“როგორ აღმოაჩინა ცუცა კაპანაძემ ალ კაპონესთან ნათესაური კავშირი და რატომ ჩაკეტეს ის მაფიოზის საკანში”

644

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი წელია, ამერიკაში ცხოვრობს, საქართველოში აქტუალობასა და განსაკუთრებულ ინტერესს არასდროს კარგავს, რაც ძალიან ახარებს და მადლიერია ქართველი ხალხის, ასე რომ უყვართ და არ ივიწყებენ.

ცუცა კაპანაძე: ზაფხული არაჩვეულებრივად გავატარე. მალტაში გახლდით არტფესტივალზე. თბილისიდან იყო ჩამოსული რამდენიმე თეატრი, თბილისის ბიგბენდი და ნიუ-იორკიდანაც წავედით ნიუ-იორკის ქართული თეატრის ახალგაზრდული დასი. სპექტაკლი ვითამაშეთ და ზღაპრული ერთი კვირა გავატარეთ. სიცილიაზეც ვიყავით, მთელი მაფიოზები მოვინახულეთ. როგორც ალ კაპონეს შთამომავალმა, მისი სახლიც ვნახე და ჩემიანები გავახარე (იცინის).

ამერიკაში გასტროლზე პირველად 1988 წელს ვიყავი. აქ საცხოვრებლად სანამ დავრჩებოდი, მანამდე ხუთჯერ მაინც ვიყავი გასტროლით ჩამოსული. ერთ-ერთი ასეთი გასტროლი 1990 წელს იყო. ჩიკაგოში არის პოლიციის უძველესი შენობა, მასში ძალიან დიდი მინის კოლბაა, სადაც გამოფენილია ალ კაპონეს სამოსი, რომელიც იმ დღეს ეცვა, როდესაც დააკავეს. მოკლედ, მუზეუმი გახლავთ პოლიციის შენობაში. ასევე, გამოფენილია იმ პოლიციელის სამოსი, რომელმაც ის დაიჭირა. კიდევ იარაღი, მთელი პრესა და რაც მთავარია, წინასწარდაკავების საკანი, რომელშიც ალ კაპონე იჯდა. დაგვათვალიერებინეს ეს ყველაფერი და ბატონი გივი ბერიკაშვილი მეუბნება: სხვათა შორის, ალკაპონე კაპანაძე იყოო. ქალბატონი ლეილა, ბატონი გივის მეუღლე, კაპანაძეა და ჩვენ ცოტა ვენათესავებით ერთმანეთს. მე, რა თქმა უნდა, ხუმრობად მივიღე ალ კაპონეს კაპანაძეობის ამბავი. ქალბატონი ლეილას და „სუხიშვილებში“ ცეკვავდა. ჰოდა, ბატონი გივი მიმტკიცებს, როცა „სუხიშვილები“ ჩიკაგოში იყვნენ გასტროლზე, ალ კაპონე მივიდა ამ კონცერტზე და რომ გაიგო კაპანაძე ცეკვავდა, ვარდები და „შანელის“ ხუთლიტრიანი სუნამო მიუტანა. იმ სუნამოს ფლაკონს აუცილებლად გაჩვენებ და მერე დაიჯერებო (იცინის). მოკლედ, მიმტკიცებს რომ სიმართლე მითხრა. ჩემს რეჟისორს იმ მომენტის ვიდეოც აქვს გადაღებული, რომელიც ძალიან საინტერესო ისტორიას ასახავს (იცინის). მოკლედ, ვართ ამ ალ კაპონეს მუზეუმში, პოლიციის ოფიცერი გვიხსნის რაღაცებს და გვეუბნება, ახლა აქეთ მობრძანდით, მის საკანს გაჩვენებთო. მაშინ ინგლისური არ ვიცოდი, მაგრამ მეტიჩარა რომ იქნები… თარჯიმანს ვეუბნები, უთხარი მაგ შერიფს, რომ მე ალ კაპონეს შთამომავალი ვარ-მეთქი. დასი გაოცებული მიყურებს, შენ ვერ ხარ დალაგებული, რას ჰქვია ალ კაპონეს შთამომავალი ხარო (იცინის). მე დავიჩემე, შენ უთარგმნე და მერე მოგიყვებით ისტორიას-მეთქი. გადაუთარგმნა თარჯიმანმა და გაოცებული პოლიციელი ხელით მეპატიჟება საკნისკენ. რა უნდა-მეთქი, ისევ თარჯიმანს ვეკითხები. საკანი გაგიღო, მიდი, შიგნით შედი და კარგად დაათვალიერე, განსაკუთრებული პატივისცემით გეპატიჟება, როგორც მის შთამომავალსო. მეც ახლა, არც მაცია, არც მაცხელა და ამაყად შევედი საკანში. ჰოოპ, ჩაკეტა უცებ კარი, გასაღებს არაჩხუნებს და „ბაი, ბაი“, მეუბნება. ალ კაპონეს ნათეოსაბის არ ვიცი, მაგრამ იმ წუთას გაიღვიძა ჩემში ნამდვილმა იმერელმა და მოვცხე კივილ-წივილი: გამომიშვით, არ ვარ ალ კაპონეს შთამომავალი-მეთქი. რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო – მეტიჩარა და კუდაბზიკა ხარ, რა ალ კაპონეს შთამომავლობა მოინდომეო, დამცინოდნენ (იცინის). მერე მოვიძიეთ ინფორმაცია და მაშინ, როცა სუხიშვილებს იქ ჰქონდათ გასტროლი, ალ კაპონე საერთო©©დ აღარ იყო ცოცხალი. ასე გამაშაყირა ბატონმა გივიმ (იცინის). ისე, მახსოვს, ერთხელ ისიც თქვეს, გრეგორი პეკი ქართველია, გვარად პეტრიაშვილიო და მთელი საქართველო წერდა, ჩემი ნათესავიაო და მე ახლა მაფიოზის შთამომავლობაზე ვიტყოდი უარს? (იცინის)

– კი უნდა მოგენახულებინათ ამ ზაფხულს სიცილია.

– კი, დავდიოდი და სულიკოსავით ვეძებდი ნათესავებს, სადა ხართ კაპანაძეებო, გამოდით-მეთქი (იცინის). ძალიან ვისიამოვნე მალტაში. ბევრი ქართული ღონისძიება იყო საინტერესო და ამერიკისთვისაც დავგეგმეთ ღონისძიებები. გარდა ამისა, ჩემი რეჟისორი დამიკავშირდა და შვეიცარიის ფესტივალისთვის სპექტაკლში თამაში შემომთავაზა. ისე მომენტარა თამაში, ლამისაა კედლებზე გავიდე და სიამოვნებით დავთანხმდი. თუმცა, მანამდე პრემიერა საქართველოში გვექნება. ნიუ-იორკშიც ვითამაშებთ ამ სპექტაკლს და მოკლედ, ძალიან დატვირთული და აქტიური ვარ.

– საქართველოში ცოტა ხნით აპირებთ ჩამოსვლას, მაგრამ არა დასასვენებელად…

– სამწუხაროდ, დასვენების საშუალება არ მექნება. ჩვენი ქართული კულტურის ცენტრი Dencing Crame ახალ, ძალიან დიდ და ლამაზ შენობაში გადავიდა. სექტემბრის ბოლოს გაიხსნება და მუშაობას ვიწყებთ. როგორც იცით, საბავშვო თეატრი მაქვს და სპექტაკლზე უნდა დავიწყო მუშაობა, პლუს ჩემი სამსახური და ძალიან დატვირთული ვიქნები. ამიტომ დიდი ხნით საქართველოში გაჩერებას ვერ მოვახერხებ, მაგრამ ძალიან მინდა, მალე შევძლო და ორი კვირით მაინც ჩამოვიდე. ბევრი რამ გააკეთეს, რაც არ მინახავს. საქართველოში ბოლოს დიდი ხნით – ერთი თვით, შვიდი წლის წინ ვიყავი, დიდი დრო გავიდა. მას შემდეგ რამდენჯერმე სხვადასხვა ღონისძიებაზე ვიყავი ჩამოსული, მაგრამ ყოველ ჯერზე – სულ რამდენიმე დღით. იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს მოვახერხებ დიდი ხნით ჩამოსვლას.

– არც უენერგიობას უჩივით და არც მოსაწყენ ცხოვრებას…

– კი, სულ აქტიური ვარ, სხვანაირად არ გამოვა. რა დროს მოდუნებაა, მაგის დროა? რაც წლები დამრჩა, უფრო აქტიურად უნდა გავატარო (იცინის). მე სულ აქტიური ვიყავი, მაგრამ ახლა, ცეკვაზეც უნდა დავიწყო სიარული მანჰეტენზე. თანამედროვე ცეკვები უნდა ვისწავლო, გენაცვალე. ადამიანს ცეკვაც გჭირდება და სიმღერაც. ბროდვეიზე არის ძალიან დიდი ცეკვის კომპანია, სადაც ამერიკელებს ქართველი ახალგაზრდა – ლევან გელაშვილი ასწავლის ცეკვას. შეჯიბრებებზე გაჰყავს ბავშვები, არაჩვეულებრივი მოცეკვავეა. მე ვგიჟდები კონტემპორარზე და ისე მოხდა, რომ ჩემი მეგობარი დავაკავშირე ლევანს, რომელსაც ცეკვის სწავლა უნდოდა და ლევანი მეუბნება, თქვენც შეგიძლიათ, იაროთო. მეც ვუთხარი: ისე, არ გინდათ ჩემი ასაკის მოცეკვავეები, დავფრინავ-მეთქი (იცინის). ვაიმე, როგორ არა, მობრძანდით, ცუცა, შეჯიბრებაზეც გაგიყვანთო (იცინის). ოღონდ კარგი პარტნიორი მომიძებნე-მეთქი და აბა, რას ვიზამო (იცინის). ყველა ასაკში უნდა გიხაროდეს სიცოცხლე. მე პროფესიონალი მოცეკვავე არ გავხდები, მაგრამ ჩემს პროფესიაში არ იცი, ცეკვა როდის და სად გამოგადგება. თან, როცა ასეთი აქტიური ხარ, თავს ახალგაზრდულად გრძნობ და მე თავს ნამდვილად თინეიჯერად ვგრძნობ. ჯერ არ ვარ იმ ასაკის, რა ასაკსაც ჩემი განვლილი წლები აჩვენებს. ასაკს კი არ ვმალავ, 62 წლის ვარ, განა რა ასაკია, არაფერი არ არის 62 წელი, მაგრამ მე ამდენისაც არ ვარ, სულით ხორცამდე თინეიჯერი ვარ (იცინის). აქ 80 წლისები დადიან ცეკვაზე, ტანგოს ცეკვავენ და ერთობიან. გულით უნდა იყო ახალგაზრდა, მთავარი ეს არის.