ზურა დოიჯაშვილს ისრაელიდან საქართველოში 22 თებერვალს ჩამოასვენებენ. როგორც მომღერლის მეუღლემ, ქეთი ვადაჭკორიამ AMBEBI.GE-ს განუცხადა, რეისი თბილისისკენ სწორედ 22-შია დანიშნული და გარდაცვლილის გადმოსვენება ამ რეისით მოხდება.
დოიჯაშვილების ოჯახის მეგობარი მაია მარხვაშვილი მომღერლის უკანასკნელ დღეებს იხსენებს და როგორც “ფეისბუქზე” გამოქვეყნებულ პოსტში წერს, ზურა ბოლოს უმძიმეს მდგომარეობაში იყო, ფაქტობრივად, საუბარიც აღარ შეეძლო. მარხვაშვილი ასევე წერს, რომ მომღერლის მეუღლემ, ქეთი ვადაჭკორიამ შეუძლებელი შეძლო და ურთულეს მდგომარეობაში მყოფ მეუღლეს, ბოლომდე არ მოშორებია გვერდიდან:
“მერამდენე დღეა ჩაქრა შუქი და შენს სიმღერას ვუცდით… ხელები არ მემორჩილება შენი სამძიმრის დასაწერად, ყველაზე თბილო ბიჭო, როგორ გვატკინე ყველას გული… აწი ქეთის მოვეფერები შენს მაგივრადაც… არასდროს დამავიწყდება შენი და მამუკას ბოლო საუბარი გელასთან, მაშინ ჩამეგლიჯა გული, მამუკამ რომ გკითხა ვერ ლაპარაკობო? მაგ დროს კიდევ იმედის თვალით ვუცქერდი შენს ჯანმრთელობას და არასდროს, არასდროს დამავიწყდება შენი ბოლო სიტყვა – ვერაა… შორიდან ვუცქერდი თქვენს სახეებს და ახლოც ვეღარ მოგეკარეთ მაგ ვერას მერე…
ღმერთო, წერა მაინც ვიცოდე, რამდენ შენგან მონიჭებულ ბედნიერ წუთებს და დღეებს გავიხსენებდი… შეუძლებელი აკეთა ქეთიმ, ვენაცვალე მას! ნათელი გეფინოს მუდამ თბილო და კეთილო, ნიჭიერო ვარსკვლავო” – წერს მაია მარხვაშვილი.