ციცი ფალავანდიშვილი ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას, როგორია მისი საოცნებო ქვეყანა, ასე პასუხობს:
„მინდა, ყველა მშობელს შვილი ჯანმრთელი და ბედნიერი ჰყავდეს. მინდა, ყველა დედა ღიმილიან შვილს ხედავდეს – ეს ნამდვილად საოცნებოა.
ძალიან მინდა, ყველანი იყვნენ განათლებულები და იცავდნენ ეთიკის ნორმებს. განათლების მინისტრი რომ ვიყო, ეთიკას სასწავლო საგნებს შორის დავამატებდი. უზრდელებად და ზრდილობიანებად არ ვყოფ ადამიანებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბავშვმა თავიდანვე უნდა იცოდეს უფროსისა და უმცროსის პატივისცემა. უფლებები ყველას აქვს, მაგრამ მხოლოდ საკუთარზე არ უნდა იფიქრო. როცა მხოლოდ შენი თავი გახსოვს და სხვის უფლებებს პატივს არ სცემ, ეს ძალიან ცუდია. ჩემი გადმოსახედიდან ასეა.
გარდა ამისა, ცოტა მაღიზიანებს ყველაფრით უკმაყოფილო ადამიანი, ამქვეყნად რომ არაფერი მოსწონს. მეცინება, მაგრამ მე ყველაფერი მომწონს. არ სჯობია მოგვწონდეს და გავიხაროთ?! ადამიანი რომ გამარჯობას მეტყვის, მე უკვე ბედნიერი ვარ.
მამაჩემი ფიზიკურად ძალიან დიდი კაცი იყო. მას ძალიან ჰგავს გიგი, იმდენად, რომ ხანდახან რომ ვუყურებ, ცოტა მეშინია კიდეც. მამას 2-3 წლის ბავშვიც რომ შეხვედროდა, ქუდს მოიხდიდა და მოიკითხავდა – როგორ ბრძანდებით, ჩემო ბატონო?! ამას ისე აკეთებდა, რომ ბავშვები გადიდებული თვალებით უყურებდნენ. მამა იტყოდა ხოლმე, ბავშვმა ბავშვობაში თუ არ ისწავლა, ის ვეღარასდროს ისწავლისო.
ეს ყველაფერი ოჯახიდან მოდის. სახელმწიფოც ოჯახია და მას ყველა უნდა გავუფრთხილდეთ. როცა მშობელი შვილს ასწავლის, რომ სხვისი სიხარული უნდა გაუხარდეს, რომ სხვას გვერდში უნდა დაუდგეს და არ იფიქროს, „ის რომ კარგად არის, მე რატომ არ ვარ კარგად?!“. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ბავშვს ეს ჩაუნერგო. შეჯიბრებით მხოლოდ საკუთარ თავს უნდა შევეჯიბროთ, რომ უკეთესები გავხდეთ და თუ შვილებისთვის რამის სწავლება გვინდა, ეს სიტყვიერად კი არა, საკუთარი ქმედებით უნდა ვაჩვენოთ. როგორ ისწავლის შვილი იმას, რასაც შენ არ აკეთებ?! დედობა ყველაზე რთული პროფესიაა, არადა, ყველაფერი ამაზეა დაფუძნებული. ამაზეა აგებული ადამიანობა და ამაზე ნამდვილად ვოცნებობ, ეს ნამდვილად არის ჩემთვის ბედნიერება.
ოცნებებსა და ბედნიერებას თუ შევეხებით, კიდევ ერთს ვიტყვი, მე ბედნიერი ვიყავი მაშინ, სანამ მშობლები ცოცხლები მყავდნენ. მათი დამსახურებით, ჩემი „პატარაობა“ 45 წლამდე გაგრძელდა. როცა შვილი ხარ, ისეთი ბედნიერებაა, რომელსაც ვერც აღწერ“.