წლების წინ თბილი, ღიმილიანი, სანდომიანი ქალბატონი – დოდოშკა ბევრი ადამიანისთვის საყვარელ ტელესახედ იქცა.
დღეს სწორედ მის შესახებ მოგიყვებით.
დოდოშკა პირადის შესახებ ჟურნალისტებთან თავად საუბრობს.
მისი თქმით, ცხოვრებაში ბევრი თაყვანისმცემელი ჰყვადა თუმცა ქორწინებით არცერთი რომანი არ დასრულებულა.
ახალგაზრდობა
მამაჩემი, ავად რომ გახდა, პირველი, რაზედაც ნერვიულობდა, იყო ის, რომ დოდოშკას რა ეშველება, როგორ წავა ბაზარში, მაღაზიაშიო? მაგრამ, მშვენივრად წავედი ბაზარშიც და ყველგან. ცხოვრება თავში რომ ჩაგარტყამს და გაიძულებს, მშვენივრად წამოდგები.
სანამ არის საშუალება, რომ განებივრებული იყო, უნდა გაგანებივრონ და მერე შენ უნდა გაანებივრო. ეჰ, რა კარგია ახალგაზრდობა, არა? ახლა რომ მახსენდება… დავდიოდი ინსტიტუტში, ვსწავლობდი იქ, სადაც მართლა ძალიან მსიამოვნებდა სწავლა, მყავდა ძალიან კარგი მეგობრები, რეჟისორები, მსახიობები ყველა ერთად ვიყავით. დავდიოდით შატალოზე ხან თეატრში, ხან კინოში, კაფეში. ვაკეთებდით იმას, რაც ძალიან მოგვწონდა.
გაჭირვება
როდესაც მშობლები ყველაფერს გაძლევენ და შენ არ შეგიძლია, უკვე მოხუცებული მშობლებისთვის იმის მიცემა, რასაც ისინი იმსახურებენ, ეს ძალიან ძნელი გადასატანია, მორალურად ვიყავით ძალიან ცუდად, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ფსიქოლოგიური დაძაბულობა ცოტა მოგვიანებით გამოვლინდა.
მაშინ მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდით მე და ჩემი ძმა (ჯაპანა – დათო ხურცილავა, ავტორი) ფული სად გვეშოვა, რომ მას თავისი ცოლ-შვილი შეენახა და რა თქმა უნდა, ცოტათი ჩვენც დაგვხმარებოდა, იმიტომ, რომ მამაკაცისთვის ძალიან რთულია მხოლოდ ცოლ-შვილზე იფიქროს და მშობლებზე – არა.
არც კი ვიცი, რას ვაკეთებდით, ფოკუსებს! ის თავის მხრივ რაღაცებს „ჩალიჩობდა“, ვითომ ნავთობის გაყიდვაზე, მე – ჩემი მხრიდან.
ჩვენ ქუჩაზე თუკი ვინმე ბავშვი იყო, ყველას ვამეცადინებდი, ხაჭაპურს ვაცხობდი და სადღაც ვაბარებდი, საკმაოდ კარგად ვიცი ქალის საქმე.
ამიტომ, გარდა ამისა, ვქსოვდი, ვქარგავდი და ვაბარებდი, მაგრამ ძალიან ცუდად იყიდებოდა – ადამიანებს არ ჰქონდათ საშუალება, შეეძინათ. ფიქრის დრო არ მქონდა, რა გამეკეთებინა, რაც მომივიდოდა აზრად, იმას ვაკეთებდი, სხვათა შორის, დრო მყოფნიდა ყველაფრისთვის, მათ შორის ნავთის, პურის რიგში დგომისთვის, მერე ლექციები მქონდა თეატრალურ ინსტიტუტში და სხვაგანაც. დედას კიდევ შეეძლო სახლში რაღაც რაღაცეების კეთება შეძლებისდაგვარად.
მამას არ შეეძლო იმიტომ, რომ სისხლჩაქცევა მოუვიდა. ამაზე ძალიან დარდობდა – რა დროს ჩემი ავად გახდომა იყოო. მიაჩნდა, რომ ოჯახის უფროსია და უნდა იყოს ოჯახის უფროსად. რაც მამაკაცის მოვალეობაში შედის, რომ მან ოჯახი შეინახოს და ამას რომ ვერ ახერხებდა, ძალიან ღელავდა. ამიტომ, მამაკაცის ფუნქცია მე მქონდა აღებული, ოჯახში შემომტანი ვიყავი.
უცებ ხდები პასუხისმგებელი, პიროვნებად ყალიბდები და არა ვინმეზე დამოკიდებული, როგორც ამ სურათშია, მამაჩემის მუცელზე რომ მაქვს თავი მიდებული და მძინავს. ბავშვობაში ძალიან დამჯერი და მოწესრიგებული ბავშვი ვიყავი.
განმარტოებით ცხოვრება
იმაზე სერიოზული არაფერია, როგორც 14-15 წლის ასაკში შეყვარება. პირველი სიყვარული ეს არის ყველაზე მძაფრი და სასიამოვნო გრძნობა და არ შეიძლება, არ გახსოვდეს გულის ფანცქალით.
შეიძლება კიდევ არსებობს სხვა პერიოდები, მაგრამ პირველი განცდა, მაინც სულ სხვაა. სხვათა შორის არასოდეს არც ერთ კაცს ჩემთვის გული არ უტკენია, პირიქით, მათი ძალიან დიდი მადლობელი ვარ და ყოველთვის ისეთ სიხარულს მჩუქნიდნენ, ვერ აგიღწერთ.
აი, ის ეშმაკური რაღაცეები მამაკაცებთან დამოკიდებულებაში, რაც რაღაც დოზით ქალს გააჩნია, არ მქონია, თორემ… ბებო იტყოდა ხოლმე – ასეთი გარეგნობის ქალს ყოველთვის უნდა ჰყავდეს ბევრი თაყვანისმცემელიო.
ის, რომ არ გავთხოვდი, მარტო ერთ მხარეზე არ იყო დამოკიდებული, ორივეს უნდა უნდოდეს ერთმანეთი, ვარსკვლავების განლაგებაც უნდა დაემთხვეს, ხდება ხოლმე, როცა, უბრალოდ, მას არ უნდა ცოლის თხოვა.
შენ ამ დროს ვერაფერს იზამ. ჩემს მშობლებსაც ძალიან უნდოდათ, გავთხოვილიყავი, მაგრამ რა ვქნათ?
არაფერი არ არის გამორიცხული, შეიძლება, კიდეც გამოჩნდეს ადამიანი, რომელთანაც მომინდება ერთ ჭერქვეშ ცხოვრება. რა ჭკუაზე დავდგები და როგორ ვიქნები, არავინ იცის. მაგრამ, იმისთვის არ გადავდგამ ამ ნაბიჯს, რომ მარტო არ ვიყო.
მე განმარტოებით ვცხოვრობ, თორემ მარტო ისედაც არ ვარ. მყავს არაჩვეულებრივი ძმა, რძალი, ძმისშვილები, ძმისშვილიშვილი.
სიყვარული
მყვარებია ძალიან, თავდავიწყებით. სიყვარული ხომ ასეა, სხვანაირად როგორ შეიძლება?
როცა თავდავიწყება გადადის იმაზე ფიქრში, რომ ერთად უნდა დაიძინოთ და გაიღვიძოთ, იწყება სხვა ცხოვრება, ქორწინება, იქ ვიღაცები ფიქრს იწყებენ.
აბა, დააკვირდით, თითქმის ყველა დიდი რომანი ქორწინებით მთავრდება, გარდა ერთი-ორი რომანისა, რომელთაგან ერთი იმით დამთავრდა, რომ ქალმა თავი მოიკლა, მეორე კი იმით, რომ ორივე ერთად დაასაფლავეს.
ქორწინება უკვე სხვა რომანია. მეც მინდოდა, მეორე რომანი რომ შემდგარიყო მაგრამ, ხან მათ არ უნდოდათ ჩემთან ხან – მე და, არ გამოვიდა.
ხან მე ვუშვებდი შეცდომებს, ხან – ისინი; ხან მე გავრბოდი, ხან სხვები გარბოდნენ ჩემგან.
ამის მიუხედავად, ყველა რომანი, რაც მქონდა, ჩემთვის ძალიან ბედნიერი იყო – მას ხომ ბევრი ბედნიერი წუთი ახლდა თან.
სიყვარული იმ ტკივილებსაც კი გავიწყებს, რაც ურთიერთობის დასრულებას მოჰყვება ხოლმე.
მეც მიღვრია ცრემლი, მაგრამ, იმ მამაკაცებმა, ვინც მიყვარდა, ერთი კარგი რამ დამიტოვეს – არასდროს არც ერთი მამაკაცზე განხიბვლა არ დამმართნია;
არ მიფიქრია, რომ ყველა კაცი მაიმუნია; პირიქით, ჩემს ცხოვრებაში ვინც კი არსებობდა, ყველა ღირსეული იყო.
ერთხელ, წლების მერე, ერთი ჩემი თაყვანისმცემელი შემხვდა. ძალიან თბილად შევხვდით ერთმანეთს და ვუთხარი, იქნებ, იმიტომ გიხარია ჩემთან შეხვედრა, რომ ცოლად არ გამოგყევი და სიცოცხლე არ გაგიმწარე-მეთქი?
დაპირისპირება ია ფარულავასთან
ალბათ, გახსოვთ გადაცემა „დღის შოუ“, რომლის წამყვანებიც, ნანუკა ხაზარაძე, ია ფარულავა და დოდოშკა ხურცილავა იყვნენ.
როგორც ამბობენ დოდოშკასა და იას დაპირისპირება ჰქონდათ.
„ია ფარულავასთან არანაირი ურთიერთობის სურვილი არ მაქვს, მისი ტელეფონის ნომერიც კი წავშალე ტელეფონიდან და ასე „გავაქრე” ჩემი ცხოვრებიდან.
ხომ შეიძლება, სოციალური ქსელიდან წაშალო მეგობარი? ეს ქალი ჩემი მეგობარი არ ყოფილა და, რა მოხდება, თუ მობილურიდან წავშლი?! მინდა, გითხრათ, რომ მე არ მაქვს „ფეისბუქი“, ჩემი სახელით არის დარეგისტრირებული ჩემთვის უცნობი ადამიანი.
რაც შეეხება ურთიერთობას ჩემსა და ია ფარულავას შორის, ეს არასდროს ყოფილა ისეთი ურთიერთობა, რომელიც შეიძლებოდა გასცდენოდა გადაცემის ფორმატს.
იმ ასაკში ვარ, რომ ახალ მეგობრებს არ ვეძებ; ცოტა „დახურული” ადამიანიც ვარ.
ჩემი აზრით, იასგან დაუნდობელი საქციელი იყო, როდესაც გადაცემიდან წასვლის წინ, ჩვენ, მე და ნანიკოს გვითხრა: ახლა თქვენი გადაცემის დასამარება დაიწყებაო.
ეს განგვიცხადა იმიტომ, რომ, იმ პერიოდში „რუსთავი 2-ის“ ეთერში „შუა დღე” დაიწყო, თვითონ კი გადაცემიდან მიდიოდა.
ჩვენ დაძაბულები ვისხედით საგრიმიოროში, როდესაც იამ ეს გვითხრა, თან, ისეთი ნასიამოვნები და გაღიმებული სახე ჰქონდა…
მან აბსოლუტურად არ იფიქრა ჩვენზე, რადგან, მას ჰქონდა სხვა გადაცემა, ჩვენ კი – არა. ასე იქცევიან დაუნდობელი ადამიანები, თუმცა, რამდენიმე თვის შემდეგ ისევ ჩვენთან დაბრუნდა, რადგან, „ყოფილი ცოლების კლუბის” დახურვის შემდეგ, როგორც ჩანს, სამსახური ვერ იშოვა.
ისეთი ადამიანი ვარ, თუ რამე არ მომეწონა, ავდგები და კატასავით წავალ, ჩხუბს არ დავიწყებ, მაგრამ, იმას არ ვმალავ, რომ იმ დღეს საკუთარ თავზე კონტროლი დავკარგე, უმძიმესი რეაქცია მქონდა.
ასეთი რამ იშვიათად მემართება, ცივი ხმით ვყვიროდი, მთელი ტელევიზია მაწყნარებდა, წამლებს მასმევდნენ. ია არის ადამიანი, რომელიც ვერ იგებს, როდესაც სხვას შეურაცხყოფას აყენებს; ვერ ხვდება, რომ ადამიანს ღირსება შეულახა.
ზოგადად, ვფიქრობ, რომ, როდესაც ადამიანს ღირსება არ აქვს, არც სხვის ღირსებას უფრთხილდება“,- იხსენებდა დოდოშკა ხურცილავა.