”დედამ ვერ გამოიყენა თავისი უზარმაზარი სანაცნობო… მე და ჩემი ძმა რაღაცით შეგვაფერხა”

308

მსახიობმა თამრი ბზიავამ მას შემდეგ, რაც სცენაზე დადგა, არაერთი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. სპექტაკლიდან სპექტაკლამდე იზრდებოდა, გამოცდილებას იძენდა… ბოლოს აღმოაჩინა, რომ ერთი დიდი ეტაპი დამთავრდა და დაიწყო ახალი, კინოკამერებით განათებული გზა.

გამორჩეულ რეჟისორებთან მუშაობაზე ოცნებობდა და ყოველთვის უმართლებდა. კარიერის დასაწყისში დიდ რეჟისორ მიხაილ მარმარინოსთან მოხვდა, შემდეგ იყო ინგლისელი ჰილარი უბი. 2017 წელს მსოფლიოში ცნობილ უკრაინელ რეჟისორ ანდრი ჟოლდაკთან მოუწია თამაში გრიბოედოვის თეატრში.

ზედიზედ რამდენიმე ფილმში გადაიღეს რეჟისორებმა – ნანა ჯორჯაძემ, ლაშა ცქვიტინიძემ, თათი ბარამიამ. ამ უკანასკნელის ფილმი “დაპირების გარეშე” არაერთ ფესტივალზე პრიზით დაჯილდოვდა. თამრი ბზიავას შესრულებული როლი საუკეთესოდ მიიჩნიეს და შესაბამისი ჯილდოთი აღინიშნა.

ცხოვრების ახალ ეტაპზე, ცნობილ დედაზე – ქეთი დოლიძესა და ძმაზე, რეჟისორ თორნიკე ბზიავაზე, მსახიობი თამრი ბზიავა ,,სარკეს” ესაუბრება.

თამრი ბზიავა:ისეთი დროა, თეატრიც იცვლის სახეს, რაღაც დოზით კინოში გადავიდა. საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს წლების განმავლობაში თეატრში მუშაობის და ვფიქრობ, თუ რეჟისორმა ახალი ფორმები არ შემოგვთავაზა, რომელიც უკვე დამკვიდრებული სტილიდან, კლასიკად ჩამოყალიბებული გარემოდან არ გაგიყვანს, როგორც ასტრალში, ცოტა არ იყოს, უინტერესოდ მეჩვენება მუშაობა.

ძალიან მომწონდა ფსიქოლოგიური დრამა, ფსიქოლოგიური თეატრი, რომლის დიდოსტატიც ჩემი ნათლია თემურ ჩხეიძე ბრძანდებოდა. მისმა გარდაცვალებამ ეს კარი დახურა, შეიძლება სრულად არა, მაგრამ ჩემთვის ასეა.

რუსთაველის თეატრშიც უდიდესი რეჟისორი მოღვაწეობს – რობიკო სტურუა, მაგრამ ის დიდების ხანაც განვლილია, როცა რამაზ ჩხიკვაძე, გურამ საღარაძე, კახი კავსაძე და სხვა გენიოსები თამაშობდნენ. შემდეგ იყო ზაზა პაპუაშვილის, ნინო კასრაძის, ნანუკა ხუსკივაძის, მერაბ ნინიძის თაობა. ბოდიშს ვიხდი დღევანდელ მსახიობთა ანსამბლთან, მაგრამ დღეს რუსთაველის თეატრიც აღარ არის იმ სიმაღლეზე. დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი დავით დოიაშვილთან, ლევან წულაძესთან, მაგრამ მინდა, ჩემი შემდგომი ეტაპი იყოს კინო.

– ქეთი დოლიძეს არ უყვარს სათქმელის შეფარულად გადმოცემა, ყოველთვის პირდაპირია. რამდენად დააზიანა თავად ის ან თქვენ მისმა უაპელაციო გამოსვლებმა?

– დედა არ ერიდება სიმართლის თქმას, ეს ბევრს არ მოსწონს. მეც და თორნიკეც ძალიან ხშირად ვკამათობთ მასთან თუნდაც იმაზე, რომ ვერ გამოიყენა თავისი უზარმაზარი სანაცნობო, რომელიც თეატრალურ სამყაროში სხვადასხვა ქვეყანაში ჰყავს. მას შეეძლო, ბევრად სახელმოხვეჭილი და წარმატებული ყოფილიყო, უცხოეთში რომ წასულიყო, მაგრამ რას იზამ, ზღვარგადასული სიყვარული აქვს თავისი სამშობლოსი. თავის თეატრზეც გადაფოფრილი იყო, სულს და გულს არ იშურებდა. სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოხდა.

ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერ დონეზე დაუფასებელია ხელოვანის შრომა, პირველ რიგში, სახელმწიფოსგან. კულტურას ყველაზე ნაკლები ყურადღება ექცევა, არადა ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი კაპიტალი, მონაპოვარი, სიმდიდრე, რითაც შეგვიძლია ვიამაყოთ, წარვუდგინოთ ჩვენი თავი მსოფლიოს და გავაოცოთ.

მეც და თორნიკეც ალბათ რაღაცით შეგვაფერხა, თუმცა ჩვენ ისე გვიყვარს ჩვენი პროფესია, ასეთ რამეებს ყურადღებას არ ვაქცევთ. ქეთის დიპლომატია აკლია, არ შეუძლია სათქმელის შეფუთვა, მაგრამ ისეთი უზარმაზარი ენერგეტიკა აქვს, თუ მოინდომა, მთებს გადადგამს.

– რამდენიმე წლის წინ, როცა ჩვენ ინტერვიუ ჩავწერეთ, მითხარით, რომ მზად იყავით ოჯახის შესაქმნელად. ახლა რა ხდება თქვენს პირადში?

– ჩემს ცხოვრებაში იყო ურთიერთობები, ადამიანები, რომლებიც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდნენ, მაგრამ საბოლოოდ არ შედგა ჩვენი ერთობა. ყველა ურთიერთობა გარკვეულ კვალს ტოვებს, გასწავლის რაღაცას, დასაფასებელია. მე არ ვკარგავ ადამიანებს, შემიძლია მათთან ჩვეულებრივი მეგობრული ურთიერთობა გავაგრძელო.

სამყარო გიწყობს გამოცდას, რას ირჩევ, ვის ირჩევ. გამოგიგზავნის ადამიანს და გგონია, შენთვის ცხოვრების თანამგზავრი იქნება, მაგრამ აღმოჩნდება, რომ მას სულ სხვა მისია აკისრია. სირთულეა, იპოვო ისეთი, ვინც შენი სულის ნაწილი იქნება, ლამის შენი სისხლი და ხორცი. ეს მაშინვე არ ხდება, ამას შრომა სჭირდება.

– ქეთის პოზიცია როგორია ამ საკითხში?

– დედა ამ კუთხით არც ჩემს და არც თორნიკეს ცხოვრებაში ერთი სიტყვითაც კი არ ჩარეულა არასოდეს.