“არ იცოდნენ, რომ შპაგატში ჩავჯდებოდი”

პროექტის “ცეკვავენ ვარსკვლავები” ბოლო სეზონის გამორჩეული მონაწილე გახლდათ ანსამბლ “ივერიის” სოლისტი, ქართული ესტრადის ვარსკვლავი, მანანა თოდაძე, რომელიც რამდენიმე ტურის შემდეგ კონკურსს გამოეთიშა, მაგრამ მისი ბოლო საცეკვაო ნომერი ნამდვილად სენსაციური იყო. მომღერალმა ცეკვის დასასრულს შპაგატი გააკეთა და დაამტკიცა, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია. ქალბატონი მანანა პროექტსა და თავის ცხოვრებაზე ჟურნალ “სარკეს” ესაუბრა.

– ქალბატონო მანანა, ცეკვების სწავლა, რეპეტიციები დიდ ფიზიკურ ძალას და ენერგიას ითხოვს, ამისთვის მზად იყავით?

– ვინც მიცნობს, ყველამ იცის, როგორი მშრომელი ვარ. ვინც შრომობს, მას აუცილებლად დაუფასდება გარჯა. წლების განმავლობაში დღეში სამი სპექტაკლი გვქონდა “ივერიელებს”, ასევე კონცერტები ანსამბლთან თუ დამოუკიდებლად. მიჩვეული ვარ რეჟიმს, ძალიან ბევრს დავდივარ ფეხით. უბანში, სადაც ვცხოვრობ, ყველაფერი ფეხით მაქვს შემოვლილი, ყოველ დილით ვვარჯიშობ. ენერგიულად ვგრძნობ თავს, ამიტომ მარტივად დავთანხმდი.

– ყველაზე ძნელი ალბათ პირველი ბარიერის გადალახვა, პირველი ტური იყო.

– დიახ, მართალია. მე მომღერალი და მსახიობი ვარ, რიტმის გრძნობაც შესანიშნავი მაქვს და ცეკვაც მეხერხება, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ეს სულ სხვა რამეა. ამ კუთხით აბსოლუტურად გამოუცდელი ვიყავი. რა თქმა უნდა, ვღელავდი, დიდი შოკი მივიღე, როცა პირველი ეპიზოდის პირველ ნომრად გამომაცხადეს. როგორც იქნა, მოვიკრიბე ნებისყოფა და შევძელი გამეკეთებინა ის, რაც მასწავლეს და რაც საჭირო იყო პარკეტზე ცეკვისთვის.

– პროექტის იტალიელი მონაწილე, ალესანდრო კარუზო, ჯერ კიდევ ,,ტიკ-ტოკიდან” იყო ცნობილი ქართველებისთვის. მას უყვარს ქართული მელოდიები. რა რეაქცია ჰქონდა, როცა გაიგო, რომ თქვენ ცნობილი მომღერალი ხართ? როგორც ვიცი, თქვენთან ოჯახშიც იყო სტუმრად.

– ალესანდრო თავის მეუღლესთან ერთად იყო ჩამოსული. თბილი, გულიანი, მხიარული, ცეკვა-სიმღერის მოყვარული ვაჟკაცია. ქართველისგან ვერ გაარჩევ. აღტაცებული იყო, როცა გაიგო, რომ მომღერალი ვიყავი.

იგი ნეაპოლიდან არის, მართავს მემკვიდრეობით დატოვებულ ბიზნესს, აქვს ტანსაცმლის დიდი ბრენდული მაღაზია, ჰყავს შესანიშნავი მეუღლე. მასთან ერთად დავპატიჟე სახლში, ასევე ჩემი მეწყვილეც და ჩემი ნახელავი კერძებით გავუმასპინძლდი. თავადაც დამპატიჟა იტალიაში, ალბათ ზაფხულში სიამოვნებით ვეწვევი.

– თქვენ ნამდვილად გააოცეთ მაყურებელი თქვენი ცეკვით, მაგრამ კულმინაცია იყო, როცა შპაგატში ჩაჯექით. ეს გათვალისწინებული იყო თქვენს ნომერში?

– არა, ქორეოგრაფებმა ამაზე არაფერი იცოდნენ, მხოლოდ ჩემი და ჩემი მეწყვილის სპონტანური გადაწყვეტილება იყო. პირველად მეც მეუცხოვა, ვფიქრობდი, ვერ შევძლებდი, შემდეგ ნოდომ დამარწმუნა, რომ აუცილებლად გამომივიდოდა და ეს იქნებოდა ბოლო აკორდი ცეკვის დასასრულს. დავიჯერე და მართლაც ეფექტური გამოვიდა…

კონკურსს როცა გამოვეთიშე, გაოგნებული დავრჩი, ისეთი ოვაციები გამიმართეს. მთელი მონაწილეები, ქორეოგრაფები, შემოქმედებითი ჯგუფი, “იმედის” თანამშრომლები – ყველანი სიყვარულით მიკრავდნენ ტაშს. ცრემლიანი თვალებიც შევნიშნე. მადლობელი ვარ ასეთი დამოკიდებულებისთვის, სითბოსთვის, სიყვარულისთვის. ამაზე დიდი საჩუქარი რა უნდა მიმეღო, არც ერთი პრიზი არ შეედრება ადამიანების სიყვარულს.

ასევე იხილეთ