რა კომპლიმენტები მოისმინა ქეთი ქართველიშვილმა რომის პაპისგან და ვინ აღმოაჩინა მისი განსაკუთრებული ნიჭი
და-ძმა ქეთი და დაჩი ქართველიშვილები „იმედის“ არხზე პროექტ „მიმღერეს“ გამორჩეული მონაწილეები არიან. აკადემიური სტილით, გულწრფელი ემოციებით, საოცარი ხმითა და შესრულების მანერით ქართველიშვილებმა მალევე მოახერხეს მსმენელისთვის თავის შეყვარება.
ქეთი ქართველიშვილი: ზაფხულში მივიღე შემოთავაზება „მიმღერეს“ პროდიუსერისგან და სიმართლე გითხრათ, ვყოყმანობდი. ასეთ პროექტში ჩართულობა ძალიან დიდ დროს მოითხოვს, მას მთლიანად უნდა მიუძღვნა საკუთარი თავი და როდესაც სხვა საქმითაც ხარ დაკავებული, ეს ძალიან რთულია. გამიჭირდა, მაგრამ იმავე დღეს ვუთხარი თანხმობა. პირველ რიგში, იმიტომ რომ სახალხო პროექტია, ყველას უყვარს და უყურებენ და მეორე მხრივ, იმიტომ რომ ძალიან მინდოდა, ჩემი ძმა ფართო აუდიტორიას გაეცნო. კმაყოფილი ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე.
– ალბათ, ორმაგი პასუხისმგებლობაა ძმასთან ერთად სიმღერა?
– კი, ძალიან საპასუხისმგებლოა და თითოეული გამოსვლის წინ, ორმაგად ვღელავ. საკუთარი თავის გარდა უკვე მეორე „სანერვიულოც“ მაქვს – მინდა, დაჩიც იდეალურად წარდგეს მაყურებლის წინაშე. სამაგიეროდ, კმაყოფილების განცდაც გაორმაგებულია და ეს ძალიან მახარებს.
– მსმენელისგან ძალიან თბილ და ამაღელვებელ კომენტარებს იღებთ.
– მაყურებლის კომენტარების ასი პროცენტი დადებითია. ყოველდღიურად ძალიან ბევრ სასიამოვნო შეტყობინებას ვიღებთ. ნამდვილად საოცარი შეგრძნებაა. სრულიად უცხო ადამიანები ზღვა ენერგიასა და სითბოს გვანიჭებენ. პროექტის მონაწილეებისგანაც ძალიან დიდი სითბო მივიღეთ. ამ პროექტზე სულ მესმოდა, რომ ერთი დიდი ოჯახი იყო, მაგრამ სიმართლე გითხრათ, თავიდან ცოტა სკეპტიკურად ვუყურებდი, ასე მოკლე დროში, როგორ ახერხებენ ასე ერთ მუშტად შეკვრას-მეთქი, მაგრამ ამ სიტყვების სიმართლეში პირველივე ჩაწერის შემდეგ დავრწმუნდი. ეს ადამიანები ჩემთვის ძალიან ახლობლები გახდნენ.
– ძმასთან ერთად სიმღერის რა გამოცდილება გაქვთ?
– მე ბავშვობიდან ვმღერი. ხუთი წლიდან ვუკრავ ვიოლინოზე, ფორტეპიანოზე, გუნდში ვმღეროდი, სოლო კარიერაც მქონდა. დაჩი არასდროს ყოფილა მუსიკით გატაცებული. ეზო, სპორტი და სხვა აქტივობები იზიდავდა. საკმაოდ გვიან, 19-20 წლის ასაკში დაჩის ძალიან იშვიათი, ბოხი ხმა ჩამოუყალიბდა. როდესაც მისი უნიკალური ტემბრი შევამჩნიეთ, მანაც დაიწყო სიმღერა გუნდში. ჯერ აჩიკო უშვერიძესთან კაპელაში, ეს მისთვის დებიუტი იყო დიდ სცენაზე, ისე, რომ მაშინ ნოტის კითხვაც არ იცოდა და ყველაფერი ზეპირად იმღერა. შემდეგ კონსერვატორიის გუნდსაც შეუერთდა. ასევე, სიმღერა დაიწყო სვიმონ ჯანგულაშვილის საპატრიარქოს გუნდში. მას შემდეგ, უკვე მეხუთე წელია, საგუნდო სფეროშია და არაერთი გასტროლი ჰქონდა სამების გუნდთან ერთად. იმაზე აღარაფერს ვიტყვი, რომ ყოველ შაბათ-კვირას წირვა-ლოცვაზე პატრიარქთან გალობს. ჩვენი ერთად მუშაობა სამების გუნდში ერთად სიმღერით შემოიფარგლებოდა. თუმცა, ასე, დუეტში, როგორც ორი სოლისტი, პირველად „მიმღერეში“ ავმღერდით.
–სამების გუნდთან ერთად წელს თქვენც და მსმენელმაც ისეთი ემოციები განიცადეთ, რომელიც ალბათ, არასდროს დაგვავიწყდება. ვგულისხმობ ვატიკანში, სიქსტეს კაპელაში სიმღერას.
– ძალიან დიდი ხანი ველოდით ამას. ამ პროექტს რამდენიმე წლის წინ ჩაეყარა საფუძველი და ვიზიტის შესახებ დიდი ხნის წინ ვიცოდით, მაგრამ პანდემიიდან დაწყებული და ლოგისტიკური პრობლემებით გაგრძელებული, ბევრი წინააღმდეგობა შეგვხვდა და მისი განხორციელება დროში გაიწელა. ველოდით და ძალიან დიდი მონდომებით ვემზადებოდით ამ საპასუხისმგებლო გამოსვლისთვის. თუმცა იქ ჩასვლამ, იმ საოცარი გარემოს ხილვამ, მათმა საოცარმა დახვედრამ და გამოსვლამ რა მასშტაბსაც მიაღწია, ამას, მგონი, ვერც ერთი ვერ წარმოვიდგენდით. ეს იყო ყველანაირი ემოციის ფეიერვერკი. საკუთარი ქვეყნის წარმოჩენის მცდელობა, ბედნიერებისა და სიამაყის განცდა – ყველაფერი ერთად იყო. ჩემ გარდა შეიძლებოდა, იქ ძალიან ბევრი და ნიჭიერი მომღერალი აღმოჩენილიყო. მადლიერი ვარ იმის გამო, რომ მე გამომარჩიეს და ეს ბედნიერება მხვდა წილად.
– ძალიან არ ნერვიულობდით?
– ყველა გამოსვლის წინ ვნერვიულობ, მაგრამ ეს სრულიად განსხვავებული იყო. აბსოლუტურად არ ვღელავდი, ყველაზე ბედნიერი ვიყავი. ეიფორიისგან ასტრალში ვიყავი გასული და ბედნიერებისგან გამოწვეულ ღელვას უფრო განვიცდიდი, ვიდრე წვრილამენებზე ნერვიულობას. ცრემლებს ვერ ვიკავებდი იმის გამო, რომ მე მხვდა წილად ეს ბედნიერება. მთელი გუნდი მოწოდების სიმაღლეზე იყო და ყველაფერი ძალიან ამაღლებული გამოვიდა.
– რომის პაპთან უშუალო კომუნიკაციის საშუალებაც გქონდათ.
– კი, რომის პაპს წმიდა პეტრეს ტაძარში პეტრეპავლობის დღესასწაულზე შევხვდით და ვუმღერეთ სპეციალურად მისთვის შექმნილი ნაწარმოები, რომელიც ზვიად ბოლქვაძემ წამოსვლის წინ სახელდახელოდ შექმნა. მან ძალიან ბევრი კომპლიმენტი გვითხრა. გვითხრა ისიც, რომ ძალიან უყვარს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი პატრიარქი, ქართული ღვინო და მუსიკა.
– ხუთი წლის ასაკში გააქტიურდით მუსიკის მიმართულებით. ეს, ალბათ, მშობლების დამსახურება იყო, არა?
– ჩემს მშობლებს ძალიან უყვარდათ მუსიკა. სამწუხაროდ, მამა ცოცხალი აღარ არის, მაგრამ, როდესაც პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, ისიც ძალიან მეხმარებოდა. რომ არა დედა, დღეს მე ამ გზაზე არ ვიდგებოდი. მან ბავშვობიდან სწორი გეზი მომცა და დიდი ძალისხმევა ჩადო, როგორც მატერიალური, ისე ფსიქოლოგიურ-ემოციური მხარდაჭერის თვალსაზრისით. ჩემი ყველაზე დიდი კრიტიკოსი დედაა. დედას თუ მოსწონს, ესე იგი, ნორმალურად გამოვედი. თუ არ მოსწონს, ესე იგი, აუცილებლად უნდა შევცვალო რაღაც. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ პროფესიით ფილოლოგია, ძალიან სწორ შეფასებებს მაძლევს.
– დიდი დოზით კრიტიკა – ეს კარგია თუ ცუდი?
– სულ „ვეწუწუნები“, ჩემს თვითშფასებაზე ცუდად მოქმედებ-მეთქი (იცინის). 90 პროცენტით შენიშვნას მაძლევს. ყველა დეტალს გამადიდებელ შუშაში ატარებს და ხანდახან ვეხუმრები ხოლმე, ასეც არ შეიძლება, თვითშეფასებას დამიქვეითებ-მეთქი. თუმცა, რომ ვუფიქრდები, ვხვდები, რომ მისი თითოეული სიტყვა სწორია და ვცდილობ, შემდეგ გამოსვლებში გავითვალისწინო.