“ურთიერთობაში შესვლის დაუოკებელი სურვილი აღარ მაქვს”

238

სურვილი – დახმარებოდა ზრდასრულ ადამიანებს რთულ მდგომარეობებთან გამკლავებაში, ბავშვობიდან ჰქონდა. მერე, როცა საკუთარ თავზეც ბევრი გამოცადა და გარკვეულ გზებს მიაგნო, გადაწყვიტა, ეს გამოცდილება „ფხიზელი ტომის“ სახით, სხვებისთვისაც გაეზიარებინა.

ნელი აგირბა: ადამიანების დახმარების იმპულსი ბავშვობიდან მქონდა. ყოველთვის ინტენსიურ ძიებაში ვიყავი. თუმცა, ძიებამდე, სანამ ყველაფერი ცხადი იყო, ანუ გარდატეხის ასაკამდე, ვხედავდი, როგორ უჭირდათ უფროსებს. როცა ბავშვები ვართ, ამას კარგად ვხედავთ. უფროსებს უჭირთ ემოციების მართვა, ურთიერთობები, ტკივილს განიცდიან, გულწრფელები არ არიან, სიკეთისა და სინაზის ნაკლებობა აქვთ. ბავშვისთვის უცნაურია ეს მდგომარეობები. მინდოდა, დავხმარებოდი უფროსებს და ვფიქრობდი, რომ გავიზრდები, ადამიანების სულები მუსიკით უნდა განვკურნო-მეთქი. მას შემდეგ მუსიკას შევეშვი. მე თვითონ წავედი ამნეზიურ მდგომარეობაში – დამავიწყდა, ვინ ვიყავი, რა სურვილები მქონდა და დავიჯერე დიდური თამაშები, ანუ მეც იმავე მდგომარეობაში აღმოვჩნდი და უკვე მეც დამჭირდა შველა (იცინის). მერე ნელ-ნელა ამოვყვინთე ამ მდგომარეობიდან. პიკი იყო ჩემი ქმრის გარდაცვალება. ამან ისე შემანჯღრია, რომ უკან მოსაბრუნებელი გზა აღარ დამიტოვა.

– ეს დიდური პრობლემები შინაგანი რთული მდგომარეობით არის გამოწვეული თუ ტრაგედიებითა და პრაქტიკული სირთულეებით, რომელთან გამკლავებაც დიდებს უწევთ?

– თუ მარილს ჩაყრი ჭიქაში, გამლაშდება, მაგრამ იმავე რაოდენობის მარილი ტბას გემოს ვერ შეუცვლის. დაახლოებით ასეა. როდესაც საკუთარი თავი ჭიქის ზომამდე გყავს დაპატარავებული, მაშინ გარე ფაქტორები სერიოზულ ტანჯვას იწვევს. როდესაც ფართოვდები, იხსენებ რა ხარ, მაშინ შეგიძლია, ეს ყველაფერი განიცადო, შენში შემოუშვა, მაგრამ არ დარჩე მათში. მერე შესაძლებელი ხდება, სირთულეები ნაკლები ტანჯვით მიიღო. უფრო სწორად, იცი როგორ იტანჯო. ტანჯვაშივეა გასაღები – მისი მიზეზების პოვნა და საკუთარ თავში აღიარება გვეხმარება ტანჯვისგან გათავისუფლების გზის დანახვაში.

– როგორ შეძელი იმ ტრაგედიიდან გამოსვლა, რასაც საყვარელი ადამიანის გარდაცვალება ჰქვია?

– ახლა ძალიან მადლობელი ვარ ჩელესი, რომ ამ ყველაფერში გამომატარა. ეს არის გამოცდილება საკუთარი თავისა და სამყაროს შემეცნების. ჩემს ტანჯვას იწვევდა ის, რომ მე დავიწყებული მქონდა, რა ვართ. იმდენად მივეჯაჭვე ამ ბედნიერებას, ვერ წარმომედგინა, როგორ შევძლებდი აქ მარტო ცხოვრებას. საბოლოოდ საკუთარი თავის შეყვარებასთან მივედი. ნელ-ნელა დავიწყე ნელის მშობლობა, აღზრდა, მასზე ზრუნვა, რასაც მანამდე ვერ ვაკეთებდი. ამ ტრაგედიამ მიმიყვანა გარკვეული წესებისა და ვალდებულებებისგან გათავისუფლებასთან. მაგალითად, ისეთების, როგორიცაა „ასეთ სამსახურში უნდა იმუშავო“, „ამდენი ხელფასი უნდა გქონდეს“, „ორ წელიწადში კიდევ უფრო მეტი ხელფასი უნდა გამოიმუშავო“ და ასე შემდეგ. მივხვდი, რომ ამის არანაირი აუცილებლობა არ არსებობს, რომ შინაგან ხმას უნდა მოუსმინო, რომ თუ სიცოცხლეს მივენდობი, შიმშილით არ მოვკვდები. რაც უფრო ვენდობი სამყაროსა და საკუთარ თავს, მით უფრო საოცარ მოვლენებს ვხედავ და ახალ-ახალი შესაძლებლობები იხსნება.

– როცა შვილები გყავს, მხოლოდ საკუთარ თავზე აღარ ხარ პასუხისმგებელი და მატერიალურ საჭიროებებზე ზრუნვა მათი მომავლის გამოც გიწევს. ამ პროცესში ეს ფაქტორი არ თამაშობდა გარკვეულ როლს?

– შვილების ფაქტორი იყო გადამწყვეტი, რატომაც დავრჩი აქ და ამ ტანჯვას, რომელიც ჩელეს სიკვდილმა გამოიწვია, პირისპირ დავუდექი და არ გავექეცი. როგორღაც უნდა დავბრუნებულიყავი. ფიზიკურად კი აქ ვიყავი, მაგრამ გონებრივად და ემოციურად – არა. ვხედავდი, რომ ბავშვები იზრდებოდნენ და არ ვაკეთებდი იმას, რასაც მათთან მიმართებაში უნდა ვაკეთებდე, ვერ ვიყავი მათთვის მაქსიმალურად სასარგებლო. ნელ-ნელა შევძელი ამის შეცვლა. მატერიალურ საჭიროებებს რაც შეეხება, პრაქტიკულად რომ ვთქვათ, უფასო ან იაფი წრეებიც ბევრია. მუდმივად მეტ შემოსავალზე ფიქრი დამანგრეველია. არასოდეს მთავრდება მოთხოვნილებები, იზრდება და იზრდება. არ გყოფნის და მერე ვალებს იღებ, მეტს მუშაობ და ამ ყველაფერში მიდის სასიცოცხლო ღირებულებები. ფაქტობრივად, აღარ გრჩება სიცოცხლე, რომლისთვისაც ამ ფულს აგროვებ. თუ ძალიან ბეჯითად იშრომე და სასურველს მიაღწიე, რაღაც მომენტში, აცნობიერებ, რომ ამ მდგომარეობაში არაფერი ყრია. ბევრი ფაქტორია, რამაც შეიძლება, ამ მდგომარეობიდან გამოფხიზლება გამოიწვიოს. აუცილებელი არ არის თავს დიდი ტრაგედია დაგატყდეს, ამ მიმართულებით ნელ-ნელა შეგიძლია საკუთარ თავზე მუშაობის დაწყება. ზუსტად ამისთვის შეიქმნა „ფხიზელი ტომი“. რამდენიმე მეგობარმა მითხრა, კარგია საკუთარ თავზე მუშაობა, მაგრამ როგორ დავიწყო, არ ვიციო. ვცადე, სიტყვიერად ინფორმაციის გაცემა, მაგრამ მივხვდი, რომ არ მუშაობს. ვფიქრობდი, როგორ გადამეცა საკუთარი გამოცდილება სხვებისთვის. პრაქტიკაში ეს ყველაფერი ძალიან ადვილია მარტივი სავარჯიშოებით, ცოტა დისციპლინით, საკუთარი თავისთვის მცირე დროის დათმობით, გათავისუფლება საკუთარი რეალური სახის დანახვის გზით. ვფიქრობდი, რა ფორმით დავხმარებოდი ადამიანებს ამის მიღწევაში და ბოლოს მივედი „ფხიზელი ტომის“ იდეასთან.

– რა ფორმას გულისხმობს ეს?

– ადამიანები რამდენიმე დღით ფიზიკურად ერთ სივრცეში ვიკრიბებით და ამ დროს სრულად ვუთმობთ საკუთარ თავს, ვცდილობთ სხვადასხვა გზების გამოყენებას საკუთარ თავზე ზრუნვისთვის, მაგალითად, მედიტაციით, სიზმრებზე დაკვირვებით, ერთმანეთთან კავშირის დამყარების გზით, საკუთარ თავთან ურთიერთობით სხეულებრივ დონეზე, სხეულის მოსმენით. ეს ჩემი ნაწილია. ჩემთან ერთად არის ჩემი მეგობარი, რომელიც ძალიან სენსიტიური არტთერაპევტია. ის ისე ხედავს შემოქმედებით გამოვლინებებში ადამიანის მდგომარეობას, რომ შუა საუკუნეებში, ალბათ, კოცონზე დაწვავდნენ (იცინის). ის ატარებს არტთერაპიულ სეანსებს. ერთად ვხატავთ, ვძერწავთ და ვხედავთ ჩვენს მდგომარეობებს. ამ გზით ვხედავთ, რა ხდება ჩვენს ქვეცნობიერში, როგორია ჩვენი ემოციური მდგომარეობა და ვაცნობიერებთ, რა ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი.

– მოახერხე იმის რეალიზება, რაც ბავშვობიდან გინდოდა?

– ეს ჩემთვის გათავისუფლების აქტია. დიდი ხანი რომ ატარებ რაღაცას შენში და მერე იმშობიარებ. პირველივე შეკრებაზე მქონდა განცდა, რომ ასეც უნდა ყოფილიყო. მადლიერი ვარ ამ პროცესის. „ფხიზელი ტომის“ გარშემო პატარა, ზღაპრული სამყარო იქმნება, რომელსაც სიცხადე და სიმშვიდე მოაქვს. ვგრძნობ, რომ იმას ვაკეთებ, რასაც გული მკარნახობს და რაც სასარგებლოა. ეს ბევრს ნიშნავს, იმიტომ, რომ დიდხანს ვაკეთებდი იმას, რაც მტანჯავდა. მაგალითად, საინფორმაციო სამსახურში მუშაობა წარმოუდგენლად მტანჯავდა. სახლში მოვდიოდი და ვტიროდი, თითქმის ყოველდღე.

– „ფხიზელი ტომი“ ნიშნავს ტელევიზიასთან დამშვიდობებას?

– ტელევიზიაში აქტიურად რამის კეთების იმპულსი არ მაქვს. არც შემოთავაზება მიმიღია, რომელიც ახლა ჩემთან თანხვედრაში იქნებოდა. რომ იყოს, მერე ვიფიქრებ. მაქსიმალურად ვცდილობ, ნებისმიერ საქმეს ხელი არ მოვკიდო და ჩემთვის და გარშემო მყოფებისთვის სასარგებლოდან ამოვიდე.

– ნათქვამი გაქვს, იმდენად მინდოდა ოჯახური ბედნიერება, ძიების პროცესში ჩემი ცხოვრება ვენესუელურ სერიალს დაემსგავსაო. თუ მიაღწიე კმაყოფილებას, ბედნიერების განცდას?

– მივაღწიე სიმშვიდეს, რაც სიახლეა ჩემთვის. ორი წელია, მშვიდად ვარ. არ ვეძებ ურთიერთობებს. სიმშვიდე მარტო ყოფნაში ბევრად მარტივია, ვიდრე ურთიერთობაში. ამ დროის განმავლობაში განდეგილი ბერივით ვიმუშავე საკუთარ თავზე (იცინის). მიღწეული შედეგი ურთიერთობაში არ დამიტესტია, თუმცა, სიახლე არის ის, რომ ადრინდელისგან განსხვავებით, ურთიერთობაში შესვლის დაუოკებელი სურვილი აღარ მაქვს. მარტო დარჩენის შიში მქონდა, იმიტომ, რომ საკუთარი თავის სიყვარული არ ვიცოდი. მეგონა, მიყვარდა საკუთარი თავი, თუმცა, აღმოჩნდა, რომ წარმოდგენაც არ მქონდა ამაზე. რაც საკუთარი თავის შეყვარება დავიწყე, აღარ მჭირდება გარედან იმის დადასტურება, რომ ღირებული ვარ და აღარც ურთიერთობებს ვიწყებ ვიღაცის გადასარჩენად. ძირითადად ასე იყო – ვიღაცის გადასარჩენად ვიწყებდი ურთიერთობას, რომ საკუთარი თავიდან ყურადღება მასზე გადამერთო. ახლა მშვიდად ვარ და ურთიერთობა თუ მექნება, მერე ვნახოთ (იცინის). თუმცა, ისეთი ურთიერთობა ნამდვილად აღარ იქნება, როგორებიც ადრე. ადრე იყო ტრავმული კავშირები, სადაც ძლიერად ხდებოდა ჩემი და პარტნიორის ტრავმების თანხვედრა. ეს აჩენდა ძლიერ მიზიდულობას, რაც გამუშავებს ამ ტრავმების აღმოფხვრაზე. ან აღმოფხვრი ან გტანჯავს ეს ურთიერთობა და საბოლოოდ, გარბიხარ. რადგან მიზიდულობა ძლიერი იყო და შავი ხვრელივით გიზიდავდა. ვფიქრობდი, რომ ძალიან ძლიერი და დიადი გრძნობა იყო და მიმაჩნდა, რომ დაკისრებული მქონდა მისია, გადამერჩინა ადამიანი, რადგან ვხედავდი მის არსს და არ ვაქცევდი ყურადღებას მის პიროვნულ თვისებებს. ურთიერთობა მქონდა მხოლოდ არსთან. არსის დონეზე ყველა ერთი სიცოცხლე, ერთი სიყვარული, ერთი ღმერთი და ენერგია ვართ. ასე რომ, გარდაცვალების შემდეგაც მოვასწრებთ ერთიანობაში მოსვლას (იცინის). ერთიანობის წყურვილი, რომელიც გვაქვს, მეორე ადამიანში დაბრუნებით ვერ კმაყოფილდება და მერე აუცილებლად ხდება კონფლიქტები. აქ, ამ სამყაროში საურთიერთოდ არსებობს ადამიანი, გამოხატული კონკრეტული თვისებებით და ჩემი პიროვნება, რომელსაც უნდა მოვუფრთხილდე. როდესაც სხვა ადამიანის მხოლოდ არსთან ვურთიერთობ და მის პიროვნულ თვისებებს არ ვაქცევ ყურადღებას, ვჩაგრავ ნელის და დიადი ერთობის სახელით ვათმენინებ რაღაცებს. არ შეიძლება ასე (იცინის). თუ ურთიერთობაში მყოფი ორივე ადამიანი მუშაობს საკუთარ თავზე, ეს უკვე საკმარისია ურთიერთობისთვის.