“შენ რომ არ მყოლოდი, მე როგორ გადავრჩებოდი”

250

ჟურნალისტი, დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც დედაზე წერს და მას იუბილეს ულოცავს.

“ვიქნებოდი ასე მე-9 კლასში ნათესავის ქორწილში რომ წამიყვანეს მშობლებმა. არ ვიცი საიდან და იქ სუხიშვილების ოთხი მოცეკვავე ყავდათ, დაგლიჯეს ყველაფერი ისე იცეკვეს. პირდაპირ ჰაერში დადიოდნენ ბიჭები. მაშინ დედაჩემმა სუფრაზე მყოფ შორეულ ნათესავებს ხმამაღლა გამოუცხადა, რომ დათო უკეთესად ცეკვავსო.


მახსოვს ერთხელ პაატა ბურჭულაძე “ღვინო კახუროს” მღეროდა ტელევიზიით და მეზობლებში დედაჩემმა თქვა რომ დათო ამას უკეთესად მღერისო.
უფრო პატარა ვიყავი, როცა ხატვის მასწავლებელმა, მოსწავლეები დედებთან ერთად სკოლიდან გალერეაში გადაგვიყვანა და გამოფენა გვაჩვენა. “დათო ამაზე კარგად ხატავსო” რომ წამოიძახა, ხატვის მასწავლებელი აიჭრა:
-ქალბატონო თამილა ეს რუსუდან ფეტვიაშვილიაო.
“მერე რაა”- არ დანებდა დედაჩემი.

მოკლედ ეს ყველაფერი არ არის დედაჩემის შესახებ. დღეს ის 67 წლის გახდა. მინდა დიდხანს მყავდეს და მასულელებდეს ასე, თითქოს გენიოსი ვარ.
შენ რომ არ მყოლოდი დედა, მე პირველ სკოლაში (სადაც ყველა ვიღაცის შვილი იყო) როგორ გადავრჩებოდი? თეატრში როგორ გადავრჩებოდი? ტელევიზიაში როგორ გადავრჩებოდი?...”, – წერს ლიკლიკაძე.