”ადამიანურად ვალდებული ვიყავი, დავრჩენილიყავი, მაგრამ ჩემს შვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს”

2022 წლის 24 თებერვალი, დილის 4 საათი. მძინარე პოეტი მობილური ტელეფონის ზარმა გააღვიძა. შვილის ხმა: ,,მამა, ომი დაიწყო, კიევს ბომბავენ!”. უცებ გამოფხიზლდა. ტელევიზორი ჩართო, თუმცა დასტური აღარ სჭირდებოდა, გაბმული სროლის ხმა დახურულ ფანჯრებში აღწევდა.

ქართველი პოეტი, მთარგმნელი, დიპლომატი რაულ ჩილაჩავა, 50 წელზე მეტია, უკრაინაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ასაკის და შვილის ჯანმრთელობის გათვალისწინებით გადაწყვიტა კიევის დატოვება. აიღო მხოლოდ ერთი ჩანთა აუცილებელი ნივთებითა და საბუთებით, აიყვანა ერთგული მეგობარი – ძაღლი ჩაპა და სახლის კარი გამოკეტა იმ იმედით, რომ უკან მალე დაბრუნდებოდა.

დაიწყო ლტოლვილობის მძიმე, მომქანცველი და ტკივილიანი გზა. ლტოლვილობისა. ათიათასობით მანქანის ქარავანი მღვრიე მდინარესავით ტაატით მიიწევდა პოლონეთის საზღვრისკენ. პოეტის თვალწინ კადრებად ჩაიარა აფხაზეთის ომის უმძიმესმა სურათებმა. საკენ-ჭუბერის თოვლიან უღელტეხილზე, შიმშილისა და ყინვისაგან გაწამებულ ადამიანთა სახეებმა.

დღეს პოეტი თბილისში იმყოფება და ნანახსა და განცდილზე ჟურნალ ,,სარკეს” ესაუბრება.

– ბატონო რაულ, ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც უკრაინაში ცხოვრობთ. ერთხელ დაწერეთ: ,,ჩემი უბედურება ის არის, რომ არც საკუთარ ბუდეში მიცხოვრია და ბარტყების დაპურებაც სხვაგან მიწევს”, ასევე – ,,ყველგან უცხო ვარ, ვერა, ვერ ვგრძნობ თავს შინაურად”. ამდენი წლის განმავლობაში რატომ გაწუხებდათ ეს განცდა?

– საოცარი მიჯაჭვულობა მაქვს ჩემს სამშობლოზე. როცა წავედი, მაშინ არც მიფიქრია, თუ იქ დარჩენა მომიწევდა. გამოვიდა, რომ მთელი ცხოვრება ლამის უკრაინაში გავატარე. ჩემთვის ყველაზე ღირებული ყოველთვის იყო სამშობლო და სამშობლოს მსახურება. სულ ვამბობდი, რომ ჩემი სამშობლოს ჯარისკაცი უნდა ვყოფილიყავი. მოხდა ისე, 2 წლით წავედი მივლინებაში და, როგორც შემდეგ ჩემი ლექსების კრებულს დავარქვი, ეს წასვლა აღმოჩნდა ,,უვადო მივლინება”. მართალია, მიმიღეს, მომეფერნენ, დამაფასეს, ჩამიკრეს გულში, ამას მეც ძალიან ვაფასებ, ტკივილამდე განვიცდი მათ ბედს, მაგრამ სამშობლო ჩემთვის ერთადერთია და მხოლოდ აქ ვგრძნობ თავს საკუთარ ფესვებზე მყარად.

მეორე სამშობლო არ არსებობს, არსებობს მეორე ქვეყანა, რომელიც ძალიან გიყვარს. ასეთი ძლიერი სიყვარულით მიყვარს უკრაინა და ლატვია, სადაც 5 წელი ვიცხოვრე.

რომ არა რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, არ დავტოვებდი კიევს. მე უკრაინის მოქალაქე ვარ და იმ ქვეყნის წინაშე, რომელმაც მიმიღო, დამდო პატივი, მომანიჭა ეროვნული საპატიო ჯილდოები, ადამიანურად ვალდებული ვიყავი,  იქ დავრჩენილიყავი.

ახლა გეტყვით, რა იყო ჩემი წამოსვლის მიზეზები. ჯერ ერთი, მე ასაკში ვარ და კანონმდებლობით იარაღის აღება და ფიზიკურად ომში მონაწილეობა არ მეხებოდა. ასევე ახალი გაკეთებული მქონდა ხერხემლის ოპერაცია და რეაბილიტაციის კურსიც არ მქონდა გავლილი.

ჩემი ვაჟი, თემური, რომელსაც სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ორჯერ არის სიკვდილს გადარჩენილი და მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა ესაჭიროება. ასევე ჩემი პატარა შვილიშვილი, ევა, 2 წლის არის და მისი დატოვება ქალაქში არ შეიძლებოდა.

კიევში დარჩა ჩემი მეორე ვაჟი, რაული. იგი მუშაობს უკრაინის ტელევიზიაში, მე-5 არხზე, აქვს იუთუბარხიც. ახლა ექვემდებარება თავდაცვის სამინისტროს, მუდმივად არის გადაღებებზე, ამზადებს სიუჟეტებს და რეალურად აშუქებს მოვლენებს. დღეს უკრაინაში ჟურნალისტების მუშაობა არ არის უსაფრთხო, მუდმივად აგრესორის სამიზნედ არიან ქცეული. განგაშის გამოცხადების დროსაც კი ვერ მიდის თავშესაფარში, რადგან არ უნდა გადაღების შეწყვეტა…

– თქვენი ჩაპა უკვე ცნობილი ძაღლია. გავრცელდა თქვენი წერილები – ჩაპას თვალით დანახული ომი. მომიყევით თქვენს ოთხფეხა მეგობარზე და იმაზე, თუ როგორ დაგებადათ აზრი მისი პირით მოგეყოლათ უკრაინაში დატრიალებული ტრაგედია.

– ჩაპა თემურმა მოგვიყვანა, სადარბაზოში ეპოვა, ყუთში ჩასმული, ჯერ კიდევ თვალაუხელელი. გვითხრა, გიყვართ ძაღლები და  გაზარდეთო. მე და ჩემს მეუღლეს უზომოდ შეგვიყვარდა. როცა ჩემი მეუღლე მძიმედ იყო ავად, მთხოვა, ჩაპას შენ გიტოვებ და აბა, შენ იცი, კარგად მიხედეო. მოკლედ, ანდერძიც დამიტოვა. ჭკვიანი ძაღლია, ყველაფერს გრძნობს, ყველაფერს მაგებინებს.

ბინაში ნებიერად გაიზარდა, მხოლოდ სასეირნოდ დაბრძანდებოდა. იმ გზაზე სულ მეხუტებოდა, მანაც ჩემთან ერთად შეიგრძნო ომის სისასტიკე. უმძიმესი ფიქრების მიუხედავად, პოეტის ტვინში მაინც სტრიქონები მწიფდება. ჩაპას შემყურემ ვიფიქრე, მოდი,  დავწერ, რასაც ის გრძნობს, ეს უფრო ემოციური გამოვა-მეთქი. პირველი წერილი როგორც კი დავდე ინტერნეტში, მაშინვე აიტაცეს. უკვე ითარგმნა 12 ენაზე – რუსულად, ლიეტუვურად, პოლონურად, ინგლისურად, ივრითზე და ასე შემდეგ. ამ სერიას აუცილებლად გავაგრძელებ.

– თქვენს ლექსში ასეთი სტრიქონებია – ,,ნუ გვავიწყდება,  ზეცაშია ჩვენი ჟიური”. რომ გქონდეთ შესაძლებლობა, რას ეტყოდით ზეციურ მსაჯულს?

– მჯერა, რომ სიკეთისა და ბოროტის ჭიდილში სიკეთე გაიმარჯვებს, მაგრამ იმდენი უმანკო ანგელოზის, ბავშვის სისხლი დაიღვარა, უფალო, ხომ არ აგვიანებ? მომეტევოს ეს მკრეხელობა, მაგრამ მე ადამიანი ვარ და ძალიან მიჭირს ბოროტი ძალების მიერ დედამიწაზე მოწყობილი ჯოჯოხეთის მშვიდად ყურება და გამარჯვების მოლოდინი.

ასევე იხილეთ