ერთი წლის წინ, 18 აპრილს უკრაინაში, მარიუპოლთან ქართველი მებრძოლი, 44 წლის დათო შარტავა დაიღუპა. ის ოკუპანტებს უკრაინაში ებრძოდა.
,,დათო, ჩემო მონატრებულო შვილო, ერთი ტკივილიანი წელი გავიდა უშენოდ. თითქოს ახლახან იყო ის საშინელი 18 რიცხვი. საშინელება ყოფილა შვილმკვდარი დედის სახელი. კიდევ არ მინდა დაჯერება, რომ აღარ გავიგონებ შენს ხმას, აღარ დამიძახებ: ,,დედი”. ძალიან მენატრები, შვილო. უფალმა იმქვეყნიურ საქართველოში გაანათლოს შენი ლამაზი სული”, – დაწერა სოციალურ ქსელში დავით შარტავას დედამ, ჟურნალ ,,სარკის” თანამშრომელმა, მარინა ჟღენტმა.
დათო შარტავას სანგარში რუსმა ოკუპანტებმა ავტომატური ყუმბარმტყორცნის ÀÃÑ-17-ის 30-მმ ყუმბარები ჩაუყარეს. მან უკრაინელი ახალწვეულის სიცოცხლე იხსნა, რომელიც იმ საბედისწერო წუთებში მის გვერდით იყო – ხელი ჰკრა და ახალგაზრდა გადაარჩინა, თვითონ კი დაიღუპა.
_დათო თავიდან სამსახიობო-სარეჟისოროზე სწავლობდა. საკმაოდ წარმატებული მსახიობი იყო, მაგრამ მერე ცუდი პერიოდი დაიწყო. მსახიობებს არანაირი შემოსავალი არ ჰქონდათ, თან, 22 წლის ასაკში დაოჯახდა, ცოლ-შვილი ჰყავდა სარჩენი და იძულებული გახდა, უარი ეთქვა თავის პროფესიაზე.
ძალიან თბილი ბიჭი იყო. ყველასთვის შეეძლო თავი გაეწირა. ოღონდ ვინმესთვის რამე გაეკეთებინა და არაფერს ჩიოდა. ვეხვეწებოდი, ჩამოსულიყო. სულ მეშინოდა. მეუბნებოდა, ნუ გეშინია, არაფერი მომივაო.
ბოლოს რომ დაველაპარაკე, მითხრა, სანგარში ვზივარ, სიბნელეში, მაგრამ ნუ გეშინია, ეს თამაშიაო. როგორც ჩანს, მე მამხნევებდა, რომ არ შემშინებოდა. მე კი სულ შიში მქონდა. დილა-საღამოს დაჩოქილი ვევედრებოდი ღვთისმშობელს, ცოცხალი დამიბრუნე-მეთქი.
გადასარევი მეუღლე და შვილები დარჩა. სამაგალითო ბიჭები არიან გიორგი და ბექა. უკრაინაში ჯარისკაცები დიდი პატივით გამოეშვიდობენ, იქაც ყველას უყვარდა თურმე, _ იხსენებს შვილს დათოს დედა.