“ვეღარ მოასწრო…ეს ჩვენი ინტერვიუს ბოლო ნაწილია” – რა უთხრა ბოლო ინტერვიუში თამარ სხირტლაძემ ნიკა ხაჩიძეს

ტელეწამყვანი ნიკოლოზ ხაჩიძე ქართველი მსახიობის, თამარ სხირტლაძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მასთან ჩაწერილ ბოლო ინტერვიუს იხსენებს.

“- მინდა კიდევ რომ ბევრი წელი იყოთ და რასაც შეძლებთ კარგი როლები ითამაშოთ!

– მოხუცები აღარავის აღარ უნდა..

– პირიქით, თქვენნაირი ნიჭიერი მოხუცები ცოტა გვყავს და გვჭირდებით!

– ჩაფიქრებული მქონდა, თეატრში ახალ რაღაცას ვაკეთებდი, მაგრამ.. თუ გავაკეთე თქვენ დაგპატიჟებთ!
ეს ჩვენი ინტერვიუს ბოლო ნაწილია. სამწუხაროდ, თამარ სხირტლაძემ ამ პროექტის განხორციელება ვერ მოასწრო…

ვიზიარებ მთელი საქართველოს მწუხარებას ამ ნიჭიერი არტისტის გარდაცვალების გამო”, – წერს ნიკოლოზ ხაჩიძე.

ქართველი მსახიობი თამარ სხირტლაძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თამარ სხირტლაძე თეატრისა და კინოს მსახიობი იყო, მას მონაწილეობა მიღებული აქვს ისეთ სპექტალებსა და ფილმებში როგორებიცაა: “კაცია-ადამიანი?!”, “მოძღვარი”, “მეფე ლირი”, “ადამიანთა სევდა”, “ფესვები”, “ლუკას სახარება” და “ნუცას სკოლა”.

2010 წელს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წინ საზეიმოდ გაიხსნა თამარ სხირტლაძის ვარსკვლავი. 2019 წელს, მას მიენიჭა “წლის პერსონის” წოდება. ასევე დაჯილდოებულია საქართველოს თეატრალური საზოგადოებისგან “ლიზა ჩერქეზიშვილის სახელობის ჯილდოთი”.

“სიცოცხლე საინტერესო რამაა, მუდმივი მოძრაობა კი მას მეტად უხდება. ღმერთს ვუყვარვარ, იცის, რომ ჩემთვის გაჩერება არ შეიძლება და ყოველთვის მაძლევს ასპარეზს”, – აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა.

ასევე იხილეთ