ჟურნალისტი, რუსუდან ცხომელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ვაქცინაციასთან დაკავშირებულ შიშებზე წერს.
როგორც პოსტიდან ვიგებთ, რუსუდანი ალერგიულია და ეშინოდა აცრის შემდეგ მიღებული რეაქციის. სწორედ ამის გამო ბევრი წაიკითხა და გაარკვია ვაქცინაზე, რის შემდეგაც მიიღო გადაწყვეტილება და აცრა გაიკეთა.
მიხვდა, რომ აუცრელობა უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენდა.
„მინდა ჩემ შიშზე გელაპარაკოთ… ამ ბოლო დროს ხან რისი მეშინია და ხან რისი, სულ ვიბრძვი, საკუთარ შიშებს ვებრძვი. აცრისაც მეშინოდა… უამრავი რამ გადავიკითხე, ვიდრე ვაქცინის პირველ დოზას მივიღებდი. ეს მაისში იყო… მეც მქონდა უამრავი კითხვა, რომელთა ნაწილზე პასუხი ვიპოვე, ნაწილზე ვერა, მაგრამ მთავარი რამ აპრილშივე ვიცოდი, – ვაქცინა იყო გადარჩენის ერთადერთი შანსი.
მეშინოდა, როცა მშობლები აიცრნენ, გული ამოვარდნას მქონდა. მეშინოდა გართულებების, მეშინოდა მათი ორგანიზმის მიმღებლობის, მაგრამ ყველაფერმა მშვენივრად ჩაიარა. მერე მეშინოდა საკუთარი ალერგიის ეპიზოდის, – ჭინჭრის ციებისა და კვინკეს შეშუპების, ამიტომ დეტალურად გავარკვიე აცრამდე, ვინ როგორ დამეხმარებოდა შესაძლო ალერგიული შოკის შემთხვევაში.
შეიძლება სწორედ შიშის გამო ამიჩქარდა გული, როცა ავიცერი. წამალი მომცეს და რამდენიმე წუთში ყველაფერმა გაიარა. სულ ტყუილად მეშინოდა ჩემი ქმრის გამო, სრულიად უმტკივნეულოდ გადააგორა აცრა… ეს მაისში იყო. მერე მეშინოდა შვილების გამო. მეშინოდა იმიტომ, რომ პოლიომიელიტის აცრის მერე, პოლიომიელიტთან ორთვიანი ურთულესი ბრძოლა მაქვს გადახდილი წლების წინ.
ახლაც მეშინოდა გართულებების, თან ძალიან მეშინოდა, იმიტომ რომ ორი წლის შვილთან ერთად მართლა კოშმარი მაქვს გამოვლილი. ამჯერად სიცხის და მოთენთილობის ერთი დღით გადავაგორეთ აცრა. მეშინოდა ჩემი ექიმი დის გამო, რომელიც ერთ-ერთი პირველი აიცრა.
აპრილიდან დღემდე, ყოველ ჯერზე მქონდა პატარა გამარჯვებების შეგრძნება, ყოველ ჯერზე შიში დავამარცხე და ამის ხარჯზე, ოჯახის წევრებმა “ჩავიცვით ჯავშანი”.
ახლაც მეშინია, თან ძალიან, მეშინია გართულებების და სიკვდილის, რომელიც კორონავირუსს მოაქვს და რომლისაც სულ მეშინოდა, ამიტომაც დავამარცხე სხვა პაწაწინა შიშები…
ყოველ ჯერზე, როცა მესმის, რომ სანაცნობოში ვინმე ინფიცირდება, თუ აცრილი არ არის, მეწყება პანიკური შიში, – რომელ მხარეს დაჯდება მისი მონეტა… რუსული რულეტკაც არ არის ეს, სადაც ექვსიდან ერთი შანსია ტყვია გავარდეს, აქ ორიდან ერთი შანსია ასე მოხდეს…
რატომ ვთამაშობთ საკუთარი სიცოცხლით?! რატომ არ გვეშინია, რომ მონეტა ჩვენთვის სასურველ მხარეს არ დაჯდება?! ადამიანის დაკარგვის შიშს მართლა ვერ ვერევი… თითქოს თავზე წამოგვადგა სიკვდილი და არ გვინდა დავინახოთ, არ გვინდა ვაღიაროთ, არ გვინდა გავექცეთ…
მე მესმის იმ ადამიანების, ვისაც კითხვები აქვთ, მესმის მათი, ვისაც ეშინია, იმიტომ, რომ მე ეს გავიარე. იპოვეთ პასუხები სანდო წყაროებში ან სპეციალისტებთან, თუ საჭიროა, სიამოვნებით დაგეხმარებით. დაამარცხეთ შიში, იმიტომ, რომ კორონასი უნდა გეშინოდეთ და არა ვაქცინის! გთხოვთ, გეხვეწებით, აიცერით, რომ დაიცვათ საკუთარი სიცოცხლე და ამით ახლობლები დაიცვადთ უდიდესი, უსასრულო ტკივილისგან! აიცერით, რომ ეს ჯაჭვი სადღაც გაწყდეს, ცხოვრება დალაგდეს, მოგვეცეს ერთმანეთთან ნორმალური ურთიერთობის შესაძლებლობა, რომ ისევ დავგეგმოთ რამე, რომ “ხვალ” არსებობდეს…
დღეში, საშუალოდ, 50 სიცოცხლე ქრება, 50 ოჯახი და საახლობლო ნადგურდება, 50 ადამიანის გასაკეთებელი დიდი თუ პატარა საქმე გაუკეთებელი რჩება, ინგრევა გეგმები, ოცნებები, მომავალი… ლამის ყველა ოჯახს შეეხო ეს ტრაგედია და მაინც აცრის გვეშინია…
აი, ახლობლის დაკარგვის შიშს მართლა ვერაფერს მოუხერხებთ, დამიჯერეთ, ამიტომ ვაქცინის უმნიშვნელო შიში დაამარცხეთ, გთხოვთ!
ნუ უჯერებთ მითებს და “მეზობლის ნათესავების” მოგონილ ამბებს, 99,99%-ია გადარჩენის შანსი ორჯერ აცრილ ადამიანებში, ოფიციალური, სარწმუნო წყაროებით, სხვა რა გითხრათ?!“,– წერს ჟურნალისტი.