“ეს შიში ათი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, ბამბებში ვიყავი და უცებ მიწას დავენარცხე”

გულახდილი საუბარი მაია ბარათაშვილთან 👇

– ვინ არის მაია ბარათაშვილი?

მაია ბარათაშვილი: პირველ რიგში, ქრისტიანი ადამიანი.

– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?

– ჩემი საოცნებო ცხოვრება, რომელიც მე ღმერთმა ამიხდინა, არის ზუსტად ისეთი, როგორიც მაქვს. ეს არის მუსიკალური შესაძლებლობები და ამ შესაძლებლობების გაზიარება სხვა ადამიანებთან. იდეალური ცხოვრებისთვის აუცილებელი კომპონენტია ბევრი მოგზაურობა საინტერესო ქვეყნებში, ასევე, უახლოესი ადამიანების გვერდით ყოფნა, რისთვისაც მე ღმერთის მადლიერი ვარ.

– გიკეთებიათ საქმე, რომელიც გძულდათ?

– ვერ ვიტყვი, რომ რამე ისეთს ვაკეთებდი, რაც მძულდა, თუმცა, ბევრი სხვა საქმის გაკეთებაც მომიწია. 20 წლის განმავლობაში სხვადასხვა კომპანიაში ვმუშაობდი, სხვადასხვა მიმართულებით. ეს იყო სოფლის მეურნეობა, მენეჯმენტი, ტელევიზია, საერთაშორისო კომპანიები, ამერიკის სავაჭრო პალატა, საერთაშორისო სავაჭრო პალატა, კვების პროდუქტების კომპანია და ასე შემდეგ. ვერ ვიტყვი, რომ არ მიყვარდა ეს საქმეები. პირიქით, ბევრ საინტერესო ასპექტს მოიცავდა და ძალიან დამეხმარა უნარ-ჩვევების განვითარებასა და ცოდნის გაფართოებაში. პარალელურად, საშუალება მქონდა, სცენაზე ვმდგარიყავი. ამიტომ ვერ ვგრძნობდი სამუშაოს სიმძიმეს. ამ პროცესში ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანს შევხვდი. ვყოფილვარ ედუარდ შევარდნაძის კაბინეტში, სადაც გაიმართა კომიტეტის სხდომა სოფლის მეურნეობის დარგში. ამ შეხვედრას ცნობილი და საინტერესო ადამიანები ესწრებოდნენ – იქ იყო გელა ჩარკვიანი, მიშა სააკაშვილი და სხვები. მოკლედ, მრავალფეროვანი სამსახურების წყალობით, ბევრ საინტერესო ადამიანს გადავყრილვარ ცხოვრებაში. საერთოდ, ინტერესიანი ადამიანი ვარ, მიყვარს თვალსაწიერის გაფართოება. რაც მთავარია; ეს შემოსავლიანი იყო. მე წელში გამართული ვიყავი მაშინაც, როდესაც საქართველოში ის ავბედითი, უმძიმესი პერიოდი გვქონდა.

– ბოლოს როდის იტირეთ და რატომ?

– ყოველწუთას შეიძლება, ვიტირო. ამისთვის საკმარისია კარგი წიგნი, კარგი სატელევიზიო სიუჟეტი, ფილმი, ისტორია თუ მოგონება. ახლახან ვიტირე თამაზ ყურაშვილის, ჯაზის ლეგენდის გარდაცვალების გამო. ძალიან სენტიმენტალური ვარ. შეიძლება, უცებ რაღაც გამახსენდეს და ცრემლები წამომივიდეს.

– რას გააკეთებდით, ლატარიაში რომ მილიონები მოიგოთ?

– მილიონი ოცდამეერთე საუკუნეში დიდ თანხად აღარ ითვლება. დახარჯვაც ძალიან ადვილია, მაგრამ საფრთხილო თემაა. დიდმა ფულმა იცის ძალაუფლება, ძალაუფლების შეგრძნებამ კი ადამიანის რელსებიდან გადაყვანა. ამიტომ ძალიან ვიფრთხილებ. თანხამ შეიძლება, ისე აგიტაცოს ჰაერში, აგამჩატოს და გზები აგირიოს, რომ დაიღუპო. მაგრამ თუკი ღმერთმა დაუშვა ასეთი რამ, ესე იგი, რაღაცისთვის მოგცა ეს თანხა და არა იმისთვის, რომ კომფორტული გარემო შეიქმნა ან სიამოვნების განცდა გაიმძაფრო. ვფიქრობ, რომ ბევრ სასიამოვნო და სასარგებლო რამეს გავაკეთებდი, ბევრ ადამიანს დავეხმარებოდი. მაგალითად, ჩემს მეგობარს ბინა არ აქვს და ვუყიდდი. ბევრს სჭირდება მკურნალობა და შეძლებისდაგვარად დავეხმარებოდი ასეთ ადამიანებს. ბუნებრივია, მთელ საქართველოს ვერ გავწვდები, მაგრამ შენს არეალში ვინც არის, ხელს აუცილებლად გავუმართავდი. მათ შორის, ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდას, რომლებსაც სწავლის საშუალება არ აქვთ. მე ძალიან კარგი ბინა მაქვს, მშობლებისგან დატოვებული, მაგრამ მაქვს ჩემი ოცნების სახლი, რომელშიც გავაკეთებდი პატარა საკონცერტო დარბაზს. ასევე, ბევრს ვიმოგზაურებდი მეგობრებთან ერთად, მაგრამ ყველაფერში ზომიერებას დავიცავდი.

– უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდენიათ…

– ვერიდები ასეთ შემთხვევებს, მაგრამ ერთ–ერთ კონცერტზე, კონცერტის მსვლელობის დროს სცენაზე კატა გამოვიდა თავის კნუტებით და დეფილე მოაწყო (იცინის). უხერხული არა, მაგრამ ბევრი ისეთი შემთხვევა გადამხდენია თავს, რომელიც დამადასტურებელია იმის, რომ ღმერთი ადამიანს არასდროს ტოვებს, ის ყოველთვის ჩვენ გვერდითაა.

ახლახან ბელგიაში მქონდა კონცერტი. კონცერტი ზღვისპირა ქალაქში, მიდლკერკეში გაიმართა. ეს მილიონერების ქალაქია, სადაც მოსახლეობა 50 წელს ზემოთაა, იქ ახალგაზრდობას ნაკლებად შეხვდებით. კაფეებში ფერად სამოსში გამოწყობილი ასაკოვანი ადამიანები სხედან და მშვიდად მიირთმევენ ყავას, ტკბილეულთან ერთად. იქაური რეალობა ძალიან განსხვავდება ჩვენისგან. კონცერტი ისტორიულ შენობაში გაიმართა. ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა, მაგრამ იქ მიმავალ გზაზე, თავს განსაკუთრებული ისტორია გადამხდა: ბელგიაში სტოკჰოლმიდან გავემგზავრე, სადაც ასევე, მქონდა კონცერტი. მიდლკერკეში მატარებლით უნდა ჩავსულიყავი. თუმცა, დანიშნულების ადგილზე მისვლამდე კიდევ ერთ ქალაქში უნდა გავჩერებულიყავი, სადაც ჩემი მეგობარი ცხოვრობს. ის სადგურზე უნდა დამხვედროდა და საკუთარ ოჯახში წავეყვანე. ისიც საპორტო, ძალიან მდიდარი და ლამაზი ქალაქია. მოკლედ, ჩავჯექი მატარებელში და აღმოვაჩინე, რომ ინტერნეტი არ იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ მეგობარს ვერ შევატყობინებდი, რომელ საათზე ჩავიდოდი. მე კი მისი სახლის მისამართიც არ ვიცოდი. არადა, ადგილზე ღამის საათებში ვიქნებოდი. ვიფიქრე, რომ ჩავიდოდი და ადგილზე რამეს მოვახერხებდი, მაგრამ ჩავედი და ბელგიის გაჩახჩახებული, მდიდარი ქალაქის ნაცვლად, 90-იანი წლების საქართველოში აღმოვჩნდი. როგორც ჩანს, კრიზისის გამო ბელგია ელექტროენერგიის ეკონომიას აკეთებდა და გარშემო ყველაფერი ჩაბნელებული იყო. ღამის 11 საათია, ირგვლივ ადამიანის ჭაჭანება არაა და სრული სიბნელეა. გადავწყვიტე, კაფეში შევსულიყავი და ინტერნეტი გამომეყენებინა, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ყველა რესტორანი და კაფე დაკეტილი იყო. არადა, ამ ქალაქში წლების წინაც ვარ ნამყოფი და მაშინ იქ სიცოცხლე ჩქეფდა. უცებ დავინახე, რომ იქვე სინათლე ბჟუტავდა და იმედი მომეცა, მაგრამ ძირს მჯდარი უსახლკარო ადამიანი აღმოვაჩინე. ეს ნამდვილი სასწაულია, რთულად დასაჯერებელი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, უნდა დამეჯერებინა, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს მართლა ხდებოდა. მეგობარს ტელეფონზე ვერ ვუკავშირდები, ინტერნეტი არ მაქვს, ძალიან ცივა, ზღვისპირა ქალაქია, ყინვა, ქარი, შტორმი, თოვლი, წვიმა – საშინელება ხდება და მე დიდი ჩემოდნით ხელში, სრულიად მარტო ვდგავარ ქუჩაში ღამით.

– საშინელებათა სიზმარს ჰგავს.

– ვიცი, რომ მიდლკერკე მეზობელი ქალაქია და იქ უნდა წავიდე, მაგრამ ტრანსპორტიც არ არის. უცებ ხუთი ტაქსი დავინახე. გადავწყვიტე, მიდლკერკემდე ჩავსულიყავი და იქ ყველაფერი ფეხით დამევლო. რადგან ადრეც ვიყავი ნამყოფი, იმედი მქონდა, რომ ვიცნობდი ადგილს, სადაც მივდიოდი. ხომ სიგიჟეა, მაგრამ იმწუთას სხვა გზა არ მქონდა. პირველივე ტაქსიში ჩავჯექი, რადგან ძალიან მციოდა. ვცდილობდი, მძღოლთან ინგლისურ ენაზე დამემყარებინა კონტაქტი, მაგრამ ძალიან დამტვრეული ინგლისურით მპასუხობდა და ერთმანეთს ვერაფერს ვაგებინებდით. ამასობაში ტაქსი დიდ თანხას წერს. კონკრეტული მისამართი მე არ ვიცოდი და ხელები გაშალა, ქალაქამდე ჩაგიყვანთ და მერე ფეხით წადითო. გავიგე, რომ ავღანეთიდან იყო. უცნაურია, მაგრამ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებული ინტუიციით ვკითხე, რუსულად ხომ არ საუბრობთ-მეთქი?! მომიტრიალდა და მპასუხობს, ბრწყინვალე ვსაუბრობ რუსულად, უკრაინელი ცოლი მყავს და ათი წელი ოდესაში ვცხოვრობდიო. სადაც მიდიხართ, იქ მე ერთ ქართულ ოჯახს ვიცნობ და გიორგი ხომ არ ჰქვია თქვენს მეგობარსო. არა, კახა ჰქვია-მეთქი. მოდი, კიდევ ერთხელ დავრეკოთო. დავრეკეთ და მართლაც, ჩემმა მეგობარმა ყურმილი აიღო. თურმე, უკვე პოლიციაში მიდიოდა, რადგან ჩემთან დაკავშირება ვერ შეძლო. მოკლედ, კონტაქტზე გავედით და ამის შემხედვარე, გაოცებული ტაქსისტი მეუბნება, თქვენი მეგობრები ჩემი ახლობლები არიან, კი მაგრამ ამ ბიჭს გიორგი ჰქვიაო. მერე გამახსენდა, რომ ჩემი მეგობრის ქმარს – კახას, ბელგიაში გიორგის ეძახიან. თქვენ რა გქვიათ-მეთქი, ვკითხე ამ ადამიანს, მომიბრუნდა და რუსულად მეუბნება „სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმინდისაითა, მე მქვია ამინი“… როდესაც ამ მდგომარეობაში აღმოვჩნდი ქუჩაში, უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე ცოდვილი-მეთქი – ეს ლოცვა ვთქვი და ახლა, ეს ადამიანი მეუბნება, მე მქვია ამინიო. „ამინ“ – ეს სიტყვა განსაკუთრებულად მიყვარს. ეს ნიშნავს – იყოს ღვთის ნება. ამინმა ყოველგვარი ახსნის გარეშე მიმიყვანა ოჯახში, რომელშიც მივდიოდი და რომელსაც თავადაც იცნობდა. ჩემთვის ქრისტე იქ იყო, მას ერთი წამი არ გაუშვია ჩემთვის ხელი იმ რთულ მომენტში. როდესაც რამის გვეშინია მცირედმორწმუნეობის გამო, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ღმერთი მარტო არასდროს გვტოვებს.

– რა არის თქვენი ყველაზე დიდი მარცხი და გამარჯვება?

– ჩემი გამარჯვება ღმერთთან მისვლაა. გამიმართლა, მივედი იმ წერტილამდე, რომ გავმხდარიყავი მორწმუნე და ღმერთს მივანდე ჩემი ცხოვრება. ჩემს ცხოვრებას ვერ აღვიქვამ მარცხად. ბევრი საჩუქარი მომანიჭა ღმერთმა. გულისტკივილიც ყოფილა, თუნდაც, იმის გამო, რომ საოპერო ვოკალს არ გავყევი, მაგრამ ეს არ არის მარცხი. ჩემი ცხოვრება ისე აეწყო, როგორც საჭირო იყო.

– ყველაზე დიდი შიში როდის განიცადეთ?

– როცა დედა წავიდა. ეს შიში ათი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. მარტოს მომიწია ცხოვრებასთან გამკლავება. ბამბებში ვიყავი გაზრდილი და უცებ მიწას დავენარცხე. მამა მყავდა ასაკოვანი, ის გვერდით მედგა, მაგრამ ასაკოვანი იყო და ბევრი პრობლემის მოგვარება მარტოს მომიწია: მე უნდა მეშოვა ფული, უნდა მესწავლა და რაც ყველაზე მთავარია – უნდა დავმდგარიყავი ადამიანი. ამ ყველაფრისთვის თავის გართმევაში ყველაზე მეტად მუსიკა დამეხმარა.

ასევე იხილეთ