“გულაჩუყებული და ამაყი ვარ ჩემი ხალხით“

273

საქართველოში თურქეთის საელჩოს თანამშრომელი, ეკატერინე ახვლედიანი თურქეთში მომხდარ მიწისძვრას ეხმაურება და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„ვარ გულაჩუყებული და ამაყი ჩემი ხალხით! გუშინ საელჩომ გააკეთა განცხადება დახმარებასთან დაკავშირებით. დღეს დილიდან ვერ აგიღწერთ რა ხდება…  ტელეფონები არ ჩერდება, რეკავენ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ითხოვენ სტიქიის ზონაში წასვლას მაშველებად, ექიმებად, ექთნებად… ერთმა ქალბატონმა ობოლ ბავშვებს შევიფარებო, შემოგვთავაზა (სხვათაშორის, მეც ვფიქრობდი ამას). მოაქვთ დახმარება ჩვენს მოქალაქეებს, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა. ერთმა 80 წელს გადაცილებულმა მოხუცმა აბრეშუმისპირიანი ძვირფასი მატყლის საბნები მოიტანა, ჩემი ცოლის შეკერილია და იქ უფრო სჭირდებათ, ვიდრე ჩვენო. რამოდენიმე საათში გაივსო ის ტერიტორია, რომელიც გამოვყავით დახმარების დასაწყობად. ერთი სიტყვით, ემოციისგან დილიდან ყელში ბურთი მაქვს გაჩხერილი. 

P. S. ამ ტიპის პოსტები ყოველთვის გაზვიადებული მეგონა, თურმე როგორ ვცდებოდი!“ – წერს ახვლედიანი.

ცნობისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში. რამდენიმე საათში, თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა განმეორდა. ჯამში თურქეთსა და სირიაში მიწისძვრით დაღუპულთა რიცხვი, ბოლო მონაცემებით, 11 200-ს აჭარბებს. მიწისძვრას ემსხვერპლა საქართველოს სამი მოქალაქე.