დიზაინერი თათა ვარდანაშვილი ასპარეზზე 90-იან წლებში გამოვიდა. ის იყო პირველთაგანი, ვინც აღიარება საკუთარი დიზაინით შექმნილი ფეხსაცმელების წარმოებით მოიპოვა, თუმცა, წლების შემდეგ ყველაფერი გართულდა და ამის მიზეზებზე ახლა მისგან შევიტყობთ.
თათა ვარდანაშვილი: ჩემი ცხოვრების მოტივაცია იყო, დამეარსებინა სასწავლო ცენტრი, სადაც ადამიანებისთვის ჩემი პროფესიული უნარ-ჩვევებისა და გამოცდილების გადაცემას შევძლებდი. მას შემდეგ, რაც ეს სასწავლო ცენტრი დაიხურა, მთელი მოტივაცია ჩამომეშალა. გარდა იმისა, რომ ვეღარ ვხედავდი მიზანს, ჯანმრთელობაც აღარ მიწყობდა ხელს და ცოტა ხანი დავპაუზდი. დავპაუზდი იმდენად, რომ ვერც კი წარმომედგინა, თუ ოდესმე ფიზიკურად აქტიურ ცხოვრებას დავუბრუნდებოდი, მაგრამ ბუნებასთან ძალიან მჭიდრო კავშირმა, ნელ-ნელა სიცოცხლის უნარი დამიბრუნა. თუმცა, ყველაზე მეტად სიცოცხლეში მამის გარდაცვალებამ დამაბრუნა. ძალიან დიდმა ტკივილმა გამახსენა ყველაფერი, რასაც მამას ბავშვობაში დავპირდი და გადავწყვიტე, ჩემს პროფესიულ საქმიანობას დავუბრუნდე.
– ერთი წელი გავიდა მამის გარდაცვალებიდან, როგორ გამოიარეთ ეს პერიოდი?
– ძალიან ძნელი გასათვითცნობიერებელი აღმოჩნდა. სახლში მის ადგილს ცარიელს რომ ვხედავდი, ძალიან მიმძიმდა. წავედი და რაღაც პერიოდი მონასტერში ვცხოვრობდი, ახალ წელს იქ შევხვდი. დროთა განმავლობაში გავაცნობიერე, რომ დედა ვარ და ასე არ შეიძლება. ახლაც ვერ ვეგუები, ძალიან მიჭირს, მაგრამ სხვანაირად არ გამოდის.
– მამისთვის მიცემული დაპირების შესასრულებლად „დაბრუნება“ როდის შეძელით?
– რამდენჯერმე მამა, როგორც ცოცხალი, ისე შევიგრძენი. ის არასდროს საუბრობდა სიკვდილზე. ისიც კი მითხრა, ვერასდროს წარმომედგინა, რომ დავბერდებოდი და მით უფრო, ვერ წარმომიდგენია, თუ შეიძლება, მოვკვდეო. ეს სიტყვები მისი გარდაცვალების შემდეგ ძალიან ცოცხლად შემოვიდა ჩემში. ახლობელი ადამიანის გარდაცვალება ძალიან მტკივნეულია, მაგრამ ის, რომ მამამ ჩემს ხელებში დალია სული, კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა. მამა ჩემი ცხოვრების ყველაზე ძვირფასი მეგობარი იყო, მასზე ახლობელი არავინ მყოლია, შვილიც კი.
მონასტერში რომ მივდიოდი, ჩაფიქრებული ვიყავი, მამა ახალი გარდაცვლილი იყო, ორმოცი ახალი გადახდილი გვქონდა. ზუგდიდში მივდიოდი და გზა ამერია. გადასახვევს გავცდი და გრიგოლეთში აღმოვჩნდი. იქიდან ფოთის გავლით ჩავედი ზუგდიდში. გზაში გამახსენდა: ერთხელ მე და მამა სოხუმიდან ვბრუნდებოდით და პალმა მოგვქონდა, რომელიც კახეთში ჩავიტანეთ. მონასტრიდან კახეთში ჩავედი და რომ დავინახე, ეს პალმა ცოცხალი იყო, გამახსენდა მამის დარიგება, აფხაზეთის ომი, სამაჩაბლოში საომარი ვითარება, ის, რომ ჯარისკაცებს ბრძოლის დროს ჩემი შეკერილი ბატინკები ეცვათ… ძალიან დიდი ტკივილი ვიგრძენი, მაგრამ ცოცხალი პალმის ხილვამ უდიდესი რწმენა შემოიტანა ჩემში. საოცარი ის არის, რომ იმ მონასტრიდან, სადაც მე ვიყავი, როდესაც ცა მოწმენდილია, აფხაზეთი ჩანს. ერთხელ, ალიონზე მონასტრიდან გამოვედი, აფხაზეთი დავინახე, ჩვენი პალმა გამახსენდა და მერე ვთქვი, სანამ ცოცხალი ვარ, არ შემიძლია, მამას გავუცრუო იმედი, რომელიც ჩემს დაბადებაში ჩადო. მონასტერში გათენებულმა ამ ერთმა უცნაურმა დილამ დამაბრუნა სიცოცხლეში. შეიძლებოდა, მონასტერში დავრჩენილიყავი და დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი, მაგრამ ამის გამო წამოვედი. მონასტერში დარჩენაზე კი 2010 წლიდან ვფიქრობდი. მას შემდეგ, რაც იძულებული გავხდი, საწარმო სახელმწიფოსთვის გადამეცა. მერე უამრავი ტკივილი გადავიტანე და სულ ვფიქრობდი მონასტერში წასვლაზე, მაგრამ ყოველთვის მამის ზარი მაბრუნებდა უკან.
– 90-იან წლებში თქვენ და მაკა ასათიანი ერთად გამოხვედით ასპარეზზე. ის ტანსაცმლის, თქვენ კი ფეხსაცმლის ხაზით გახდით ძალიან წარმატებული და ასე გრძელდებოდა წლები. რატომ გახდით იძულებული, უარი გეთქვათ იმაზე, რასაც ამდენი წელი ქმნიდით?
– ეს იყო უცნაური დრო ჩემს ცხოვრებაში. დავაარსე პროფესიული სასწავლებელი, პირველი პრეცედენტი ქვეყანაში – საწარმოში არსებობდა ბაზა, რომელშიც ადამიანები პროფესიულ განათლებას ეუფლებოდნენ. ეს იყო ძალიან წარმატებული პროექტი. 2009 წელს ჩვენი კომპანია ევროკავშირის დამკვირვებლებმა დააჯილდოვეს, როგორც საუკეთესო და ჯილდო გადმოგვცა მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც მოისურვა საწარმოში მოსვლა და დათვალიერება. რამდენიმე ხანში აღმოვჩნდი თავდაცვის სამინისტროში და იძულებული გავხდი კომპანია გადამეცა სახელმწიფოსთვის. მოგვიანებით იქ ჩამოყალიბდა სამხედრო დანიშნულების საწარმო-კომპლექსი და წლების განმავლობაში ჩვენ ვაწარმოებდით ეკიპირებას ჯარისთვის. ასპროცენტიანი წილი გადავეცი სახელმწიფოს, მე კი მუშაობას დირექტორის თანამდებობაზე ვაგრძელებდი. სახელმწიფო დამპირდა ახალი შენობა-ნაგებობის აშენებას სასწავლო ცენტრისთვის, მაგრამ ხელისუფლება შეიცვალა და მისი გადმოცემა ვერ მოხერხდა. ეს დაპირება ყველამ დაივიწყა და ბოლოს იძულებული გავხდი, საწარმოდან წამოვსულიყავი, რადგან ძალიან შევიწროებული აღმოვჩნდი. ამან გამოიწვია ჩემი ჯანმრთელობის პრობლემები.
– ამ ამბავში თქვენი ახლობლებიც იყვნენ გარეული?
– სახელმწიფომ აღმასრულებელ დირექტორად ჩემი მამიდაშვილი დანიშნა, რომელიც არაკომპეტენტური იყო. ბრმად ასრულებდა ყველაფერს, რასაც ავალებდნენ, მე ვიცოდი, რომ რაღაცების გაკეთება არ შეიძლებოდა, არ ვეთანხმებოდი, დოკუმენტებს არ ვაწერდი ხელს. ეს დაპირისპირება კონფლიქტში გადაიზარდა და იძულებული გავხდი, საწარმოდან წამოვსულიყავი. სახელი და გვარიც კი შევიცვალე.
– ამან რა მოგიტანათ?
– წლები გრძელდებოდა სასამართლო პროცესი, სადაც ჩემთვის კუთვნილი ანაზღაურების გადახდას ვითხოვდი. აღმასრულებელი დირექტორი, ჩემი მამიდაშვილი თვლიდა, რომ არ უნდა გადაეხადა. ის ვარდიაშვილია, მე ვარდანაშვილი ვიყავი და ეს პრობლემებს ქმნიდა. ჩამოვშორდი ყველაფერს, კომპანიას, დაპირისპირებას, ოჯახურ ღრმა და გაუთავებელ კონფლიქტს.
– ამ დაპირისპირების დასასრულებლად საკმაოდ დიდი მსხვერპლი გაგიღიათ.
– „ნაციონალურ მოძრაობას“ – ჩემთვის ხელის შეშლის მეტი არაფერი გაუკეთებია. უბედურება ის არის, რომ მილიონჯერ ვითხოვე საწარმოს გამოსყიდვა, დათქმული პირობის შესრულება, მაგრამ უშედეგოდ. რაც მაიძულეს საჩუქრად გადამეცა, ხომ გადავეცი და რაც არ გადამიცია, აღმოჩნდა, რომ ისიც მათი საკუთრებაა. იმის იმედი, რომ ვინმე რამეს დამიბრუნებს, არ გამაჩნია, მაგრამ დედამიწაზე ღვთის ჭეშმარიტების დასადგურების დიდი იმედი მაქვს და კიდევ მჯერა, რომ დაუღალავი შრომის შედეგს ადამიანი აუცილებლად დაინახავს. მე ჩემი საყვარელი საქმისთვის არასდროს მიღალატია. სანამ ორი ხელი მაქვს, შემიძლია, ლუკმა-პურის ფული გამოვიმუშავო.
– ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება რამ გამოიწვია?
– როდესაც ამაზე ხმამაღლა ვისაუბრე, ხალხი მწერდა, თუ თვითონ ცუდად გაგხადა ამ ფეხსაცმელზე მუშაობამ, ჯარს რა დაემართებოდა, როცა ფეხზე ეგეთი ფეხსაცმელები ეცვათო?! რეალურად, ამ ფეხსაცმელებზე მუშაობამ შემიქმნა ჯანმრთელობის პრობლემები, მაგრამ საქმე ისაა, რომ მას ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების მოხდენა მხოლოდ დამუშავების პროცესში შეუძლია, როცა უკვე დამუშავებულია და ვიყენებთ, როგორც ფეხსაცმელს, არანაირი ზეგავლენა აღარ გააჩნია. მასზე მუშაობის დროს ჩემი ხერხემლის გარშემო მავნე ნივთიერებები ჩაიკირა, მოძრაობა შემეზღუდა, საერთოდ ვერ გადავადგილდებოდი, ორი წელი სახლიდან ვერ გამოვდიოდი. ერთი წლის თავზე, პატარა ბავშვივით თავიდან ვისწავლე სიარული. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ახლაც მთელი რიგი პრობლემები მაქვს, მაგრამ შემიძლია, საჭესთან ვიჯდე და დღის განმავლობაში ორი კილომეტრი გავიარო ფეხით.
– საცხოვრებლის გამოცვლაც ამას უკავშირდებოდა?
– თბილისიდან მცხეთაში, დეიდის სახლში გადავედი საცხოვრებლად. მინდოდა, ფიზიკურად აქტიური ვყოფილიყავი. მიწასთან და ცხოველებთან ურთიერთობამ ბევრი სიკეთე მომიტანა. გრძელვადიან პერსპექტივაში ვგეგმავ, მამაპაპისეულ სახლში, კახეთში გადავიდე საცხოვრებლად. მამასთან ერთად ვგეგმავდი, მაგრამ სამწუხაროდ, მარტოს მომიწევს. მინდა, იქ პატარა ფერმერული საქმიანობა წამოვიწყო. მინდა, ცხოვრება და შემოქმედება ცარიელი ფურცლიდან დავიწყო.
– დიდი სტრესი გადაიტანეთ, როგორ აისახა ეს თქვენზე და როგორ ებრძოდით მას?
– 24 საათის განმავლობაში, ღმერთს ვეხვეწებოდი, რომ არ გავბოროტებულიყავი. ჩემს შიგნით ბოროტება არ აღმოცენებულიყო და მას ჩემში არსებული სიყვარული არ გადაეფარა ამ ბრძოლას შევალიე 12 წელი. ყველაზე დიდი ბრძოლა საკუთარ თავთან უნდა მომეგო – როცა ადამიანებისგან მადლიერებას ელოდები იმის გამო, რომ ვიღაცას სამუშაო ადგილი შეუქმენი, ვიღაცას ახალი პროფესია შესძინე, ვიღაცას საზოგადოებაში წარმოჩენის საშუალება მიეცი და ასე შემდეგ, საბოლოო ჯამში, ეს ადამიანები შეტრიალდნენ და აღარავინ გკითხულობს, რთულია. მაგრამ ნებისმიერ ადამიანში დევს იმის განცდა, რომ ქრისიტე ჭეშმარიტად აღდგა და ეს განცდა ყველაზე მთავარია. მე ამ რწმენამ გადამარჩინა. ჩემს თავს ვუთხარი, თუ თავიდან არ დაიწყებ სიარულს, ესე იგი, ეკლესიაშიც ტყუილად დადიხარ, ტყუილად ეზიარები და არაფერს აქვს აზრი-მეთქი. შევეცადე, ყველაფრისთვის ხაზი გადამესვა და ახალი ადამიანი დავბადებულიყავი.