რატომ არ გამოსდის მსახიობ ეკა ნიჟარაძეს ფულის დაგროვება, რისთვის აიღო დიდი სესხი ბანკიდან და როგორ უმკლავდება ფინანსურ საჭიროებებს, თავად მოგვიყვება.
ეკა ნიჟარაძე: ფული ჩემთვის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას ნიშნავს. ასევე, ოჯახის სიმშვიდეს და განცდას, რომ მას არაფერი აუცილებელი არ დააკლდება. ჩემი შემოსავალი არ არის ფუფუნება, ეს არის ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილება, თუმცა, ნელ-ნელა აღარ მყოფნის, რადგან ფასები ძალიან იზრდება.
– რამდენად გამოგდით ფულის პრაგმატულად ხარჯვა?
– სამწუხაროდ, არ გამომდის. არასდროს გადამიდვია ერთი ლარიც კი. დედაჩემი დღემდე მეჩხუბება, ფული უნდა გადადოო, მაგრამ ვერაფრით ვახერხებ. თუ გადავდებ, სახარჯოდ გამოყოფილი თანხა რომ გამითავდება, მაინც ვიღებ. ხელფასის აღებიდან ორი კვირის განმავლობაში მაქვს ფული და შემდეგი ორი კვირა – აღარ (იცინის). დავიწყოთ იმით, რომ ბანკში მაქვს ძალიან დიდი კრედიტი. კომუნალური გადასახადებიც მაღალია და ასე შემდეგ, საჭიროებების სია საკმაოდ დიდია, მაგრამ არ ვწუწუნებ. რეალურად, გაოგნებული ვარ, როგორ ცხოვრობს ხალხი, ეს უკვე ცხოვრებაც არ არის, როგორ არსებობენ ასეთი ფასების პირობებში? ახლა კახეთში ყველაფერი მომყავს და ზაფხულში საერთოდ არაფერს ვყიდულობ, მაგრამ სხვა სეზონზე, ხომ მიწევს ყიდვა? აქამდეც ხომ მიწევდა? წავსულვარ ბაზარში, მაგრამ მომრიდებია და ბალი არ მიყიდია, იმიტომ რომ სასწაული ფასი აქვს და ამ დროს, გვერდით დგას ადამიანი, რომელიც ნახევარ კილოგრამ ბალსაც ვერ იყიდის შვილებისთვის. იმიტომ კი არა, რომ მე მილიონერი ვარ, ჩვეულებრივად ვცხოვრობ, საშუალო შემოსავალი მაქვს, მაგრამ როცა ხედავ, რომ შენს გვერდით ადამიანს ელემენტარულის საშუალებაც არ აქვს, უხერხულობის განცდა გაქვს.
– ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა ხდება, როცა ფული გიმთავრდებათ?
– მიჩვეული ვარ ამას. მთავარი ერთი რამ არის – როგორც კი ხელფასს ავიღებ, ვყიდულობ პროდუქტს ოჯახისთვის იმ რაოდენობით, რომ შემდეგ ხელფასამდე გვეყოს. ამიტომ, როცა ფული გამითავდება, მაცივარში აუცილებლად მექნება ხორციც და ბოსტნეულიც. ზეთსაც ვიმარაგებ, შაქარსაც და სხვა საჭირო პროდუქტსაც. ორ კვირაში ფული გამითავდება, მაგრამ საკვები უნდა იყოს (იცინის). თუმცა, ისეც მიცხოვრია, თვიდან თვემდე ფულიც რომ არ მაქვს და არც საჭმლის მარაგი. ჩემი შვილები 90-იანებში გაიზარდნენ და მაშინ ყველანი ფანტასტიკის ჟანრში ვცხოვრობდით. არ ვიცი როგორ, მაგრამ ის წლებიც გადავიტანეთ, კარგადაც ვართ და უკეთესადაც ვიქნებით, ამაში ეჭვი არ მეპარება. ახლა არც უშუქობის მეშინია, არც უგაზობის. რუსეთი რითაც აშანტაჟებს ევროპას, მართლა რომ ასე მოხდეს, არაფერი არ მოუვათ, სამის ნაცვლად ერთხელ იბანავებენ დღეში.
– მეურნეობა კახეთში – ალბათ, საკუთარი მოსავალი დიდი შეღავათია.
– კი, ეს დიდი შვებაა. თან, შეუწამლავი, ნატურალური მოსავალი მაქვს. სეზონზე არაფრის ყიდვა არ მიწევს და ზოგჯერ გულიც მწყდება, იმიტომ რომ ბაზარში სიარული მიყვარს (იცინის). თან, მე, ძირითადად, კახეთში ვარ და ახმეტაში კვირა დილით ფანტასტიკური ბაზარია. მგონი, ერთადერთი ბაზარია, სადაც გლეხი ჩამოდის სხვადასხვა კუთხიდან და ნატურალურ პროდუქტებს ყიდის. კოლორიტული ადგილია, ეს ჩემი აღმოჩენაა.
– ქალბატონებთან ფულის ფლანგვა ასოცირდება, როცა საქმე ტანსაცმელს, კოსმეტიკურ და თავის მოვლის სხვა საშუალებებს ეხება. თქვენც ხართ შემჩნეული ამ ამბავში?
– მე შემჩნეული ვარ მეორადებში (იცინის). ვგიჟდები მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებზე. ტანსაცმელს მხოლოდ მეორადებში ვყიდულობ, წლებია, ასეა. მაღაზიაში რომ შევდივარ, საკმარისია თვალი შევავლო, ერთ წამში ვიპოვი რაღაც კარგს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდად ვხედავ კი არა, ცალი თვალით ბავშვობიდან ვერ ვხედავ (იცინის). მერე აუცილებლად უნდა მოვკიდო ხელი, რომ დავრწმუნდე, ნატურალური ქსოვილია და არა სინთეტიკა. მეორადი ტანსაცმლის ფეტიში მაქვს. ფანტასტიკურ რამეებს ვყიდულობ და ბევრ თანხასაც არ ვხარჯავ, რაც ყველაზე მეტად მამშვიდებს, მერე სინდისის ქენჯნა არ მაწუხებს იმის გამო, რომ რაღაც ჩემთვის შევიძინე (იცინის). სხვათა შორის, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, სადაც ნამყოფი ვარ, ყველგან მაქვს ჩემი წერტილები, სადაც შემიძლია, ლამაზი ტანსაცმელი ვიყიდო. მერე გაოცებულები მეკითხებიან ხოლმე, ვაიმე, რა საოცრება გაქცვია, სად იყიდეო?! (იცინის). როცა ვამბობ, რომ მეორადებისაა, ზოგს სჯერა, ზოგს – არა. ასე რომ, ჩემი გარდერობი მთლიანად მეორადებში შეძენილი სამოსისგან შედგება. თუმცა, ამერიკაშიც ვყიდულობ ხოლმე უფრო პრაქტიკულ ფეხსაცმელს, ტანსაცმელს – არა. ამიტომ, ამ მხრივ, ბევრი თანხა არ მეხარჯება. თავს დიდად არ ვუვლი, თმას არ ვიღებავ. ჯერ მაქვს ამის ფუფუნება. ცოტა ჭაღარა მაქვს, მაგრამ ხელს არ მიშლის. სახისთვის, ასე თუ ისე, ნატურალურ ზეთებს ვიყენებ – სულ ეს არის ჩემთვის თავის მოვლა.
– რაში ხარჯავთ ფულს სიამოვნებით?
– ამ ბოლო დროს, არაფერში (იცინის). აი, მაგალითად, კარაქს, რომელსაც აქამდე ვყიდულობდი, აღარ ვყიდულობ. ოჯახში ბევრნი ვართ და ვცდილობთ, ნაკლებფასიანი შევიძინო, იმიტომ, რომ ძალიან მოიმატა ღირებულებამ. ახლა შედარებით ნაკლებფასიანს ვყიდულობ, მაგრამ არა ცუდი ხარისხისას. ჯერჯერობით, მაინც ვაძლევ თავს უფლებას, მეტ-ნაკლებად ჯანსაღი საკვები შევიძინო.
– როცა საქმე რემონტსა და ავეჯს ეხება, აქაც გამოგდით თანხის დაზოგვა?
– ავეჯიც მეორადი მაქვს, ჰოლანდიური. ჩემს მეგობარს ჩამოაქვს და საშუალებას მაძლევს, თანხა რამდენიმე ნაწილად გადავიხადო, თორემ ისე ესეც საკმაოდ ძვირია. კახეთისთვის ძალიან ბევრი რამ სოფლებში შევიძინე. ძველებური, ხის ძალიან ლამაზი მაგიდები მაქვს, ტახტი, კარადები. ძველები ბევრად უფრო მომწონს, ვიდრე ახალი და ლამინირებული. ის, რასაც ევრორემონტს ეძახიან, ჩემთვის კატასტროფაა. ჩემს სახლში სკამსაც ვერ ნახავთ ახალს. ულამაზესი, ხელით ნაკეთი ჯორკოები მაქვს კახეთში. თბილისის სახლს რაც შეეხება, ისეთი სარემონტო მაქვს, არცერთი კარი არ იკეტება, კაფელიც დაზიანებულია და კიდევ ბევრი რამ. რემონტი ოცი წლის წინ გავაკეთე და ახლა ისევ ძალიან სარემონტოა, მაგრამ კრედიტს ვეღარც ავიღებ და აღარც მომცემენ. საკმაოდ დიდი კრედიტი მაქვს აღებული, რომლითაც კახეთის სახლი ავაშენე და ჩემი შვილის სახლში რემონტი გავაკეთე. არა უშავს, უარესებიც ხდება. აგერ ხალხი ომშია და მე იმის გამო ვერ ვიწუწუნებ, რომ კარი არ მეკეტება. მთავარია, მშვიდობა იყოს და ჯანმრთელები ვიყოთ. ოპტიმისტი ვარ. მჯერა ნათელი მომავლის, მჯერა, რომ ბოროტება აუცილებლად დამარცხდება და ყველაფერი კარგად იქნება.