“ბევრი ქართულ-ამერიკული ოჯახი შეიქმნა ჩემი ინიციატივით” – ნუკი კოშკელიშვილმა მაჭანკლობა დაიწყო

ტელესახე ნუკი კოშკელიშვილი კოსმეტიკური ბიზნესის შემდეგ ვირტუალურ სამყაროშიც ცდილობს თავისი იდეების განხორციელებას. მან შექმნა აპლიკაცია “დამაჯახე”, რომელიც ადამიანებს ერთმანეთის უკეთ გაცნობის საშუალებას აძლევს. ნუკიმ ვირტუალური მაჭანკლის როლის მორგება სწორედ იმიტომ გადაწყვიტა, რომ მსგავსი აპლიკაცია თავად მისთვის დიდი ბედნიერების მომტანი აღმოჩნდა. ამერიკელი ქმარი სწორედ გაცნობის საიტის მეშვეობით იპოვა და დღემდე ბედნიერი ოჯახი აქვს. თუ რა გამოვიდა ამ წამოწყებიდან, “სარკეში” დეტალურად წაიკითხავთ.

– ნუკი, როგორ დაიბადა იდეა, შეგექმნათ აპლიკაცია “დამაჯახე”?

– ამ აპლიკაციას ძალიან სერიოზულად ვუყურებ. საქართველოში არ არსებობს ადამიანების გასაცნობი ქართული აპლიკაცია. მას შემდეგ, რაც მე თავად შევქმენი ოჯახი ამგვარი საშუალებით, სულ მინდოდა, გამეკეთებინა ისეთი აპლიკაცია, რომელიც ადამიანებს დაეხმარებოდა ურთიერთობის დაწყებაში.

მოგეხსენებათ, ბენი საიტის საშუალებით გავიცანი და ყველა მეუბნებოდა, როგორ შეიძლება, ამ მეთოდით გაცნობილს ენდოო. აღმოჩნდა, რომ 21-ე საუკუნეში სწორედ ამგვარი მეთოდებით მყარდება ურთიერთობები, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება რომანტიკული და სასიყვარულო ურთიერთობები თუ მეგობრობა.

ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდის საქართველოში და როდესაც მათაც ეცოდინებათ, ამ ქვეყანაში აპლიკაციის საშუალებით შეეძლებათ, მეგობრად აირჩიონ ქართველი და უფრო საინტერესოდ დაისვენონ ჩვენს ქვეყანაში. ეს არის აპლიკაცია ქართველებისთვის მთელ მსოფლიოში.

– მსოფლიო ბაზრისთვის სახელი ცოტა უცნაური აქვს.

– სახელის ისტორია ასეთია: მას შემდეგ, რაც ბენი გავიცანი და გავთხოვდი, მეგობრები სულ მწერდნენ, კარგი ბიჭი ჩვენც დაგვაჯახეო, ამიტომ გადავწყვიტე, სრულიად საქართველო დავაჯახო ერთმანეთს.

ძალიან ბევრი მომხმარებელი გვყავს საზღვარგარეთ – იტალიაში, საბერძნეთში, ამერიკაში. ამ აპლიკაციით არა მარტო გაიცნობ ადამიანს, არამედ კარგად გაერკვევი, რამდენად ეწყობი მას. ამისთვის ჩვენ გამოვიყენეთ სულ 18 კითხვისგან შემდგარი უნიკალური ტესტი, რომლის შედეგადაც ადამიანს არა მარტო გარეგნულად აფასებ, არამედ ფსიქოპორტრეტსაც შექმნი.

– თუმცა ალბათ დამეთანხმებით, რომ ვირტუალურ სამყაროში გაცნობა საკმაოდ რისკიანი ნაბიჯია. დიდი შანსია, სინამდვილეში ადამიანი ის არ აღმოჩნდეს, ვინც გგონია. ამისგან თავის დაცვის რა მექანიზმები გაქვთ?

– ეს აპლიკაცია ამ ეტაპზე ბეტა ვერსიაა, მუშაობის პროცესში ყველა შეცდომას ვითვალისწინებთ და ვასწორებთ. ყველას შეუძლია, არასასურველი პირი ერთ წამში დაბლოკოს.

– მოდი, გავიხსენოთ თქვენი პირადი მაგალითი. როდესაც ვირტუალურ სამყაროში ბენი გაიცანით, ძალიან გარისკეთ და სრულიად უცხო ადამიანთან შორეულ და უცხო ქვეყანაში, ამერიკაში, ჩახვედით. როგორი გამბედავი ყოფილხართ. რამ გიბიძგათ ამისკენ?

– ყოველთვის ვიღაცებს მირიგებდნენ ხოლმე და ყოველი ასე გაცნობილი ადამიანი ჩემში იმედგაცრუებას ტოვებდა. რაღაც მომენტში ვიფიქრე, გასაცნობი საიტით თავად მეპოვა ვინმე. ისიც ვიცოდი, რომ მთელ მსოფლიოში ასეთი საიტებით ხდება ერთმანეთის გაცნობა. ჩვენ გარშემო, ამერიკაში, ოჯახების 80% ასეთი აპლიკაციის საშუალებით არის შექმნილი.

ბენი ამ საიტზე დარეგისტრირების პირველივე დღეს გავიცანი. მალევე გადავედით “სკაიპით” დარეკვებზე, რაც მარწმუნებდა იმაში, რომ რეალურ ადამიანს ველაპარაკებოდი. ერთი წელი ვირტუალური ურთიერთობის შემდეგ გადავწყვიტე, ჩავსულიყავი ამერიკაში და გამეცნო.

– და ფიქრადაც არ გაგივლიათ, რომ შეიძლებოდა თქვენი ილუზია უცებ დანგრეულიყო და საფრთხეში აღმოჩენილიყავით?

– საერთოდ არ ვარ მშიშარა, ყოველთვის გაბედულ ბანიჯებს ვდგამ. ამიტომაც ბევრი არ მიფიქრია და წასვლა გადავწყვიტე.

– მაინც ვთვლი, ძალიან გაგიმართლათ, ასეთი ფორმით ასეთი სანდო ადამიანი რომ იპოვეთ.

– არა, ვფიქრობ, რომ ბევრს უმართლებს, რადგან 21-ე საუკუნეში გაცნობის ყველაზე რეალური გზა ეს არის.

– მაგრამ ხშირად ხომ სოციალური ქსელებში ადამიანები ისეთები არ არიან, როგორებიც რეალურ ცხოვრებაში.

– ეგრე მაშინ არც რეალურ ცხოვრებაში არიან ისეთები, როგორებიც გვინდა, რომ იყვნენ. ნებისმიერ ურთიერთობაში ადამიანი ცდილობს, იმაზე უკეთ წამოაჩინოს თავი, ვიდრე არის.

– გაქვთ მაჭანკლობის ნიჭი? ბევრი ნაცნობი დაგიჯახებიათ ერთმანეთისთვის?

– გადასარევი მაჭანკალი ვარ! ჩემ გარშემო ყველა წყვილი მე დავაჯახე. როცა კარგ ბიჭს ან გოგოს ვხედავ, ყოველთვის მომდის იდეები, ვინ ვის მოუხდება. სხვათა შორის, ბევრი ქართულ-ამერიკული ოჯახი შეიქმნა ჩემი ინიციატივით. ერთია, გაიცნო კარგი პიროვნება და შექმნა ოჯახი, მეორე – შეინარჩუნო ეს ადამიანი.

– რა არის ამ დროს მთავარი?

– ურთიერთობაზე სულ უნდა იმუშაო. სულ უნდა ლაპარაკობდე მეუღლესთან.  თუ არ არის კომუნიკაცია და გულწრფელობა, ოჯახი დიდხანს ვერ იარსებებს.

– თქვენ ორიდან რომელი უფრო მეტად ზრუნავს ოჯახურ ურთიერთობებზე?

– ალბათ უფრო – ბენი. ამერიკა პურიტანული ქვეყანაა, ოჯახს ძალიან აფასებენ და ყველაფერს აკეთებენ, რომ არ დაინგრეს. ბენიც ასე ფიქრობს და ყოველთვის ზრუნავს, რომ ჩვენს ოჯახში ყველაფერი თავის ადგილზე იყოს.

– თქვენი შვილის მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებაში წინ წაიწიეთ, გაქვთ კარგი შედეგები?

– წინადადებებს უკვე ამბობს, მაგრამ მუდმივი ჩართულობა და ამაზე მუშაობა კვლავ მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, ძალიან ხშირია ბავშვებში ეს პრობლემა, მით უმეტეს, იმ ბავშვებში, რომლებიც კოვიდის პერიოდში გაიზარდნენ. როდესაც უნდა დაეწყოთ ლაპარაკი და აქტიური კომუნიკაცია ადამიანებთან, მაშინ იყვნენ გამოკეტილი სახლებში. ჩვენს შემთხვევაში კი იმანაც იმოქმედა, რომ ერთდროულად სამი ენა ესმოდა.

ასევე იხილეთ