“უმცროს დაზეც ვზრუნავ, 13 წლიდან მაქვს შემოსავალი და აბსოლუტურად დამოუკიდებელი ცხოვრება”

მსახიობი და ტელეწამყვანმა რუსკა ქარქაშაძემ მართალია, კულინარიულ შოუში ,,სამზარეულოს ომები” ვერ გაიმარჯვა, მაგრამ ყველას დაუმტკიცა, რომ სამზარეულოში ტრიალი ეხერხება.

– ბავშვობიდან გატაცებული ვარ კულინარიით, _ ამბობს 19 წლის რუსკა ,,სარკესთან”, ჩვენს ოჯახში ყოველთვის იყო და არის სადილი და მთავარი კერძი. დედას და ბებიას არაჩვეულებრივი ხელი აქვთ. სულ პატარაობიდანვე მათ გვერდით ვიდექი.

 ყველა ტიპის კერძის მიმართ გაქვთ ინტერესი?

– კი, ცომეულიდან დაწყებული და ხორციანი კერძებით დამთავრებული, ყველაფრის მომზადება მიყვარს. სამზარეულოშიც და ზოგადადაც ძალიან ცნობისმოყვარე ვარ. რა სფეროშიც უნდა აღმოვჩნდე, მინდა, რომ წარმატებას მივაღწიო.

– საქართველოს რომელი კუთხის სამზარეულოს მოყვარული ხართ?

– პირველ ადგილზე მეგრულ და იმერულ კულინარიას ვაყენებ. ვგიჟდები სვანურ კერძებზეც. ქართული სამზარეულოს შემდეგ ჩემი ფავორიტი იტალიურია.

– რთული კერძებიდან რისი გაკეთებით ამაყობთ?

– არ არსებობს კერძი, რომ არ შევეჭიდო. ჩაქაფულიც გამიკეთებია და საცივიც.

– თანატოლებს არ უკვირთ, როცა ახალ წელს თქვენს მომზადებულ საცივს გაასინჯებთ ხოლმე?

– შეეჩვივნენ. სამეგობროში შეფის ტიტულიც მაქვს და როცა ჩემთან მოდიან, რა თქმა უნდა, ჩემ მომზადებულ კერძებს ვახვედრებ. სხვასთანაც როცა მივდივარ, იქაც მე მთხოვენ, გემრიელობები გავაკეთო.

– როგორ ახერხებთ, რომ ეს თქვენი კულინარიული გატაცება წონაზე არ აგესახოთ?

-როგორც კი ვამჩნევ, რომ ფორმას ვკარგავ, აუცილებლად უარს ვამბობ ცომზე და ფასტ ფუდებზე, რაც ძალიან მიყვარს და შედეგსაც მალე ვიღებ. ეკრანზე საკუთარი თავი როცა არ მომეწონება, მაშინვე განგაშის ზარს შემოვცხებ და 7 საათის შემდეგ ჭამას ვკრძალავ. ასეთ რეჟიმში 10 დღეში 5 კილოს თავისუფლად ვიკლებ.

-მაყურებელმა გაგიცნოთ სერიალით “ხელოვნური სუნთქვა”. როგორ განვითარდა თქვენი ცხოვრება ამის შემდეგ?

– ეს სერიალი ჩემი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. 13 წლიდან მაქვს ჩემი შემოსავალი.დღეს აბსოლუტურად დამოუკიდებელი ცხოვრება მაქვს, მშობლებზე არც ფინანსურად ვარ დამოკიდებული და არც სხვა კუთხით.

– გყოფნით შემოსავალი?

– კი. ჩემს უმცროს დაზეც ვზრუნავ, რომელზეც მთლიანად მაქვს პასუხისმგებლობა აღებული. ამის გამო მშობლები სულ მეჩხუბებიან, ჩვენც გვაცალე, რამე გაგიკეთოთო. როდესაც უნივერსიტეტში ვაბარებდი, მოვინდომე, რეპეტიტორების ფული მთლიანად მე გადამეხადა და ასეც მოვიქეცი მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად.

ასევე იხილეთ