რატომ სცემდა თაკო კორინთელი მასზე შეყვარებულ ბიჭებს და რის გამო ბრუნდებოდა ის სახლში ყოველთვის დასისხლიანებული
როგორი იყო თაკო კორინთელის ბავშვობა, რატომ სცემდა ის ბიჭებს და რატომ მიაჩნდა სიყვარულის ახსნა დიდ შეურაცხყოფად, ამას ტელეწამყვანი თავად მოგვიყვება.
თაკო კორინთელი: როგორც ამბობენ, ბავშვობაში ძალიან თხაჯანა გოგო ვიყავი, ონავარი და საოცრად ცელქი. მშობლებისთვის დიდ თავსატეხს წარმოვადგენდი. უფროსი ძმა მყავს – ის ყოველთვის მშვიდი და გაწონასწორებული იყო, არასდროს არაფერს აშავებდა. მე კიდევ ფეხბურთს ვთამაშობდი, შტაბებს ვაშენებდი, ეზოში ბიჭებს ვცემდი და ძალიან ცანცარა ვიყავი. ხიდან ჩამოვარდაო, რომ იტყოდნენ, რატომღაც ყველას ჩემს ძმაზე ეგონა, რადგან ბიჭია, აღმოჩნდებოდა, რომ თაკოზე იყო საუბარი. ასაფეთქებელი ააფეთქა, ვინ? – თაკომ. შატალოზე წავიდა, ვინ? – თაკო. მშობლები დატანჯული მყავდა (იცინის).
– მშობლებისგან მალულადაც თუ აკეთებდი რამეს?
– არა, ჩუმჩუმელა ბავშვი არ ვყოფილვარ, პირიქით, ყველაფრის თქმა პირდაპირ მიყვარდა. შემეძლო ტყუილი მეთქვა და ჩემი დაშავებული სხვისთვის დამებრალებინა – როცა სახლში ხდებოდა რამე, ჩემს ძმას ვაბრალებდი ხოლმე, ისევე, როგორც ის მე, მაგრამ ეზოში თუ მოხდებოდა რამე, მაგალითად, ბურთს მოვარტყამდი ვინმეს მანქანას და მერე მისი პატრონი იკითხავდა, ეს ვინ ქნაო, მე მაშინვე გამოვიდოდი და ვეტყოდი, მე გავაკეთე-მეთქი. ასეთი რამეების დამალვა არასდროს მიცდია. სახლშიც რომ ავიდოდი, დედასაც ვეუბნებოდი: დედა, ეს მე გავაფუჭე, ეს მე გავტეხე-მეთქი და მერე ვიმალებოდი (იცინის).
– დასჯის მეთოდები როგორი იყო?
– დედა სულ მელაპარაკებოდა, რომ მე გოგო ვარ, უნდა ვიყო უფრო ნაზი, ბიჭები არ უნდა ვცემო, ფეხბურთი არ უნდა ვითამაშო და ასე შემდეგ. ცდილობდა, კარგად აეხსნა, მაგრამ… (იცინის). დასჯას რაც შეეხება, ერთი კვირით გამომკეტავდა სახლში და გაკვეთილების კითხვას მომისჯიდა. თუმცა მერე ყველა მიხვდა, რომ ჩემთან ეს არ ჭრიდა, საბოლოო ჯამში, მე მაინც ჩემი გამქონდა. პირობითად, კარს თუ ჩამიკეტავდნენ, ფანჯრიდან აღმოვჩნდებოდი ეზოში (იცინის).
– გამოდის, შენ წინააღმდეგ არაფერი არ ჭრიდა?
– მართლა, არა. ზოგჯერ, რომ ვფიქრობ, როგორ ვახერხებდი ამ ყველაფერს, ახლა ზრდასრულ ასაკში, მიკვირს.
– ბიჭებს რატომ სცემდი?
– არ ვიცი. ზოგადად, ბავშვობიდან ვერ ვიტანდი უსამართლობას. თუ სხვები ჩხუბობდნენ და დავინახავდი, რომ ერთი მეორეს ჩაგრავდა, მაშინვე ჩავერეოდი მათ ჩხუბში. სხვანაირად არ შემეძლო, უსამართლობის დანახვისას ტვინში სისხლი მექცეოდა და მაშინვე წიხლებზე გადავდიოდი (იცინის). ცოტა რომ გავიზარდე და სკოლაში დავდიოდი, უკვე ცოტა დიდი გოგოობიდან, დღემდე ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საოცრად უკონფლიქტო ვარ. ჩემი წყობიდან გამოყვანა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. 30 წლის ვარ და გააზრებული ასაკიდან ასეთი შემთხვევა ორი თუ გამახსენდება. როცა ვხედავ ჩემს წინ ვიღაც ერთ ადგილს ათამაშებს და უნდა, გამომიწვიოს, ჩემი პასუხი – სრული იგნორია, არც კი გავხედავ. მაგრამ პატარა რომ ხარ, ეტყობა, სხვანაირად ხდება და ასე იყო ჩემ შემთხვევაშიც (იცინის).
– ხიფათებში თუ ეხვეოდი ასეთი ხასიათის დამსახურებით?
– კი, მაგალითად, ჭიაკოკონობა რომ იყო, პირველი მე ვვარდებოდი ცეცხლში, მადლობა ღმერთს, არაფერი დამმართნია. ახალი წელი იყო და სახესთან ამიფეთქდა ასაფეთქებელი. ხიდან ჩამოვარდნაზე და „შრამებზე“ არაფერს ვიტყვი. სახლში თითქმის ყოველთვის დასისხლიანებული მოვდიოდი. საოცრებები მემართებოდა (იცინის).
– როდის შეიცვალე?
– ჩემი ძმა ბავშვობიდან ძალიან მშვიდი იყო. ვინმე თუ რამეს ეტყოდა, მაშინვე დააიგნორებდა, არა უშავსო, მე გამოვენთებოდი, როგორ თუ არა უშავს-მეთქი, უსამართლობას ვერ მოვითმენდი. მით უმეტეს, თუ ოჯახის წევრს ეტყოდა ვინმე რამეს, შემეძლო, თმებით მეთრია (იცინის). მერე, ალბათ, მე-5, მე-6 კლასიდან, ცოტა გოგოშკური რომ ხდები, ბიჭების ცემას თავს ანებებ (იცინის). ხეებზე ძრომიალს, შტაბების კეთებას და ფეხბურთის თამაშსაც დავანებე თავი.
-ვინმე თუ სიყვარულს აგიხსნიდა ან გაიგებდი, რომ მოსწონდი, ამას მშვიდად ხვდებოდი?
-არ ვიცი, რატომ, მაგრამ დიდი ხანი მეგონა, ვინმე თუ მოვიდოდა და მეტყოდა, რომ ვუყვარვარ, ეს ძალიან შეურაცხმყოფელი იყო. მართლა არ ვიცი, ასე რატომ ვფიქრობდი, ამის გამოც მყავს ნაცემი ბიჭები (იცინის).
ამხელა შეურაცხყოფას ვის ვაპატიებდი, რას ჰქვია, სიყვარულს მიხსნის, როგორ გაბედა-მეთქი, ვფიქრობდი და იმ ადამიანს სამუდამოდ გადავხაზავდი ჩემი ცხოვრებიდან (იცინის). მახსოვს, ერთხელ ამის გამო ბიჭს იმხელა ჩავარტყი, პირი ღია დარჩა, არადა მასაც ნაზი გოგო ვეგონე (იცინის). მერე ვიღაცამ რაღაც საჩუქარი მომიტანა, მგონი, სუნამო იყო, როგორ გაბედე-მეთქი და დავუმსხვრიე (იცინის).
– სახიფათო ყოფილა შენი შეყვარება.
– ოღონდ მართლა არ ვიცი, რატომ მეგონა ასე. რა ჯობია, ვინმე რომ სიყვარულს გიხსნის, ხომ არ სძულხარ, მაგრამ ასეთი განწყობა მქონდა. ჩემს უბანში სულ ბიჭები იყვნენ – ჩემი ძმა, მისი ძმაკაცები და მათ გარემოცვაში გავიზარდე. ალბათ, ამიტომ მქონდა უფრო ბიჭური თვისებები. მერე სკოლაში ჩემი ასაკის გოგონებს რომ ვაკვირდებოდი, პომადას ისვამდნენ, იპრანჭებოდნენ, მიკვირდა. მე საკმაოდ დიდი ხანი სათამაშოებით დავდიოდი სკოლაში.
– სწავლა თუ გიყვარდა?
– ძალიან არ მიყვარდა დილით გაღვიძება, მაგრამ, რომ გავიღვიძებდი, მერე ერთი სული მქონდა, სკოლაში წავსულიყავი. იქ ძალიან კარგი მეგობრები მყავდა. ეს ადამიანები დღემდე მომყვებიან. როცა სკოლაში საუკეთესო მეგობრები გელოდებიან, ერთი სული გაქვს, გაკვეთილზე მიხვიდე. ერთი წერტილი გვქონდა დათქმული, სადაც ყველა ვხვდებოდით და ერთსაც რომ დაეგვიანა, ექვსივე ვაგვიანებდით გაკვეთილზე. შვიდ ბავშვს გვქონდა განსაკუთრებულად შეკრული გუნდი კლასში და ყველგან ერთად მივდიოდით, დაგვიანებითაც ერთად ვაგვიანებდით (იცინის).
– თოვლის ბაბუის თუ გჯეროდა ბავშვობაში?
– გარკვეულ ასაკამდე მჯეროდა, მაგრამ არ მახსოვს, როდის ან როგორ მივხვდი რეალობას. მახსოვს, უკვე ნახევრად ვიცოდისავით, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობდა და საკუთარ თავთან მქონდა ბრძოლა (იცინის). ვცდილობდი, არ ჩამძინებოდა, რომ დამენახა, დედა ხომ არ მიდებდა საჩუქრებს, მაგრამ კითხვები ისევ პასუხგაუცემელი მრჩებოდა, იმიტომ რომ, სულ მეძინებოდა (იცინის).
ძალიან კარგად მახსოვს საახალწლო ფუსფუსი. ოჯახში ყველას რომ თავისი საქმე ჰქონდა, ეჩქარებოდათ. მე კი ამ დროს არდადეგები მქონდა და თავისუფლად ვერთობოდი. მომინდებოდა, ეზოში ჩავიდოდი, მომინდებოდა – ვითამაშებდი, სამზარეულოში კრემში თითს ჩავყოფდი და შევჭამდი, ნაძვის ხის სილამაზით დავტკბებოდი – ეს ყველაფერი ყველაზე მეტად მენატრება და ყველაზე თბილად მახსენდება.