“პირველმა ცოლმა შვილები მაჩუქა, ახლანდელმა – იდილია”

324

სიყვარულს მის ცხოვრებაში უდიდესი ადგილი უჭირავს. სწორედ ეს გრძნობაა მისი შემოქმედების მთავარი მუზაც და ყოველდღიურობის განმსაზღვრელიც.

პანჩო (ლევან მგალობლიშვილი): სიყვარულია, როცა მუცელში პეპლებს გრძნობ და სიგიჟეებს სჩადიხარ, როცა თავს ვერ და არ აკონტროლებ. სიყვარულია, როცა უკვე დიდი ხარ და ისე გიყვარს, მასთან ერთად ოჯახს ქმნი. სიყვარულია, როცა ბერდები საკუთარ ოჯახთან, შვილებთან და შვილიშვილებთან.

– პირველად როდის შეგიყვარდათ?

– მერვე კლასში ვიყავი, როდესაც პირველად ვიგრძენი სიყვარული. ოჯახთან ერთად კიკეთში ვიყავი დასასვენებლად. იქ გავიცანი ერთი გოგონა და შემიყვარდა. ეს ცალმხრივი სიყვარული იყო. მახსოვს, ძალიან მრცხვენოდა, იმდენად, რომ ვერც ვუთხარი. ვგრძნობდი, რომ მას არ ჰქონდა ჩემ მიმართ იგივე დამოკიდებულება. ჩემთვისაც უცხო ხილი იყო ეს გრძნობა. მერე სკოლაში შემიყვარდა ერთი ადამიანი და მასთან რამდენჯერმე გადაიკვეთა ჩემი ცხოვრება. თუმცა, სკოლის პერიოდში მასთანაც ცალმხრივი იყო ჩემი სიყვარული. 22 წლის ვიყავი, როცა ცოლი მოვიყვანე. მომავალი მეუღლე ინსტიტუტში გავიცანი.

– ამ სიყვარულს ახლდა ლამაზი ისტორიები?

– კი, მას დავუწერე „ცაში ახედე“ და მას შემდეგ მალე შევუღლდით. თუმცა, მარტო ეს არა, კიდევ ბევრი სიმღერა დავუწერე. როცა გრძნობა გაქვს, უფრო მეტად აღგზნებულია შენი ნერვული დაბოლოებები და მუზაც ხშირად მოდის.

– გარეგნობა, სიმღერა, გიტარა, მგონია, რომ ამ ყველაფრის გამო განსაკუთრებული აურა იქმნებოდა თქვენ გარშემო…

– ეგ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ დამიჯერეთ, იმისთვის, რომ ადამიანი შეგიყვარდეთ, ეს არ არის მნიშვნელოვანი. რაღაც გავლენას ესეც ახდენს, მაგრამ მღერი თუ ცალი ფეხი გაქვს, არ აქვს მნიშვნელობა, რომ ადამიანს შეუყვარდე. შეიძლება, სიმპათია ან ინტერესი გაუჩნდეთ შენ მიმართ იმის გამო, რომ მღერი, მაგრამ სიყვარული სხვა რამეა. ცოტას ვმღეროდი, ცოტას ვხატავდი, მხიარული ვიყავი – ეს ქმნის ადამიანის ხასიათს და ვიღაცას ამის გამო უყვარდები, ვიღაცას – არა.

– თუმცა, გოგონებში ამის გამო პოპულარული იქნებოდით და არ შეგიფერებიათ ეს მდგომარეობა?

– არა, არასდროს. პირიქით, სულ ვამბობ, რომ მე არ ვარ პროფესიონალი მომღერალი. განსაკუთრებული ამბიციები არასდროს მქონია. ქალებს რაც შეეხება, ქალები მიყვარდა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ გიტარის და სიმღერის გამო ვიყავი პოპულარული. მე ხომ საკმაოდ გვიან გამოვჩნდი. რომ ვმღეროდი, ეს მხოლოდ ჩემმა მეგობრებმა იცოდნენ. ქალს რომ შეუყვარდე, მთავარია, კარგი ადამიანი იყო, იმის იქით, გინდ იმღერე და გინდ იცეკვე.

– თქვენთვის რა გაუკეთებია განსაკუთრებული თქვენზე შეყვარებულ ქალს?

– ქალს ჩემთვის რა გაუკეთებია? ბიჭო, არაფერი (იცინის). არაფერი არ გაუკეთებიათ. დეტალებზე არ ვამბობ, ხომ უნდა დაგამახსოვრდეს და არაფერი განსაკუთრებული (იცინის). მეორე მეუღლეს ლექსებს ვწერდი ხოლმე მესიჯებად. რომ დავშორდით, რვეული მაჩუქა, რომელშიც ჩემი ყველა ლექსი იყო ერთად და მერე ეს ლექსები სიმღერებად ვაქციე. ეს მართლა ძვირფასი საჩუქარი იყო. სინამდვილეში, ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი სიყვარულია. პირველმა ცოლმა შვილები მაჩუქა, ახლანდელმა – იდილია. მატერიალური საჩუქრები არ არის საჭირო, ქალმა სიყვარულზე მაგარი რა უნდა გაჩუქოს?! იმ სიყვარულში კიდევ ბევრი რამ არის, რასაც შენთვის აკეთებს, შენ კი არაფრის ღირსი არ ხარ (იცინის).

– როგორია თქვენთვის იდეალური ქალი?

– რომელიც მე ამიტანს და რომელსაც ვეყვარები. რომელიც მე მეყვარება და რომელსაც მე ავიტან. ვისთან ერთადაც უკონფლიქტოდ ვიცხოვრებ. თავიდან, როცა ურთიერთობა იწყება, რა კარგი წყვილიც არ უნდა იყოთ, ერთმანეთის გაცნობას ჩხუბი, სახლიდან წასვლა, დაბრუნება და სხვა უსიამოვნებები მოჰყვება. მთავარია, ეს პერიოდი გაიაროთ და დალაგდეთ. ყველა თავისებურია და ვინ რას დათმობს, ამაზე მიდის ერთი ამბავი, ჩხუბი და ნერვიულობა. ბევრი სიგიჟეა, მაგრამ მერე ყველაფერი წყნარდება და დგება იდილია, რა თქმა უნდა, თუ ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს.

– თქვენი იდილია როგორია?

– როცა ბედნიერი ხარ, როცა ყველაფერი ისეა, როგორც შენ გინდა, რომ იყოს. პრინციპში, ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა ასეთი იდილია. მაგრამ ამ ეტაპზე, მე მაინც ვიტყოდი, რომ იდილიაში ვარ. მთავარია, ადამიანმა თავისთვის საკმარისი ზომა იცოდეს, მეტი არ უნდა მოინდომო. რაც მე ახლა მაქვს, იქიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ იდილიაში ვარ. ცოტა უკეთესადაც შეიძლებოდა, მაგრამ… (იცინის). მეუღლესთან არანაირი პრობლემა არ მაქვს. ძალიან შეხმატკბილებულები ვართ. შეიძლება, ამის მიზეზი ისიცაა, რომ ჩვენ ბავშვი არ გვყავს. შვილი რომ ჩნდება, ერთი მხრივ, ძალიან დიდი ბედნიერებაა, მაგრამ მონეტას ორი მხარე აქვს. როცა შვილია, ქალის ყურადღება უფრო ბავშვზე გადადის. კაცი კი მოვალეა, ოჯახს არაფერი მოაკლოს.

– რამდენჯერ შეიძლება, შეგიყვარდეს?

– შეიძლება, იმდენჯერ, რამდენი წელიც ცხოვრობ და შეიძლება, მხოლოდ ერთხელ. არ მაქვს ამ კითხვაზე პასუხი. შეიძლება, ყველა სიყვარული ნამდვილი იყოს, მაგრამ თუ ერთი ნამდვილად გიყვარს, მეორეს როგორღა შეიყვარებ? თუმცა, ხომ ხდება ასე?! გოგო, რომელიც ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში მიყვარდა, მაგრამ მას არ ვუყვარდი, წლების შემდეგ ისევ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. მაშინ მე პირველ ცოლთან გაყრილი ვიყავი, ის კი – ქმართან. ისევ შევხვდით ერთმანეთს და ურთიერთსიყვარული ვიგრძენით. მერე ისევ დავშორდით, ის თავის გზაზე წავიდა, მე – ჩემსაზე. თბილისი პატარა ქალაქია და მას შემდეგაც ვხვდებით ერთმანეთს, მაგრამ სიყვარული აღარ არის. თუმცა, მაშინ ის გრძნობა, რომელიც ჯერ კიდევ სკოლაში მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ წლები გავიდა და ბევრი რამ მოხდა, მასთან შეხვედრის შემდეგ გაცოცხლდა. რომ დავინახე, მაშინვე ძველი სიყვარული აინთო. ასეა, როცა უნდა აინთება, როცა უნდა ჩაქრება, სიყვარულს ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ.

– როცა ბევრი ქალია შენზე შეყვარებული, ეს დიდი ცდუნებაა, არ ეჭვიანობდნენ ისინი, ვინც კონკრეტულ მომენტში თქვენ გვერდით იყვნენ?

– თუ მეორე ნახევარმა იცის, რომ მე ის მიყვარს, უფრო სწორად, გრძნობს, რომ მიყვარს, თორემ აქ ცოდნა არაფერს ნიშნავს, მაშინ ის დარწმუნებულია, რომ სხვას ისეთი თვალით აღარ უყურებ. შენი გონება და გული მხოლოდ ერთი ქალით არის დაკავებული. ცდუნებას რაც შეეხება, ეშმაკისეულები ხართ ქალები და ცდუნება როგორ არ არის, როცა ცდუნება იყო, მაშინ ვურევდი, მაგრამ მერე გამოცდილებამ ბევრი რამ მასწავლა. თუმცა, ცხოვრება ისეთია, ვერასდროს ვიტყვი რამეზე, რომ ის არასდროს მოხდება.