“გიამბობთ როგორ ვნახე ზვიადი პირველად, გენიალური სცენაა!” – ლაურა რეხვიაშვილი ზვიად გამსახურდიასთან ურთიერთობაზე გვიყვება

31 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის ჩატარების დღეა. მონაწილეთა 98,08 პროცენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. რეფერენდუმის შედეგად, იმავე წლის 9 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.

ამ დღეს, 1991 წლის 31 მარტს, ზვიად გამსახურდია 52 წლის გახდა. დღეს კი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი – 87 წლის გახდებოდა.

მსახიობი ლაურა რეხვიაშვილი, რომელიც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიერ მოწყობილი გამოსვლების ერთგული მონაწილე იყო, “ზმნასთან” ზვიადთან შეხვედრის ისტორიებს იხსენებს.

ლაურა რეხვიაშვილი: გიამბობთ, როგორ ვნახე ზვიადი პირველად. მე და ჩემი ქმარი ფოსტასთან მივედით, ქუთაისში უნდა დაგვერეკა. სანამ მანქანას დავაყენებდით, გავიხედე და მანქანიდან გადმოხტა ზვიად გამსახურდია. გვერდით ვიღაც ეჯდა.

ერთ ხელში, მეორე ხელში, იღლიაში, ყველგან – საქაღალდეები აქვს ამოჩრილი. მოდის, დაუცვივდა ეს ქაღალდები და ფურცლები მიმოეფანტა.

გენიალური სცენაა. სასტუმრო “ივერიასა” და ფოსტა-ტელეგრაფს შორის, სად იყო და სად არა, კუდიანი ქარი დატრიალდა, ჭადრების ფოთლები დაატრიალა. აიტაცა ქაღალდებიც…

“ვაიმე, დათო, ზვიადია!” – გადავულაპარაკე ქმარს. “წადი, ფოსტაში რიგი დაიკავე, გამოდი და მივეხმაროთ”-მეთქი.

დავიწყე ქაღალდების აკრეფა. დავიხარე, ვკრეფ ქაღალდებს და ასე აკრეფა-აკრეფაში, მე და ზვიადი, სახეებით მივედით ერთმანეთთან. ბღუჯად მიჭირავს ქაღალდები… გამომართვა და ხელზე მაკოცა. წავედი, წავედიო და ფოსტის უკან წავიდა.

მკლავს ინტერესი, მანქანაში ვინ ელოდება. ან რატომ არ გადმოვიდა და არ მიეხმარა ქაღალდების აკრეფაში.  მივედი, ჩავიხედე მანქანაში და აღმოჩნდა, რომ უფეხო მძღოლი ჰყავდა…

ამ სანახაობით შეპყრობილი ვიყავი. დათო ფოსტიდან გამოვიდა და მახსოვს, ველოდეთ ზვიადს, მაგრამ ისე წავედით, ზვიადი არ გამოსულა.

ახლა უკვე ის დრო მოვიდა, ზვიად გამსახურდია რომ აბობოქრდა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა აქტიურ ფაზაშია და თეატრში, მე და ცოტნე ნაკაშიძე ვაკეთებთ პლაკატს წარწერით – “თუმანიშვილის თეატრი თქვენთანაა.”

წავედით, დავდექით გამზირზე, ეროვნული მოძრაობა აზვირთთა. მე ეს პლაკატი ამაყად მიჭირავს. სიკვდილის შიში – რა მოსატანია. როგორები ვდგავართ, იცით? სიკვდილშიც ვერავინ გვაჯობებს!

ტრიბუნაზე არავინ ჩანს, ხალხი ელოდება ზვიადს და მერაბს. მერე ვიღაცამ დაიძახა – მოდის!

გავიხედე და გადებული აქვს პლაკატი და მოუძღვება 31-ე საავიაციო ქარხნის ხალხს.

ჩემს ცხვირწინ ჩაიარა და შემამჩნია. მიცნო, იმ ფოსტასთან გადამხდარი ისტორიიდან. ხელი მომკიდა და წამობრძანდითო, მითხრა და თან წამიყვანა. სიხარულისგან გავგიჟდი. პლაკატის ტარი ვიღაცას მივაჩეჩე, დაიჭირე-მეთქი და წავყევი.

მას შემდეგ მიტინგებზე დავდიოდი.  ვფიქრობდი, ზვიადმა რომ მომიძებნოს და არ ვიყო-მეთქი…? და სადაც დამაყენა, იმ ადგილს არ მოვშორებივარ! სულ იქ ვიდექი. დღე არ გამიცდენია!

9 აპრილს დედა ავად იყო და უჩემოდ არ მოკვდეს-მეთქი და წავედი კახეთში. დედა გადარჩა,  მე სწრაფად უკან გამოვიქეცი, და აქციაზე გვიან მისული, უკანა რიგებში აღმოვჩნდი…

სიკვდილი რომ დაიძრა, ტალღა წამოვიდა და სიკვდილის ტალღამ ყველას რომ უნდა გადაგვიაროს, შედარებით ადვილად ვინ გაიქცეოდა? ვინც უკან ვიდექით. გავიქეცი და თეატრალურ ინსტიტუტში ავირბინე. სასწავლო სცენაზე ავვარდი და ფარდაში გავეხვიე…

რას მივყავდი იქ, ზვიადთან და… თავისუფლების იდეას მივყავდი. იდეას, რომ ამ ჩვენი პატარა ქვეყნით, ცივილიზებულ სამყაროს ორგანულად დავბრუნებოდით. დღესაც ამ იდეის ერთგული ვარ.