“აქ ლამაზი გოგონები არიან, მაგრამ მე ჩემი ბრაზილიელი მეუღლე მიყვარს”

207

წყალტუბოს საფეხბურთო კლუბ “სამგურალის” ბრაზილიელი ლეგიონერი, ჯეფერსონ (ჯეფინიო) ჯერალდო, საქართველოში 2016 წლიდან თამაშობს და უკვე ქართულადაც მშვენივრად ლაპარაკობს. 33 წლის სპორტსმენი ,,სარკეს” უყვება, რომ საქართველო იმდენად უყვარს, სპორტული კარიერის დასრულების შემდეგაც აპირებს ქვეყანაში დარჩენას და საქმიანობას მწვრთნელის რანგში გააგრძელებს. ბრაზილიელმა საქართველოში ცოლიც ჩამოიყვანა, დანარჩენს კი თავად ჯეფერსონი, იგივე ჯეფი, მოგვიყვება.

– 6 წელიწადია, საქართველოში თამაშობთ. რას ფიქრობთ ქართულ ფეხბურთზე და საქართველოს ჩემპიონატზე?

– ქართველები ტექნიკურები და ჭკვიანები არიან, იციან ფეხბურთის თამაში. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ აქ საკმაოდ კარგი სისწრაფეებია, სწრაფად გადადიან დაცვიდან შეტევაში და პირიქით. ბრაზილიის ჩემპიონატში კი მეტად ტექნიკურ და კომბინაციურ ფეხბურთს ანიჭებენ უპირატესობას.

საქართველო პატარა ქვეყანაა და ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ჰყავს, მაგრამ უმრავლესობა ადრე ტოვებს ჩემპიონატს. თუ ქართულ ფეხბურთში შედარებით მეტი ინვესტიცია ჩაიდება, არის პერსპექტივა, რომ ჩემპიონატის დონემ მნიშვნელოვნად მოიმატოს.

– საინტერესოა თქვენი თვალით დანახული საქართველო. მოგვიყევით თქვენს შთაბეჭდილებებზე.

– საქართველო ძალიან მიყვარს. აქ ძალიან თბილი ხალხი ცხოვრობს. მეგობრულობით და სითბოთი ბრაზილიელებს შევადარებდი. მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობები და თავისუფალ დროს ხშირად ვატარებ ჩემს მეზობლებთან. განსაკუთრებით მიყვარს მუმუს და ელისოს ოჯახი. მომწონს აქ ცხოვრება.

– როდესაც ბრაზილიაში ცხოვრობდით, იცოდით რაიმე საქართველოზე?

– საქართველოზე მხოლოდ ის ვიცოდი, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყანა იყო. ვერ წარმომედგინა, თუ ასეთი ლამაზი ბუნება და თბილი ხალხი დამხვდებოდა.

– ბევრი სტუმარი აღნიშნავს, რომ საქართველოში მიმზიდველი ქალები არიან. თქვენც შეგიძლიათ იმავეს თქმა?

– რა თქმა უნდა, ლამაზი გოგონები არიან, მაგრამ მე ბრაზილიელი მეუღლე მყავს და ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. აქ ჩამოვიყვანე და საქართველოში ერთად ვცხოვრობთ.

– როგორ შეეგუა სრულიად უცხო გარემოს?

– ძალიან მოსწონს საქართველო. თავიდან ცოტა გაუჭირდა შეჩვევა, მაგრამ დროთა განმავლობაში ადაპტაცია გაიარა და დღეს თავს ისე გრძნობს, როგორც ბრაზილიაში.

– მშობლები როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტილებას, როცა მათთვის უცნობ ქვეყანაში წასვლა გადაწყვიტეთ?

– ჩვენმა ოჯახმა მხარი დაგვიჭირა და გვითხრა, წადით და იყავით ბედნიერებიო. ძალიან უხარიათ, რომ საქართველოს შევეჩვიეთ, ხალხმაც შეგვიყვარა და ჩვენც შეგვიყვარდა ეს ქვეყანა.

– ქართულ კერძებზეც გკითხავთ, რამდენად მოგწონთ ჩვენი სამზარეულო და განსაკუთრებით რა შეგიყვარდათ?

– მიყვარს ქართული კერძები, განსაკუთრებით – ხაჭაპური და მწვადი, ჩემს მეუღლეს კი – ხინკალი.

– კარიერის დასრულების შემდეგ რას აპირებთ, რა გეგმები გაქვთ?

– ამაზე ხშირად ვფიქრობ. ბრაზილია მენატრება, მაგრამ საქართველო ისე მიყვარს, ვფიქრობ, რომ საცხოვრებლად აქ დავრჩები და კარიერის დასრულების შემდეგ ბავშვების მწვრთნელად ვიმუშავებ.