საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოცეკვავის, სალომე ჭაჭუას ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. მან საკუთარი ძალები სულ სხვა სფეროში მოსინჯა. არა, თავისი საყვარელი საქმისთვის არ უღალატია. თვლის, რომ ცეკვაში კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ირლანდიურ პროექტში ,,ცეკვავენ ვარსკვლავები” ირლანდიელ მეწყვილესთან, 27 წლის მორაგბე ჯორდან კონროისთან ერთად ფინალამდე მივიდა და სალომეზე საერთაშორისო მასშტაბით მოთხოვნა გაიზარდა. ახლაც აქვს რამდენიმე შეთავაზება, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. ,,სარკესთან” სალომე ირლანდიურ ცხოვრებასა და თავის ახალ საქმიანობაზე ყვება:
– კარიერული თვალსაზრისით ძალიან კარგი პერიოდი მქონდა. ყველაზე მეტად რამაც გამაკვირვა და თან გამახარა, ისაა, რომ ფინალში მოვხვდით და გამარჯვებამდე 5 ხმა დაგვაკლდა. .გარდა იმისა, რომ პროექტში ვიყავი მოცეკვავე, ჩვენი საკონკურსო ნომრების ქორეოგრაფია მთლიანად მე მეკუთვნოდა, არავინ ჩარეულა.
– ირლანდიაში ცხოვრება რით დაგამახსოვრდებათ?
– ქართველებივით თბილები არიან ირლანდიელები.ქვეყანაში იმდენად იგრძნობა კარგი აურა, რომ ამინდი და სიცივე აღარ მოქმედებს უარყოფითად.
– რა კონკრეტული შედეგი მოგიტანათ ამ პროექტმა?
-ბევრი შემოთავაზებაც მაქვს საერთაშორისო პროექტებიდან. ჯერ ვერ დავკონკრეტდები, რადგან ვფიქრობ, რამდენად მოვახერხებ ჩემს ახალ საქმესთან შეთავსებას.
– გაგვანდობთ, რა ახალ საქმეში ხართ?
– მე და ჩემმა ორმა პარტნიორმა გავხსენით ესთეტიკური მედიცინის კლინიკა. ამ სფეროში გადავინაცვლე.
– შეუჩერებლად მიიწევთ წარმატებისკენ და თქვენი დროის უმეტესი ნაწილი ამაში იხარჯება. მეგობრები, ოჯახის წევრები, საყვარელი ადამიანი ამას შეგუებული არიან, არასოდეს ეჭვიანობენ თქვენს პროფესიაზე?
– კარიერას კი არ ვუთმობ ამდენ დროს, არამედ საკუთარი თავის განვითარებას. როდესაც საკუთარი თავის განვითარებისგან სიამოვნებასაც ვიღებ, რატომაც არა?! მე ყველაფერს ჩემი თავისთვის ვაკეთებ. მინდა, ვიგრძნო, რომ ამ სამყაროში რაღაცას წარმოვადგენ. ხშირად და დიდი დოზით – ვერა, მაგრამ მეგობრებსაც ვნახულობ და ოჯახის წევრებსაც. პირადი ცხოვრებისთვისაც ვიცლი. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი დაბალანსებულია და ერთმანეთს ხელს არ უშლის.
– არასოდეს გინანიათ, რომ ცეკვას მიუძღვენით მთელი ცხოვრება? ამ სფეროში ხომ ბევრი დაუფასებლობა და ინტრიგაა.
– ახლა მე გკითხავთ, რომელი სფეროა, სადაც ინტრიგები არ არის? ყველა სფეროშია წინაღობები, ყველგან არის კონკურენცია, თუნდაც ჯანსაღი და არაჯანსაღიც. მხოლოდ ასე გამოიმუშავებ ბრძოლისუნარიანობას. ნებისმიერ სფეროში და ადამიანურ ურთიერთობებშიც კი მთავარია, არ შეუშინდე წინაღობებს. ერთ-ერთი იღბლიანი ადამიანი ვარ, რომ წარმატებას ვაღწევ იმ საქმეში, რომელიც ძალიან მიყვარს.