24 წლის ჟურნალისტმა ავთო გვასალიამ ტელევიზიაში იმდენი საფეხური გაიარა, რომ შეიძლება სხვას ამ ეტაპების გავლისათვის 24 წელიც კი დასჭირვებოდა. დილის და შუადღის გადაცემების მხიარული წამყვანობიდან ბოლო ერთი წელი საინფორმაციო სამსახურის გუნდს შეუერთდა და მისი იმიჯიც სერიოზული და მკაცრი გახდა.
უკრაინის ომის დაწყებისთანავე საინფორმაციო გამოშვების წამყვან სანდრო კაჭახიძესთან ერთად გადაცემა “კურიერი პ.ს.”-ის წამყვანი გახდა. ომის ყოველდღიურმა ანალიტიკამ ჟურნალიტს დიდი გამოცდილება შესძინა.
თუ რა ეტაპები გაიარა მხიარულმა ავთომ სერიოზული წამყვანის ამპლუის მორგებამდე და რა უშლის ხელს პირადი ცხოვრების აწყობაში, ამას “სარკის” ინტერვიუდან შეიტყობთ.
– ავთო, დილის და შუადღის გადაცემებიდან უცებ აღმოჩნდით საინფორმაციო სამსახურში. უფრო მეტიც, უკრაინის ომზე გადაცემის წამყვანი გახდით. ადვილი იყო ეს ცვლილებები?
– ეს ძალიან საპასუხისმგებლო ცვლილებები იყო. როდესც ომის თემას აშუქებ პირდაპირ ეთერში, ძალიან საფრთხილოა. შეიძლება ერთმა შენმა შეცდომამ გამოუსწორებელი შედეგი მოგიტანოს. მე და სანდრო კაჭახიძემ ძალიან რთული და საინტერესო 6 თვე გამოვიარეთ. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე აღმოვჩნდით ერთ გადაცემაში და ახალ სეზონშიც კვლავ “კურიერი პ.ს.”-ის წამყვანები ვიქნებით.
ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, დროც არ ყოფილა იმის გასაცნობიერებლად, რთული იყო თუ არა ეს ცვლილებები. ხშირად ვიწყებდით გადაცემას, პირდაპირ ეთერს და არ ვიცოდით, როდის დავამთავრებდით, მოვლენებს პირდაპირ რეჟიმში მივყვებოდით. უამრავი ღამე გაგვითენებია ეთერში ყოფნით.
– რა არის საინფორმაციო რეჟიმში მუშაობის მთავარი აზარტი?
– მთავარი აზარტი ისაა, რომ არასოდეს უნდა მოდუნდე. როდესაც ახალ ამბებს აცნობ მაყურებელს, მზად უნდა იყო, რომ შეიძლება ინფორმაცია ყოველწუთიერად შეიცვალოს. თუნდაც შვებულებაში ხარ ან კვირის დღეებში ისვენებ, მაინც გიწევს ყოველდღიური ინფორმაციის გაცნობა, რომ მოვლენებს არ ჩამორჩე. ერთმა წელმა, როდესაც ნიუსში გადმოვედი, ძალიან შემცვალა და ბევრი ახალი თვისება შემძინა.
– რა სირთულეები გადალახეთ?
– თავიდან ვერ ვასწრებდი ინფორმაციის გადამუშავებას. იყო პერიოდი, როდესაც “კურიერი” ყოველ საათში მიმყავდა და მუდმივად განახლებული ინფორმაცია უნდა მქონოდა. მართლა წუთითაც ვერ ვასწრებდი საინფორმაციო ოთახიდან გამოსვლას. დილითაც კი შფოთვით ვიღვიძებდი და მეგონა, რომ საინფრომაციო გადაცემა მიმყავდა. ნელ-ნელა ამ რეჟიმს მივეჩვიე.
– ორი ბიჭი წამყვანი უცხოა ქართულ სატელევიზიო სივრცეში, როგორია სანდროს პარტნიორობა, რამდენად კარგად გესმით ერთმანეთის?
– ძალიან მნიშვნელოვანია, ეთერი ვისთან ერთად მიგყავს. პატარა ჩავარდნაც რომ გქონდეს პირდაპირ ეთერში მუშაობისას, მაყურებელი აუცილებლად შეამჩნევს, მაგრამ, თუ კარგი პარტნიორი გყავს, მაშინ ეს შეცდომა შეუმჩნეველი იქნება. სანდრო ყოველთვის ზურგს მიმაგრებდა. ბევრჯერ ყოფილა პირდაპირ ეთერში მუშაობისას, რომ აზრი ვერ დამიმთავრებია და ამ დროს სანდრო დამხმარებია. ძალიან კომფორტულია მასთან ერთად ეთერში მუშაობა.
ეკრანზე ყოველთვის კარგად ჩანს, როგორი ურთიერთობა გაქვს მეწყვილესთან ეთერს მიღმა. ჩვენ რომ ვმეგობრობთ, ეს საქმეში ძალიან კარგად გვადგება, მარტივად გვესმის ერთმანეთის.
– საინფორმაციო გადაცემის სერიოზული წამყვანის მიღმა როგორი ხასიათი გაქვთ?
– ერთი სერიოზული პრობლემა მაქვს, ზოგჯერ ეთერში სიცილს ვერ ვიკავებ. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ იმ პერიოდს, როდესაც სულ ომის გაშუქება გვიწევდა. როცა უფრო მსუბუქ თემებზე გადავდიოდით და მოვდუნდებოდი, მაშინვე მეწყებოდა სიცილი. ცხოვრებაში ძალიან მხიარული ვარ და მიყვარს სიცილი.
სამაგიეროდ, ჩემს მეწყვილე სანდროს არასოდეს გაეცინება. იყო შემთხვევა, სკამი გატყდა ეთერში, სტუმარი გადმოვარდა და სანდრო მაინც სერიოზული სახით იყო ბოლომდე. მე კი ამ დროს სიცილს ვერ ვიკავებ. მოკლედ, ჩემი პრობლემაა ეთერში სიცილის შეუკავებლობა.
– ოჯახის წევრებს და მეგობრებს როგორ მოსწონთ საინფორმაციო გამოშვების წამყვანი სერიოზული ავთო?
– მშობლებს და განსაკუთრებულად ბებიას, რომელიც ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია, საინფორმაციო გადაცემის წამყვანის ამპლუაში ძალიან მოვწონვარ. ბებიაჩემის ცხოვრება შედგა, რადგან მისი შვილიშვილი ტელეეკრანიდან უყვება ახალ ამბებს. მეგობრებს კი მხიარული ავთო უფრო მოსწონდათ, რომელიც ეთერში ხან მღეროდა და ხან ცეკვავდა. ახლა ცხოვრების იმ საფეხურზე ვდგავარ, როდესაც ყოველი სამუშაო დღე ჩემთვის დიდი გამოცდილებაა.
– ძალიან პოპულარული ბიჭი ხართ თქვენი თაობის გოგონებში, ამიტომ ყველას აინტერესებს, ხართ თუ არა შეყვარებული და, საერთოდ, რა ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში.
– ჩემი საშინელი სატელევიზო გრაფიკიდან გამომდინარე, ვისთანაც კი მქონია ურთიერთობა, კარგად ვერ გაგრძელებულა. აღმოჩნდა, რომ ჩემი საქმე და პროფესია პირად ცხოვრებაში ხშირად ხელისშემშლელია. ბევრს უჭირს იმ რეჟიმთან შეგუება, რომელიც მაქვს, მით უმეტეს, იმ ადამიანებს, ვინც არ იცის, რა არის ტელევიზია.
– ახლა 24 წლის ხართ, თვლით, რომ არის დრო ოჯახის შექმნის თუ ეს შორეული პერსპექტივაა?
– ზოგადად არ მგონია სწორი, წინასწარ განსაზღვრო, რა ასაკში გინდა ოჯახის შექმნა. ოჯახის შექმნის პერიოდი დგება მაშინ, როდესაც კარიერა გაქვს აწყობილი, ფინანსურად მზად ხარ. არ გამოვრიცხავ, რომ ერთი წლის შემდეგ შეიძლება დაოჯახებული ვიყო და არც იმას, რომ ეს ნაბიჯი 30 წლის ასაკში გადავდგა. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როდის მოვა გრძნობა, რომელიც ამ გადაწყვეტილებას მიმაღებინებს.