ციცინო ზივზვაძეს, ალბათ, ყველა იცნობთ. ის სვეტიცხოვლის გიდია, რომელიც საკუთარი ქარიზმით, უცხო ენებზე აქცენტით საუბრით და განსაკუთრებული პატრიოტული სულისკვეთებით ყველას ყურადღებას იპყრობს და მცხეთის სტუმრებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს უქმნის.
ციცინო ზივზივაძე: ჩემი ცხოვრება სვეტიცხოველს დიდი ხნის წინ დაუკავშირდა. მცხეთის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში უფროს მეცნიერ-მუშაკად მუშაობა ძალიან ახალგაზრდამ დავიწყე და ამ თანამდებობაზე ბევრი წელი გავატარე. მუზეუმში შტატების გაუქმების შემდეგ კი გიდად დავიწყე მუშაობა და უკვე თორმეტი წელია, ამ საქმეს ვაკეთებ.
პროფესიით ისტორიკოსი ვარ, ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დავამთავრე და მთელი ცხოვრება მცხეთას მივუძღვენი.
50 წელია, სვეტიცხოველში ვარ. რომ არ დაგიმალოთ, ცოტა გადავიღალე კიდეც. 69 წლის ვარ და სიბერე თავისას აკეთებს. ძველებური ენერგია არ გაქვს.
– თავიდანვე იქცევდა ყურადღებას თქვენი, როგორც გიდის, განსაკუთრებული ქარიზმა?
– კი, თავიდანვე მოსწონდათ ჩემი საუბარი. ყოველთვის მოწესრიგებული ვიყავი და ვცდილობდი, ჩემი ქვეყნის ისტორია პატრიოტული სულისკვეთებით გადამეცა ვიზიტორებისთვის. მე ასეთი ვარ, ამ საქმისთვის არ შევცვლილვარ. ვცდილობ, ყოველთვის ენერგიულად გადმოვცე ჩვენი ისტორია, რომ ჩვენი ქვეყნის წარსული ყველას გონებაში კარგად აღიბეჭდოს. თუმცა, მე ვერ შევაფასებ ჩემს თავს, ეს ხალხმა უნდა გააკეთოს – უცხოელმა ტურისტებმა თუ ქართველებმა, ვისაც ამ ინფორმაციას გადავცემ.
– როგორც ვიცი, არაჩვეულებრივი შეფასებები გაქვთ. უცხოელები მსოფლიო დონის და ყველაზე ქარიზმატულ გიდს გიწოდებენ.
– ჩემი თავის ქებას არ დავიწყებ, მაგრამ მოსწონთ, მთელი სულითა და გულით რომ ვესაუბრები. კი, ამ სიტყვებს მიწოდებენ ხოლმე, ისე მაქებენ, რომ მრცხვენია კიდეც. საოცარი, საკვირველი და ასე შემდეგ, რა სიტყვებით აღარ მამკობენ.
– რამდენად აქტიური ხართ სოციალურ ქსელში და თქვენთან დაკავშირებულ კომენტარებს თუ ადევნებთ თვალს?
– საერთოდ არ ვარ აქტიური. „ფეისბუქზე“ მაქვს ჩემი გვერდი, მაგრამ არც შევდივარ. ხანდახან ბავშვებს ვეტყვი ხოლმე, თუ ვინმე ჩემს საქმესთან დაკავშირებით მომწერს, ანუ გიდი თუ სჭირდებათ, უპასუხეთ-მეთქი. მე უბრალო ტელეფონი მაქვს, თუ ვინმე მირეკავს, ვპასუხობ, მეტი შეხება არც ტელეფონთან მაქვს და არც სოციალურ ქსელებთან. შეიძლება, ცუდია, მაგრამ ასეა. ზოგი მეუბნება, გწერთ, გაქებთ, მაგრამ არ გვპასუხობო. რა ვქნა, ბავშვებიც დაკავებული არიან და ყოველთვის არც მათ სცალიათ. თუ ვინმე მლანძღავს, მისთვის პასუხის გაცემა არც არის საჭირო და თუ ვინმე მაქებს ან რამეს მილოცავს, შეძლებისდაგვარად პასუხობენ.
– მხოლოდ საქართველოში კი არა, უცხოელ ტურისტებშიც გაითქვით სახელი. ვიცი, რომ ბევრი უცხოელი მოდის და ითხოვს, თქვენ იყოთ მისი გიდი.
– მართალია. გინდ – რუსულენოვნები და გინდაც – ინგლისურენოვნები. მე არსად მისწავლია ინგლისური ენა, ეს სვეტიცხოველში, ტურისტებთან ურთიერთობაში ვისწავლე. არც რუსული ვიცი კარგად, ქართული აქცენტით ვსაუბრობ. თავიდანვე ვეუბნები ხოლმე, კარგად არ ვიცი ენა-მეთქი, მაგრამ მპასუხობენ, მოგვწონს თქვენი აქცენტი და გვინდა, თქვენ მოგვითხროთ აქაურობის ისტორიაო. ქართველებსაც რომ მოჰყვათ ინგლისურენოვანი ტურისტები, მომძებნიან ხოლმე და მთხოვენ, მე ვიყო მათი გიდი. არ ვიცი, ალბათ, ინტერნეტსივრციდან მიცნობენ.
მე გრამატიკულად რუსული და ინგლისური კი არა, ქართული არ ვიცი უშეცდომოდ და ძალიან დახვეწილად. საერთოდ, მე ენების სწავლაში უნიჭო ვარ. მიჭირს მისი სრულყოფილად დაუფლება.
ხალხს ჰგონია, რომ ნიჭიერი ვარ, რადგან თვითონ ვისწავლე რუსული და ინგლისური, მაგრამ ალბათ, პატრიოტი რომ ვარ, ღმერთმა ქარიზმა მომცა, რაც ამ საქმეს სჭირდება, ყველაფერი მისი ნებით ხდება, თორემ რა განსაკუთრებული გიდი მე ვარ? როცა შენი ქვეყანა გიყვარს, ღმერთის მადლი დაგყვება და გეხმარება. ვცდილობ, ყველას მისი ინტერესის, ეროვნების, რელიგიისა და კულტურის მიხედვით ვესაუბრო და მივაწოდო ინფორმაცია. ვიცი, ვისთან საიდან უნდა დავიწყო საუბარი, ვისთან რაზე უნდა გავაკეთო აქცენტი. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ქრონოლოგიას. ყველაფერი ღმერთის ნებითაა და ალბათ, მე ასე საუბრის ქარიზმა დამაყოლა. მეუბნებიან ხოლმე, ერთი სპექტაკლია თქვენი გადმოცემის უნარიო, არ ვიცი, მე ეს არ მისწავლია, ბუნებრივად იღებს ჩემი საუბარი ამ ფორმას. ეს თავიდანვე ასე იყო.
– ალბათ, ყველა გცნობთ.
– კი, მართლა ასეა. ქართველები თუ უცხოელები ამბობენ – ეს ისააო და მესალმებიან, მეხვევიან, ფოტოებს მიღებენ, თბილი და საამაყო სიტყვებით მამკობენ, მაგრამ ამას ვერ გავიმეორებ.
– სხვა გიდები კონკურენტებად არ მიგიჩნევენ?
– ვინც თბილისიდან მოდის და დიდი ჯგუფები მოჰყავს, ყველას კარგი დამოკიდებულება აქვს ჩემ მიმართ. ყველა დიდი სიყვარულით მომიკითხავს ხოლმე, მაგრამ ორი ადგილობრივი გიდია, რომელსაც არ მოსწონთ ჩემი ცნობადობა. არ უხარიათ, მე რომ მცნობენ და მათ არა. ცდილობენ, ცილი დამწამონ და არასწორად იქცევიან. არ მინდა, ბატონო, ისინი იყვნენ ცნობილები, მე არ მაქვს ამის მოთხოვნილება.
– პროფესიით ისტორიკოსი ხართ, მაგრამ ლიტერატურაც ძალიან გიყვართ…
– არ შეიძლება, ისტორიკოსს ლიტერატურა არ გიყვარდეს. „ვეფხისტყაოსნის“ აფორმიზმები ზეპირად ვიცი, ასჯერ მაინც მაქვს წაკითხული. სულ მინდა, ვიკითხო, მაგრამ ახლა თვალები აღარ მაძლევს საშუალებას. ძალიან მიყვარს გამსახურდია, კლასიკოსები. ბიბლია ბავშვობიდან ჩვენი სამაგიდო წიგნი იყო და ძველი და ახალი აღთქმა ზეპირად ვიცი.
– ჩაცმის სტილითაც ყველას ამახსოვრებთ თავს. გიყვართ, როცა გამორჩეულად გამოიყურებით?
– საერთოდ, გიდი საქართველოს სახეა და თუ ძვირფასი არ ეცმევა, მოწესრიგებული უნდა იყოს. ის ჩვენი ქვეყნის კულტურას განასახიერებს. ხშირად მამკობენ ჩაცმულობასთან დაკავშირებით. „ელეგანტო“ – ხშირად მეუბნებიან უცხოელები, ქართველებიც მეუბნებიან კომპლიმენტებს. საერთოდ, მე ყოველთვის ასე გამოვიყურები. მომწონს კლასიკური სტილი და ყოველთვის ასე მაცვია. მუდმივად შავებს ვატარებ. ახალგაზრდობაშიც მკაცრი სტილი მიყვარდა, მაგრამ მთლად ჩაშავებული არ ვიყავი.
– ახლა რატომ ატარებთ სულ შავებს?
– იმის გამო, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირს, შავებში ჩაცმული დავდივარ. სასიხარულო არაფერია. როგორც წინასწარმეტყველი დადიოდა ისე ჩაცმული, როგორ მდგომარეობაშიც ქვეყანა იყო, მეც ასე ვიქცევი.
– როგორც ვიცი, ჩვენი ქვეყნის ისტორიის უმძიმესი მოვლენების უშუალო მონაწილე ხართ. 9 აპრილის მოვლენების დროს ძალიან ბევრი გადაგიტანიათ…
– ჩვენ ყოველდღე დავდიოდით რუსთაველზე ამ მოვლენების დროს, ღამეებს იქ ვათენებდით. მამა აღარ მყავდა ცოცხალი, მაგრამ დედამ გვითხრა, საქართველოს უჭირს და თქვენც იქ უნდა იდგეთო. მე და ჩემი და სულ იქ ვიდექით. ოთხი დედმამიშვილი ვიყავით და ოთხივე იქ ვიდექით, სადაც ქვეყანას სჭირდებოდა, მაგრამ დედას წნევა ჰქონდა და მონაცვლეობით ერთ-ერთი სახლში ვრჩებოდით ხოლმე, რომ უყურადღებოდ არ დაგვეტოვებინა, ანუ, სამი მუდმივად იქ ვიყავით. მოვიდოდით სახლში, მოვწესრიგდებოდით, შეჭამდით და დავბრუნდებოდით, ღამეებს ვათენებდით იქ. მე საავადმყოფოშიც მოვხვდი, დამჭრეს – რუსი სამხედრო დუბინკებს მირტყამდა. მეგონა, ჩემი და მოკლეს, მას მე არ ვეგონე ცოცხალი, დავცილდით ერთმანეთს. მერე ჩემს დას ჩემი მოსასხამი ბეწვი უნახავს და სახლში მოუტანია, ალბათ, ციცო მკვდარიაო. ის რუსმა სამხედრომ გამოიყვანა ხროვიდან, სადაც ზოგი დაჭრილი იყო, ზოგი ნაცემი. რუსმა სამხედრომ მომასულიერაო, წარმოგიდგენიათ? ზოგმა დაჩეხა ხალხი, ზოგმა გადაარჩინა. ფეხზე არ მეცვა, ფეხსაცმელი მომიტანა, ჩამაცვა და მხატვრის სახლში შემიყვანაო, იხსენებდა ჩემი და. მეც მხატვრის სახლში შემიყვანეს, პოლიციელი მიმაფორთხიალებდა, ფეხზე ვერ ვდგებოდი, მაგრამ იქ დები ერთმანეთს ვერ შევხვდით. მე იქიდან საავადმყოფოში წამიყვანეს. თავი მქონდა გადაჩეხილი. ცოცხალი გადავრჩი, მაგრამ ბევრი წელი თავბრუ მეხვეოდა და წონასწორობას ვერ ვინარჩუნებდი, პლუს, მოწამლულიც ვიყავი, ექიმებს გული ერეოდათ, ვერ გაუძლეს ჩვენს შხამებს. მაშინ ჩემი დაც გადარჩა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა იმ შხამით, რომლითაც იქ მოიწამლა. სამკურნალოდ იყო წასული ლენინგრადში, მაგრამ ვერ უშველეს. ასეთი ტრაგედია დატრიალდა, მაგრამ ჩვენ არ გვეშინოდა სიკვდილის საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ეს იყო პატრიოტი ადამიანების განწყობა.
– ახლა ვისთან ერთად ცხოვრობთ და როგორ მოხდა, რომ საკუთარი ოჯახი არ შექმენით?
– ეს ღვთის ნებაა. მე საერო მონაზონი ვარ, ასე ვამბობ. ყველას მოვუწოდებ ოჯახის შექმნისა და გამრავლებისკენ, მაგრამ მე ასე მიკარნახა ზეცამ და ასე ვცხოვრობ. არასდროს მიფიქრია, მონაზვნად აღვკვეცილიყავი, ხელს არაფერი მიშლიდა, დედათა მონასტრიდანაც მომიწოდებდნენ, აღიკვეცე, ამის გარეშეც ხომ ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობო, მაგრამ მე საერო ცხოვრებაში მონაზვნობა ვარჩიე, ეს უფრო რთულია, მე ასე ვფიქრობ. ესეც ღვთის ნებაა. როგორც გითხარით, ერთი და გარდამეცვალა, ძმაც ახალგაზრდა ასაკში დავკარგე, ერთი და მყავს ცოცხალი, მე მასთან და მის შვილებთან ერთად ვცხოვრობ.