რა დანაშაულის გამოსყიდვას ახერხებს ლაშა რამიშვილი საჩუქრებით და როგორ ააშენა ოჯახი მისმა მეკვლეობამ

288

საახალწლო განწყობა მეტ-ნაკლებად ყველას მოწყვეტს ხოლმე რთული და დამღლელი ყოველდღიურობისგან და ცოტა ხნით, ჯადოსნურ სამყაროში ითრევს. ვნახოთ, როგორ ხვდებიან ამ დღესასწაულს მსახიობ ლაშა რამიშვილის ოჯახში.

ლაშა რამიშვილი: რამიშვილების ოჯახში ახალ წელს ლაშა რამიშვილის გარეშე აღნიშნავენ. ჩვენ ხომ „საშინელი“ პროფესია გვაქვს და ყოველ ახალ წელს ვმუშაობთ (იცინის). აქედან ვიღებთ სარჩო-საბადებელს და ამიტომ პანდემიის პერიოდს თუ არ ჩავთვლით, ფაქტობრივად, 20 წელიწადია, ახალ წელს სახლში არ შევხვედრივარ.

– რით გამოისყიდით ხოლმე ამ „შეცოდებას“?

– საჩუქრებით. აბსოლუტურად ყველასთან მომაქვს საჩუქარი: დედასთან, მამასთან, მეუღლესთან, შვილებისთვის ხომ მომაქვს და მომაქვს. თან, იმ ღამესვე უნდა მოვნახო სადღეღამისო მაღაზია და ავარჩიო საჩუქარი. რთული მისია მაკისრია (იცინის). სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ამ საჩუქრებს ჰქვია თოვლის ბაბუის საჩუქრები და არა ლაშასი. ასე მიითვისა თოვლის ბაბუამ ჩემი შრომა (იცინის). თუმცა, მთავარი ის არის, რომ მათ უხარიათ ეს ყველაფერი და მე ეს მაბედნიერებს.

ყველაზე კარგი ის არის, რომ ყოველ ორ იანვარს, მე და ჩემი მეუღლე განვმარტოვდებით ხოლმე და ეგზოტიკურ რესტორანში მივდივართ მათი კერძების დასაგემოვნებლად.

– მეუღლე თქვენს გარეშე როგორ უმკლავდება სადღესასწაულო სამზადისს?

– მიუხედავად იმისა, რომ მე ახალი წლის ღამეს სახლში არ ვარ, მაინც მეუღლესთან ერთად ვხვდები ამ დღესასწაულს. ამაში ტელეფონი მეხმარება. 12-ს რომ წუთები დააკლდება მეუღლეს ვურეკავ და მასთან და შვილებთან ერთად ვეგებები ახალ წელს. ოჯახი მაინც ერთად ვართ, ასე თუ ისე. რაც შეეხება ჩემს მეუღლეს და იმას, თუ როგორ ახერხებს უჩემობას, გეტყვით, რომ ის არის ჩვენი ოჯახის ამინდი. ძალიან დიდი ენერგია აქვს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბავშვებმა ამ ღამეს უჩემობა არ იგრძნონ. მაინც გრძნობენ რაღაც დოზით, მაგრამ როგორც გითხარით, საჩუქრებით ხდება ამის რეაბილიტაცია (იცინის).

– თქვენ ყოფილხართ ოჯახის ნამდვილი თოვლის ბაბუა.

– მეკვლეც მე ვარ და რაც მეკვლეობა დავიწყე, ცოტა უკეთ ვართ (იცინის). შეიძლება ითქვას, რომ 90-იანებიდან გამოვედით (იცინის). მე და ჩემი ძაღლი, ბოთვერა ვიყავით ერთ-ერთ ახალ წელს მეკვლედ ჩვენს ოჯახში. მაშინ რუსთავში ვცხოვრობდით. იმ წელს შევიძინეთ სახლი თბილისში და აქ გადმოვედით საცხოვრებლად. ფაქტობრივად, ბოთვერამ და ალბათ მეც, გამოვიწვიეთ ეს (იცინის). ყველა თბილისში ვმუშაობთ და მანამდე ცოტა გვიჭირდა შორიდან სიარული.

– ოჯახში კიდევ რა ტრადიციები გაქვთ?

– პირველ რიცხვში ვიკრიბებით ჩემს სიმამრთან სახლში, ეს ყოველთვის ასეა და მიდის ქეიფი და დროსტარება. 7-ში ვიკრიბებით ჩემთან მთელი საძმაკაცო და ნათესაობა, 14-ში – ჩემს ძმაკაცთან. ასეთი ტრადიცია გვაქვს. დღეს აქანე ვიქეიფებ, ხვალე იქინეო, ჩვენზეა ნათქვამი.

– რა ხდება იანვრის ბოლოს, ზედმეტი კილოგრამები და ნაბახუსევი ნაცნობი ამბავია?

– სამწუხაროდ კი, ქართველობა ცოტა ზედმეტი დოზით მოგვდის ხოლმე და ბოლოს მაღვიძარა გვერთვება ტვინში, რომელიც გვკარნახობს, რომ საკმარისია. თუმცა, რაც თეატრში ვარ, ანუ, ძალიან ბევრი წელია, ორი იანვრიდან თითქმის ყოველ დღე სპექტაკლები მაქვს და მოდუნების საშუალება ნაკლებად მეძლევა. სასმელს, კი ბატონო, გემრიელად და ბლომად, მაგრამ საჭმელთან გამკლავება მაინც მიჭირს (იცინის). იანვრის ბოლოს, შეიძლება ითქვას, ამნისტია გამოდის ნაღვლის ბუშტისთვის (იცინის).

– საახალწლო სუფრის მომზადებაში თქვენ და მეუღლეს, რომელს რა წვლილი მიგიძღვით?

– სანამ ახალი წლის ღამეს სამუშაოდ წავალ, ხორცის მომზადებას ჩემს თავზე ვიღებ. ამ ბოლო დროს, ძალიან კარგად ვისწავლე ეგ ამბავი. ორი მაყალი გვაქვს, ორივე საძმაკაცოს ნაჩუქარია და ორივე ექსპლუატაციაში გვაქვს საახალწლოდ: მწვადი, სტეიკები, გრილზე შემწვარი ქათმები და ასე შემდეგ, გოჭის გამოკლებით, რადგან არაჩვეულებრივ გოჭს გვიგზავნიან სამტრედიიდან ჩვენი მეგობრები. რაც შეეხება სალათებს, ეს ჩვენი ბელას, ჩემი მეუღლის პრეროგატივაა, საცივი, ღომი და ასე შემდეგ, ჩვენი მთავარი დიასახლისის, ქალბატონი ინეზასი, ანუ დედაჩემის საქმეა.

– აკეთებთ ერთია, მაგრამ რას ამბობენ, როგორი გამოგდით ეს ხორცეული?

– მარტო ხორცეული? აი, ახლა, ამწუთას, რომ გელაპარაკებით, ჩემს მარანში ვარ. ახალ წელს სასმელიც ჩემი მაქვს – 80 ლიტრი „საფერავი“, 60 ლიტრი „რქაწითელი“ – მწვანე, 80 ლიტრი ისევ, „რქაწითელი“ – მწვანე ევროპულად დაყენებული. მათი გადაღებით ვარ ახლა დაკავებული. სანამ ამას დავიწყებდი, მანამდე ერთი ხუთი კილოგრამი ხორცის სტეიკი შევწვი და შვილებთან ერთად გეახელით. ახლა გალახულებივით სხედან ისინი სახლში და მე რომ მოვინელო, რაც მივირთვი, მარანში ღვინოს ვიღებ (იცინის).

– რას ელით 2023-ისგან?

– ვისურვებდი, რომ 2023-იდან ქართველებს ჩემი თამადობით თავისუფლების აზრი გვესწავლოს და მისი უზრდელობისა და ზღვარგადასული ქმედებებისგან გარჩევა შეგვძლებოდეს. სოციალურ ქსელში რომ ვაკვირდები, სამწუხაროდ, ხშირად ვხედავ, რომ უზრდელობას თავისუფლებას ეძახიან და იმედია, ნამდვილი თავისუფლების გემოს გავიგებთ და ამ ფენომენის რეალურ სახეს შევიცნობთ. ღმერთმა ქნას, ჩემი მოლოდინი გამართლდეს.