“სიონში… გასვენებაში… ახალგაზრდა გოგო დავკრძალეთ… ორსულად იყო”

766

რეჟისორი სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში მძიმე დღეს იხსენებს. ექიმი ნინო ნაცვლიშვილი ახლახან კორონავირუსისგან გარდაიცვალა, ის ფეხმძიმედ იყო, ბავშვი გადარჩა, თავად – სამწუხაროდ, ვირუსს ვერ გაუმკლავდა…

რეჟისორი გუშინ მის გასვენებას ესწრებოდა და დაწერა:

„დღეს ეკლესიაში ვიყავი… დიდი ხანია არ ვყოფილვარ… სიონში… გასვენებაში… ახალგაზრდა გოგო დავკრძალეთ… ორსულად იყო… ბავშვი გადარჩა… თვითონ ვერ… ცრემლები, ქვითინი, ყვავილები, მიწა…
უფრო მეტად ახლობლების გასვენებებიც გამომიტოვებია, ვიდრე ჩემი მეგობრის მეგობრის მეუღლე… მაგრამ გულმა არ გამიძლო… დანაშაულის გრძნობის განცდა მქონდა… ამიტომაც წავედი… თანამონაწილედ ვთვლი თავს მის მკვლელობაში… მისი ოჯახის, მისი ახლობლების, მისი შვილების გაუბედურებაში… სამოქალაქო პასუხისმგებლობა მაგარი რამეა… ზრუნვაა, სიყვარულია… ვუყურებდი იმ ადგილს, სადაც ბოლოს სულ ჩემს მეგობრებს ვუყურებდი… გოგოს და ბიჭს… გვერდშიც გოგონები და ბიჭები… ნიშნობის ბეჭდები… გვირგვინები… ახლა კი სასახლე… სასახლეც რაღაცნაირად აღმატებულად ჟღერს… კუბო… ოთხი ფიცარი… გია დანელიას “არ დაიდარდო” მახსენდებოდა… იქაა ასეთი ფრაზა… а ребёнок будет жить… სამწუხაროდ, აღარ ვარ ისე ღრმად მორწმუნე, რომ მჯეროდეს, გარდაცვლილი გოგონა გვხედავდა, გრძნობდა, როგორ ტკიოდა ხალხს უმისობა… ვერც მისი მეუღლის გაუთავებელ კოცნებს გრძნობდა, ვერც მამის დაუსრულებელ ფერებას, არც მამიდამისის განწირული, ჩამოუყალიბებელი, არეული სიტყვები ესმოდა… მჯერა მხოლოდ იმის, რომ ციფრები, რომლებსაც ისე შევეჩვიეთ, როგორც ბინგოში ამოსულ ციფრებს… 40…52..73…23….39… თითოეულის უკან ბევრი უბედურად დარჩენილი ადამიანია… ბევრი ცრემლია… დაობლებული ბავშვებია… სამუდამოდ შავებში გამოწყობილი დედებია… მკვლელი კი უხილავი… ყველაზე და ყველაფერზე პატარა… წვეთიც კი არა… რაღაც არ არსებული ვირუსია… ჩვენ კი თანამონაწილეები… ხელშემწყობები მაინც… იმიტომ, რომ პირბადეში მცხელა… იმიტომ, რომ აცრა არ ვიცი რას მიზამს მომავალში… იმიტომ, რომ მეგობრები თუ არ შევიკრიბეთ, ისე რა აზრი აქვს ცხოვრებას?!
ჩვენც შევიკრიბეთ დღეს… მეგობრები… გასვენებაში… ისე რა აზრი აქვს ცხოვრებას?!“