“გივის გარდაცვალების შემდეგ დარდობდა, სულ ფანჯარაში იჯდა და ეზოში იყურებოდა. მერე ჭამაც აიკრძალა და მალე მოკვდა”

378

2 მარტს საქართველოს თეატრალური უნივერსიტეტის მეტყველების კათედრის პედაგოგი, პროფესორი, საქართველოს საყვარელი მსახიობის, გივი ბერიკაშვილის, მეუღლე, ლეილა კაპანაძე გარდაიცვალა. თეატრალურ უნივერსიტეტში 70 წლის განმავლობაში სტუდენტთა არაერთი თაობა აღზარდა. დღეს ყველა უდიდესი მადლიერებით და მოწიწებით იხსენებს საყვარელ პედაგოგს.

გივის და ლეილას ცალ-ცალკე ყოფნა წარმოუდგენელი იყო. ქმრის გარდაცვალებიდან ხუთი წელი ქალბატონმა ლეილამ მოგონებებში გაატარა. ნელ-ნელა ჩაუქრა სიცოცხლის სურვილი და თავადაც მასთან წავიდა. მათი ქალიშვილი, მანანა ბერიკაშვილი, მშობლებზე მხიარულ-სევდიან მოგონებებს ,,სარკეს” უზიარებს:

– ჩვენ გვეგონა, რომ დედა უკვდავი იყო, არასდროს არაფერი დაემართებოდა. არავინ შევდგებოდით მის გარეშე, არც ჩვენ, არც გივი, რადგან ეს იყო ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება შემოგვწირა. მე 50 წლის ვიყავი, მარტო რომ გადავედი საცხოვრებლად და ყველაფერზე დედას ვურეკავდი, იმაზეც კი, სარეცხი მანქანა როგორ ჩამერთო. ის გვიწყობდა ხელს, რომ ჩვენი საქმე გვეკეთებინა, ოჯახის ტვირთს მარტო ატარებდა.

არა მარტო ჩვენი, მისი ძმების, დების, შთამომავლების პატრონი, მფარველი და დედაბოძი იყო, ძალიან ენერგიული, ავკარგიანი, მშრომელი, ამავე დროს, საუკეთესო პედაგოგი. ვერც წარმომედგინა, რომ ამდენ ყოფილ სტუდენტს, 30-40 წლის წინ მის ხელში გავლილს, ასეთი სიყვარულით ახსოვდა დედა. უამრავი ადამიანი მოდიოდა მის გასაცილებლად. ძნელია, იყო ყველასთვის მისაღები, კარგი, ლეილამ ეს შეძლო.

დედა თეატრალურზე სწავლობდა მამასთან ერთად. არ იყო უნიჭო და შეეძლო თავისი კარიერა აეწყო. ყველაფერი მიატოვა, საკუთარ თავზე აიღო ოჯახის უზრუნველყოფა. ძირითადი ფინანსების შემომტანი ის იყო, რამდენიმე სასწავლებელში ასწავლიდა, მოსწავლეები ჰყავდა. სულ შრომობდა, რომ გივისთვის შეეწყო ხელი.. რამდენიმე ათეული წელი გაატარეს ერთად, ჯუჯღუნში, ძირითადად დედა ჯუჯღუნებდა. რა თქმა უნდა, ეს გივის ჯანმრთელობაზე ზრუნვით იყო გამოწვეული, როგორც პატარა ბავშვს, ისე უვლიდა მთელი ცხოვრება.

– როგორ ახერხებდა დატვირთული პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად შვილების მოვლასა და საოჯახო პრობლემების გადაჭრას?

– სასწაული იყო, არც მეგულება მეორე ასეთი ენერგიული ადამიანი. მეც სულ მიკვირდა, გივი იცინოდა, რა გიკვირს, არ იცი, მგელი და კაპანაძის ქალი ერთად ორმოში ჩააგდეს და კაპანაძემ მგელი შეჭამაო. სულ სტიმულს გვაძლევდა. გივის წასვლის შემდეგ მოტყდა, მისი სიყვარული, ცხოვრების მთავარი აზრი აღარ ჰქონდა და მას აღარ უნდოდა სიცოცხლე…

დედა არა მარტო თბილისის სახლს უვლიდა, წვერში გვქონდა აგარაკი და იქაც თავად აკეთებდა ყველაფერს. უყვარდა მიწაზე ფუსფუსი, ყვავილების მოვლა, აღტაცებით შეჰყურებდა აყვავებულ ეზოს.

გივის რამდენიმე ძირი ვაზი ჰქონდა გახარებული. ერთხელ გაბრაზებულმა დედამ ის ვაზი აუჭრა. მამაჩემმა დამიძახა და მითხრა, შეხედე, შვილო, მურვან ყრუს არ აუჩეხია ვაზი საქართველოში, ლეილამ კი აჩეხაო. უცებვე შერიგდებოდნენ, ეს ყველაფერი ხომ გივის საკეთილდღეოდ იყო…

– ბევრჯერ მინახავს ბატონი გივი თავის პატარა ცუგასთან მოსეირნე. პატრონის გარეშე დარჩენილი მეგობარი როგორ იყო?

– ბუბუმ ბოლომდე უერთგულა გივის. დარდობდა, სულ ფანჯარაში იჯდა და ეზოში იყურებოდა. მერე ჭამაც აიკრძალა და მალე მოკვდა.