„მიწისძვრისგან მორყეულ სახლებში რჩებიან და შეშინებულ მოხუცებს მარტო არ ტოვებენ… სახლიდან ფეხს არ იცვლიდა, სინდისი არ მიშვებსო“
სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი თამთა ხალვაში ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში, თურქეთში მყოფი ემიგრანტი ქალების კომენტარებს ეხმიანება. როგორც თამთა ხალვაში წერს, „ქალების მიერ შესრულებულ ზრუნვისა და ემოციურ შრომას საზღვრები პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით არ გააჩნია“.
ამის მაგალითად, თამთა ხალვაშს თურქეთში, მიწისძვრის დროს მომხდარი ქართველი ემიგრანტი ქალის ამბავი მოჰყავს, რომელმაც „შეშინებული მოხუცი სახლში მარტო არ დატოვა და საყრდენ კედელს მიყუდებული სახლიდან ფეხს არ იცვლიდა“.
„საქართველოდან თურქეთში მოხუცების მოსავლელად წასული ემიგრანტი ქალები მიწისძვრისგან მორყეულ სახლებში რჩებიან და შეშინებულ მოხუცებს მარტო არ ტოვებენ. ერთი ქალი ჰყვებოდა, როგორ ეხვეწებოდნენ მეზობლები სახლიდან გამოსულიყო, რადგან ის ახალგაზრდაა და ცხოვრება წინ აქვს, მაგრამ საყრდენ კედელს მიყუდებული სახლიდან ფეხს არ იცვლიდა, სინდისი არ მიშვებსო.
ქალების მიერ შესრულებულ ზრუნვისა და ემოციურ შრომას საზღვრები პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით არ გააჩნია. ის ნაციონალურ და პიროვნულ საზღვრებს სცდება და ზრუნვის ისეთ ფორმად გვევლინება საკუთარ სიცოცხლესაც რომ დათმობს“, – წერს თამთა ხალვაში.