მომღერალი ლაშა ღლონტი, მისი ქალიშვილი – ანი და სიძე – თორნიკე მაისურაძე „იმედის არხზე“ პროექტ „მიმღერეს“, გამორჩეული მონაწილეები არიან, რომელთა შესრულებაც მსმენელისგან ბევრ კომპლიმენტს იმსახურებს.
ანი ღლონტი: ჩვენ ამ პროექტის პირველ სეზონშიც მოვიაზრებოდით – ერთ-ერთი პირველი ოჯახი ვიყავით, ვისაც დაგვიკავშირდნენ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, მაშინ ვერ მივიღეთ მონაწილეობა. ამჯერად რომ დამიკავშირდნენ, უკვე დავთანხმდი. თუმცა, პასუხისმგებლობის გრძნობის გამო ცოტა ვორჭოფობდი. სცენაზე აქტიურად არ ვიყავი დაბრუნებული და მიჭირდა ამ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ პროდიუსერმა დამარწმუნა და საბოლოოდ, დავთანხმდი. ერთია, რასაც ეკრანზე ხედავთ და მეორე, რაც კადრს მიღმა ხდება. მინდა, გითხრათ, რომ გადაღებების პროცესი ძალიან სასიამოვნოა. მაყურებელიც ხვდება, რომ აქ არანაირი კონკურენცია არ არის და ერთი ოჯახივით ვართ, რაც იმ გუნდის დამსახურებაა, რომელიც ამ გადაცემაზე მუშაობს. ვინც პირველ სეზონში მონაწილეობდა, ყველას ვიცნობდი, ჩემი მეგობრები იყვნენ. მეორე სეზონში კი არიან ადამიანები, ვისაც საერთოდ არ ვიცნობდი. ამ გადმოსახედიდან, არ ვნანობ, რომ პირველ სეზონში არ მივიღე მონაწილეობა. ამ შემთხვევაში, ასეთ კარგ ადამიანებს ვერ გავიცნობდი. ძალიან მაინტერესებდა, ხალხს როგორ მოეწონებოდა ჩვენი გამოსვლა, ჩვენი დუეტი, როგორი იქნებოდა გამოხმაურება. ახლა კომენტარებს რომ ვკითხულობ, გული სიამაყით მევსება. ძალიან დიდი მადლობა ყველა კომენტარის ავტორს, ყველა გულშემატკივარს. ქუჩაში მაჩერებენ და მადლობას მიხდიან, მეუბნებიან, რომ სიამოვნებას ვანიჭებ და ეს ჩემთვის ყველაფერია.
– მეუღლესთან და მამასთან ერთად სიმღერის ბედნიერება რამდენად ხშირად გაქვთ?
– სახლში სულ ვმღერი მამასთან და მეუღლესთან ერთად. ჩვენს ოჯახში სიმღერა სულ ისმის. თუმცა, ძალიან რთულია, ეს ყველაფერი ემოციურად სცენაზე გადაიტანო. ჩემსა და ჩემს მეუღლეს შორის ძალიან დიდი სიყვარულია და ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ჩვენი სიმღერის დროს მაყურებელი ამას გრძნობს. ჩვენი ემოციები ძალიან გულწრფელია და რასაც ერთმანეთის მიმართ განვიცდით, იმას გადმოვცემთ სიმღერითაც. გეტყობათ, რომ ცხოვრებაშიც ასე ტკბილები და ბედნიერები ხართო – ამას რომ გვეუბნებიან, ამას რომ ხედავენ, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
– ოჯახის წევრებთან ერთად სიმღერა, ალბათ, ნერვიულობასთანაც ასოცირდება.
– მე ბავშვობიდან ვმღერი. მუსიკალური წრე მიცნობდა, ადამიანები, ვისაც ქართული სიმღერა ძალიან უყვარს, მიცნობდნენ, მაგრამ არა ფართო საზოგადოება. ამ პროექტში ორი მიმართულებით ვგრძნობ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას – პასუხისმგებლობა მამის და პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე. ქართული სიმღერა ძალიან რთული სამღერია, შინაგანად თუ ვერ გრძნობ, ამას ვერ გადმოსცემ. მამა ძალიან კრიტიკულია ჩემ მიმართ. პატარა შეცდომასაც არ მაპატიებს.
– აქ მამაშვილობა არ ჭრის?
– არანაირად. ერთადერთი საკითხი, სადაც მამაშვილობა არ ჭრის და არასდროს არ დამეხმარება, ეს სიმღერაა. შესაძლებლობაც რომ ჰქონდეს, სიმღერასთან დაკავშირებით მამა არაფერს არ გამიკეთებს და ძალიან პატარა შეცდომის გამოც კი შეიძლება, დამბლოკოს (იცინის). მისთვის ქართული სიმღერა იმდენად ძვირფასია, ვერც აღგიწერთ, მის ცუდად შესრულებას არასდროს მაპატიებს. არასდროს არის კმაყოფილი ჩემი ნამღერით. მისი მაქსიმალური შეფასება ჩემ მიმართ არის – „ნორმალურია“. ეს ნიშნავს, რომ უფლება მაქვს, ვიმღერო. ბავშვობიდან ასეა. რომც მოსწონდეს ჩემი ნამღერი, ამას ჩემთან არასდროს იტყვის. გამიგია, რომ სხვასთან უთქვამს, მაგრამ ჩემთან – არასდროს. ალბათ, არ უნდოდა, „თავში ამვარდნოდა“.
– მაყურებელიც ლაშასგან მიჩვეულია მაღალ ხარისხს და ალბათ, თქვენგანაც არ მოელიან ნაკლებს.
– ეს ძალიან რთულია. როცა ცნობილი ადამიანის შვილი ხარ და იმავე სფეროში აპირებ საქმიანობას, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა უნდა გქონდეს და შეიძლება, ცოტა კომპლექსიც. როდესაც მსმენელს ასე უყვარს ლაშა ღლონტი, მის შვილს შეცდომას არ აპატიებენ, მისგან გაცილებით მაღალ დონეს მოითხოვენ. მე ძალიან მეშინოდა ამის, გავამართლებდი კი მაყურებლის იმედს? სიმართლე გითხრათ, ჯერ ძალიან ბევრი სამუშაო მაქვს საკუთარ თავზე. აქამდე აქტიურად არ ვმღეროდი, ახლა ვიწყებ. ძალიან დიდი მადლობა მაყურებელს იმ უდიდესი სითბოსთვის, რომელსაც მათგან ვიღებ. დასაწყისში ვფიქრობდი, მივიღებ ამ კონკურსში მონაწილეობას და დავაკვირდები მაყურებლის რეაქციებს. თუ არ იტყვიან, რომ კარგად თუ არა, ნორმალურად მაინც ვმღერი, ჩავთვლი, რომ ეს არ ყოფილა ჩემი საქმე და პროექტთან ერთად დავასრულებ მის კეთებას-მეთქი. მაგრამ, თურმე, ეს ყველაფერი არ უნდა დავასრულო, პირიქით, უნდა განვაგრძო. თუმცა, სამუშაო ბევრი მაქვს. ადრე საერთოდ ვერ ვუსმენდი ჩემს ნამღერს, ახლა ათასჯერ ვუსმენ და ვცდილობ, ყველა შეცდომა ვიპოვო და გამოვასწორო. საერთოდ, ძალიან მაქსიმალისტი ვარ, სიმღერაშიც, ჩემს საქმეშიც და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაშიც. არასდროს ვარ ჩემი თავით კმაყოფილი.
– სიძეს როგორ აფასებს პროფესიონალური თვალსაზრისით?
– ძალიან კარგად. ჩემს ქმარს, მოკრძალებული ხასიათიდან გამომდინარე, სცენაზე დგომის დიდი სურვილი არასდროს ჰქონდა. არ უნდოდა პროექტზე დათანხმება, რადგან არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. რომ აქებენ, თავს ძალიან უხერხულად გრძნობს. მამას ძალიან მოსწონს მისი ხმა, შესრულების მანერა და მეუბნება, თქვენი ხმები ყველაზე მეტად უხდება ერთმანეთსო.
– მეუღლისთვის არ არის უცხო სცენა, რატომ ეს დამოკიდებულება?
– მას გამოცდილება აქვს ანსამბლში. როცა ათ კაცთან ერთად მღერი, ინდივიდუალურ დონეზე არ გექცევა ამხელა ყურადღება, რამდენიც მაშინ, როცა ორნი გამოდიხართ. ასეთ შემთხვევაში უფრო მეტად ხედავს მაყურებელი შენს შესაძლებლობებს. ჩემი მეუღლე შინაგანად არის ძალიან თავმდაბალი და ეს დისკომფორტს უქმნის, თუმცა ხალხის სიყვარული მასაც დაეხმარება სცენაზე დგომაში.
– როგორი სიძე-სიმამრი არიან?
– სიძე-სიმამრს გამორჩეული ურთიერთობა აქვთ. არა იმიტომ, რომ დედისერთა ვარ და ასე უნდა ყოფილიყო. მამას ჩემს ქმართან, რაც არ უნდა ყოფილიყო, ნორმალური ურთიერთობა ექნებოდა, მაგრამ არა იდეალური. ლაშა არ არის ის ადამიანი, რამე ძალით გააკეთოს ან ითამაშოს. მაგრამ მას ძალიან უყვარს თორნიკე. ჩემი მეუღლე მართლა საოცარი ადამიანია და ამის დამსახურებაა მათი იდეალური ურთიერთობა, ჩემი დამსახურება ნამდვილად არ არის.
– როგორია თქვენი ურთიერთობა ქორწინებიდან 6 წლის შემდეგ?
– დღეს გვყავს ორი შვილი. ერთმანეთში ბევრი ახალი რამ აღმოვაჩინეთ, გავიზარდეთ, ვზრდით შვილებს და არასდროს გვავიწყდება საკუთარი თავი. თვეში ერთი დღე იქნება თუ ორი, ვცდილობთ, სადღაც მაინც გავიდეთ მარტოები და მხოლოდ ბავშვებით მოცული არ ვიყოთ. როდესაც სიყვარულია, მას ყოველთვის სჭირდება მოფრთხილება და განახლება.
– ლაშა ზოგადად არის მკაცრი თუ მხოლოდ მუსიკასთან მიმართებით?
– ლაშა მკაცრი საერთოდ არ არის. მხოლოდ მაშინ, როცა საქმე მუსიკას ეხება. ყოველთვის მეუბნებოდა, როდესაც შეყვარებული გეყოლება, აუცილებლად მითხარი და გამაცანიო. ჩემთვის ეს არ ყოფილა ტაბუდადებული თემა. როდესაც თორნიკე ჩემი შეყვარებული გახდა, მასთან მივედი და ყველაფერი მოვუყევი.
– სიყვარულის გამო ამერიკაში სასწავლებლად წასვლაც გადაიფიქრეთ და მამისთვის არც ეს დაგიმალავთ, არა?
– მაქსიმალისტი ვარ. იმ ერთი წლის განმავლობაში, როდესაც მე და ჩემი მეუღლე შეყვარებულები ვიყავით, ალბათ, ორი დღე იყო, როცა ერთმანეთი არ გვინახავს. სიყვარულისგანაც მაქსიმუმი მჭირდება. ყოველდღე რომ ჩემი შეყვარებული არ მენახა, არ გამოვიდოდა. ამიტომ სხვა ქვეყანაში ვერ ვიცხოვრებდი. რაც არ უნდა წარმატებული ვიყო, ჩემთვის სიყვარულის გარეშე ბედნიერება არ არსებობს. ჩვენ დღემდე სულ ერთად ვართ. ქორწინების შემდეგაც ძალიან ცოტა დღე გაგვიტარებია ერთმანეთის გარეშე. ამიტომ ამერიკაში წაუსვლელობაც ძალიან ბუნებრივი იყო. ჩემი ამ გადაწყვეტილების შესახებ ლაშას რომ ვუთხარი, მიპასუხა, სხვანაირად რომ მოქცეულიყავი, გამიკვირდებოდა. სწორად იქცევიო. მამაჩემი ყოველთვის და ყველაფერში მიგებდა. ჩემთვის არჩევანი არასდროს შეუზღუდავს. ოღონდ იშრომე, ოღონდ გულით მოინდომეო, მხოლოდ ამას მეუბნებოდა. მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო გვქონდა კონფლიქტი, რომ აქტიურად არ ვმღეროდი. მისთვის ჩემი შიშების გამხელა ცოტა მიჭირდა. მიჭირდა იმის ახსნა, რომ ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო. მე მყავს ისეთი მამა, რომელიც მართლა მთელ საქართველოს უყვარს და მის გამო შეიძლება, ცოტა შემეშინდა კიდეც. ზოგადად, მშიშარა არ ვარ, მაგრამ პირველი ნაბიჯის გადადგმა რთულია.