მეც მახრჩობდნენ”

ფიტნესინსტრუქტორი, მსახიობი, ულამაზესი და ნიჭიერი ნინი ონიანის 35-წლიანი განვლილი გზა, ნამდვილად არ ყოფილა იოლი. მას უამრავი ტკივილის ატანა მოუწია, თუმცა ამით დიდი გამოცდილება მიიღო და იმ არასწორად გადადგმულ ნაბიჯებსაც არ ნანობს, რამაც დიდი ტკივილი მიაყენა. ეს ყველაფერი წარსულში დატოვა, ახალი ცხოვრება დაიწყო და დღეს, როგორც თავად ამბობს, მშვიდი და გაწონასწორებულია.

ნინი ონიანი: მეოცნებე ბავშვი ვიყავი. ძალიან მინდოდა, ბალერინა ვყოფილიყავი, ვოცნებობდი პუანტებზე და „პაჩკა“ კაბებზე. მესიზმრებოდა, მელანდებოდა, მაგრამ ეს ოცნება არ ამიხდა. ყველაფერზე მატარეს ბალეტის გარდა.

– ნინი, რამდენად ადვილად მოდის შენს ცხოვრებაში წარმატება?

– ზოგადად, ჩემს ცხოვრებაში მარტივად არც წარმატება მოსულა და არც არაფერი. თუ რამეს წარმოვადგენ და თუ რამე გამაჩნია, ყველაფერს მარტომ მივაღწიე, მხოლოდ ჩემი შრომითა და ტვინით. ჩემი პიროვნება და რაც ჩემ გარშემო ხდება, მხოლოდ ჩემი დამსახურებაა. რომ ამბობენ, სწორ დროს სწორ ადგილას უნდა მოხვდეო, მე მაინც მგონია, ყველაფერი ისე ხდება, როგორც უნდა მოხდეს. როგორც ჩვენ გვინდა, ასე რომ ხდებოდეს ყველაფერი, მგონია, დავიღუპებით (იცინის).

– ანუ, ბედისწერის გჯერა?

– ბედისწერის კი არ მჯერა, მჯერა იმის, რომ როგორც უნდა მოხდეს, ისე ხდება ყველაფერი. ვინც გხვდება, ის უნდა შეგხვდეს, ვინც არ გხვდება, ის არ უნდა შეგხვდეს და ასე შემდეგ. სამყაროს დროის ზუსტი გათვლა აქვს ყველაფერში. დედამიწაზე რა გამოცდილებაც არის, ადამიანი იმას ვერ ასცდება. ამ გამოცდილებისთვის მოვედით და ამ გამოცდილებას გავდივართ დედამიწაზე. ხოლო, რომელ გზას აირჩევ, ეს შენი გადასაწყვეტია, არჩევანი ყოველთვის გაქვს და გზაც ბევრია.

– გამოცდილება ახსენე და რა მოგცა განვლილი გზის გამოცდილებამ?

– განვლილი გზის გამოცდილებამ ყველაფერი მომცა, რაც დღეს მაქვს. ბევრი ტკივილი მომაყენა. ოცდაათ წლამდე რთული, მძიმე და ტკივილიანი გზის გავლა მომიწია. ბოლო ხუთი წელია, ბალანსის „მუღამი“ დავიჭირე და ყველაფერი შედარებით წყნარად და მშვიდადაა. კიდევ ვამბობ, არასწორი ნაბიჯებითა და ტრავმებით სავსე ცხოვრება გამოვიარე. ამას ძალიან კარგად ვაცნობიერებ. მაგრამ, ძალიანაც კარგი, რომ ასე იყო, გამოცდილებაც მივიღე და სხვა თვალითაც შევხედე მოვლენებს. იმ მომენტში რთული იყო, მაგრამ რომ არ ყოფილიყო, ვერ ჩამოვყალიბდებოდი.

– როგორ უმკლავდებოდი ტრავმებს, წინაღობებსა და ბარიერებს და რა იყო შენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ტრავმა?

– მეგონა, ტრავმებს ვუმკლავდებოდი, მაგრამ არა. მათ, უბრალოდ, ვაგროვებდი. ერთზე მეორეს ვამატებდი – ჩვეულებრივი ტრავმების შემგროვებელი ვიყავი. ვერ ვაცნობიერებდი ჩემი აქ არსებობის აზრს. სხვა რაღაც მეგონა და სულ სხვა აღმოჩნდა. ეს იქამდე, სანამ ისეთი ტრავმა არ მივიღე, რომელმაც სხვა გზა არ დამიტოვა და მაიძულა, გამოვცხადებულიყავი. ყველაფერი ისე დავინახე, როგორც სინამდვილეში იყო, მივიღე რეალობა. შესაბამისად, რამდენიმე წელი ვიმუშავე საკუთარ თავზე, ძალიან რთული პროცესი გავიარე და მივაღწიე იმას, რომ დღეს გაწონასწორებული, მშვიდი და დაბალანსებული ადამიანი ვარ. იშვიათად, რომ წყობიდან გამოვიდე.

– როგორც მივხვდი, ტრავმა პირად ურთიერთობას უკავშირდებოდა. მხოლოდ შენს თავთან მუშაობამ დაგანახა რეალობა თუ დაგჭირდა შესაბამისი სპეციალისტის დახმარება?

– რასაკვირველია, დავდიოდი ნევროპათოლოგებთან და ფსიქოთერაპიასაც ვიტარებდი. მედიტაციებმაც მიშველა ძალიან და წლებია, დღემდე ვაკეთებ. ამის გარეშე ვერ წარმომიდგენია ცხოვრება. და, რასაკვირველია, ვარჯიში დარბაზში. ეს რომ არ იყოს ჩემი ყოველდღიურობა, ალბათ, სრულ ჭკუაზე არ ვიქნებოდი (იცინის). ჩემთვის ვარჯიში ანტიდეპრესანტია და არა მარტო ჩემზე, ყველაზე კარგად მოქმედებს.

– რა ასაკიდან დაიწყე ვარჯიში?

– ვარჯიში, ადრეული ასაკიდან დავიწყე, რადგან სპორტსმენი ვიყავი, თხილამურზე ვსრიალებდი, სპორტსკოლაში დავდიოდი. 7-8 წლის ასაკიდან მკაცრი ვარჯიშების გაკეთება მიწევდა. ასე რომ, ბავშვობიდან დაინტერესებული ვიყავი ფიზიკური აქტივობით. მერე, ცოტა ხანი წყვეტა მქონდა, მერე იოგა ვცადე, მერე – პილატესი. მთელი ცხოვრება კი ვვარჯიშობ, მაგრამ ფიტნესი აქტიურად ხუთი წლის წინ დავიწყე.

– ნინი, შენს პირად ცხოვრებაში თუ არის მამაკაცი, რომელიც შენზე ზრუნავს, გიყვარს და უყვარხარ?

– ჩემს პირად ცხოვრებაში არავინაა, მშვიდი პერიოდია. გაგრძელდა, მაგრამ კარგია. თუმცა, მგონი, ცოტა მომბეზრდა მარტოობა. რომ ამბობენ, საყვარელი მამაკაცი ქალისთვის სტიმულიაო, არასწორია. მთავარია, საკუთარ თავთან იყო ჰარმონიაში, პატივს სცემდე საკუთარ თავს და გიყვარდეს. ეს თუ არ არის, ათი მამაკაცი რომ გყავდეს გვერდით, ვერაფერს გახდები. საკუთარ თავთან ჰარმონიის გარეშე კაცი კი არა, ღმერთი რომ ჩამოვიდეს, ის ვერ გიშველის. ჩემმა გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ წარმატების მიღწევაში საკუთარი თავის გარდა ვერავინ დაგეხმარება. ვერავის იმედზე ვერ იქნები და არც უნდა იყო.

– ცნობადი, ლამაზი და შემდგარი ქალი ხარ. როგორ ფიქრობ, რატომ ვერ აწყობ პირად ურთიერთობებს და რატომ ირჩევ ისეთ მამაკაცებს, რომლებსაც დეპრესიამდე მიჰყავხარ?

– საქართველოში მამაკაცები ძალიან დაბალი თვითშეფასებითა და კომპლექსებით არიან. თავდაჯერებული, ლამაზი, საქმიანი და შემდგარი ქალი თუ გინდა გვერდით, შენც სხვანაირი უნდა იყო, ძლიერი და არა სუსტი. მე ჩემი ტრავმებიდან გამომდინარე, რაღაც-რაღაცები არ მქონდა გაცნობიერებული, სხვანაირად მეგონა და ალბათ, ამის გამო, სუსტ კაცებს ვიზიდავდი. რომ გადავხედე ჩემს განვლილ გზას და დავფიქრდი, მივხვდი: სუსტი კაცები, თავის კომპლექსებში თავადაც იხრჩობოდნენ და მეც მახრჩობდნენ. ჩემში იყო პრობლემა. თუ არ მოუშვებ შენამდე ტოქსიკურ ადამიანს, არც დეპრესიამდე მიხვალ. თვალი უნდა გაახილო ადამიანმა. მე კი ბრმა ვიყავი. ახლა ამეხილა თვალები, მამაკაცებს დურბინდით ვარჩევ და ამიტომაც დავდივარ მარტო (იცინის).