მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორისა და მსახიობის ციცინო კობიაშვილისთვის თეატრი ჯადოსნური სამყაროა. უბედნიერესია, როცა შერჩეულ პიესას ხელში იღებს და როლების განაწილებას იწყებს. იმავე თეატრის მსახიობია მისი მეუღლე თემურ კილაძე, რომელთან ერთადაც 41 წელია მოდის. რეჟისორი ,,სარკეს” უამბობს.
-როგორია რეჟისორის და მსახიობის ურთიერთობა, როცა ისინი მეუღლეები არიან?
– თავიდან არ სიამოვნებდა, მე რომ რეჟისორად მოვევლინე. შემდეგ მიეჩვია, დარწმუნდა ჩემს შესაძლებლობებში და ძალიანაც უხარია, როცა სპექტაკლში დავაკავებ. იბუტება კიდეც, თუ არ მჭირდება. თვითონ მართლაც კარგი მსახიობია. მეც სიამოვნებით ვაძლევ როლს, რადგან ვიცი, შედეგი საუკეთესო მექნება.
–როგორია თქვენი ოჯახური ცხოვრება სცენის მიღმა, როგორ შეინარჩუნეთ სიყვარული ხელუხლებლად ამდენი წელი?
– შემიძლია დავიფიცო, რომ ახლა უფრო მძაფრად მიყვარს. პანდემიის პირველ პერიოდში, როცა იძულებით დაგვსხეს სახლში, უფრო მეტად შევკავშირდით, ერთი წუთითაც არ მოგვბეზრებია ერთად ყოფნა. მესამე კურსზე რომ ჩავკიდეთ ხელი ერთმანეთს, დღემდე ხელჩაკიდებულები დავდივართ. ჩვენთვის ყველა სიტუაციაში პირველი არის ერთმანეთი, ოჯახი, ჩვენი შვილი და შვილიშვილი. უფლის სიყვარულის შემდეგ ეს ყველაზე ძვირფასი მონაპოვარია.
ოჯახი ისეთია, კიდეც იჩხუბებ, გაბრაზდები, გამწარდები, იფიქრებ, რომ დამთავრდა ყველაფერი, მაგრამ, დილით რომ გავბრაზდებოდით, საღამომდე ვერ ვძლებდით უერთმანეთოდ. რაც ასაკში შევდივართ, თითო სიტყვასაც კი ვუფრთხილდებით ერთმანეთისთვის სათქმელს, ჯანმრთელობაზე ვზრუნავთ.
სიყვარული ის კი არ არის, როცა შენ ხარ კარგად, არამედ იმის გაფრთხილება, ვინც გიყვარს. ამაზე ღირებული, ამაზე ძვირფასი არაფერია. დანარჩენი თითიდან გამოწოვილია და მხოლოდ იმიტომ იგონებ, რომ ყოფა გაილამაზო. მე ყველაფერი მიხარია, რადგან ჩემ გვერდით არის ადამიანი, ვინც ჩემი კედელია, ჩემი საყრდენი, ჩემი იმედი, დიდი სიყვარული.
– სიმპათიური მეუღლე გყავთ. ახალგაზრდობაში არ ეჭვიანობდით?
– არ ვეჭვიანობდი. თუმცა მას დიდად არ სიამოვნებდა, რომ თეატრში ბევრ დროს ვატარებდი. არც ისეთი როლები უნდოდა, ვინმეს შეყვარებული მეთამაშა და კოცნა დამჭირვებოდა. თავადაც მქონდა კომპლექსები.
– როგორც რეჟისორი, შვილს, ჯაბას, როგორ აფასებთ?
– უკვე საკმაო გამოცდილება დააგროვა და თავისი ადგილი დაიმკვიდრა, თუმცა ვერც მსახიობი და ვერც რეჟისორი ვერასდროს გაბედავს, თქვას, რომ პროფესიაში ყველაფერი იცის. ეს არის მუდმივი პროცესი. ყოველ ახალ როლს ისე იწყებ, როგორც პირველს.