გურამ შარაძის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე ფილოლოგ, გია მურღულიას გიორგი სააკაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს და სოციალურ ქსელში წერს.
„80-იან წლებში, 23-ე სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის სრულიად ახლებური მასწავლებელი მოვიდა. ახალგზრდა კაცი ყველასგან განსხვავებული იყო. ის დროა, როდესაც ეროვნული მოძრაობა ძლიერდებოდა და ხალხში ანტიკომუნისტური განწყობა მატულობდა. მოსწავლეებმა მთელი გულით შეიყვარეს და რაც მთავარია, მთელი არსებით მიენდნენ. ერთ დღესაც, ერთ-ერთი უფროსი კლასის ბავშვებს, კომუნისტური რეჟმისთვის სრულიად მიუღებელ კითხვებზე, წერილობითი პასუხის გაცემა სთხოვა და დაჰპირდა, რომ ყველაფერი საიდუმლოდ მასთან დარჩებოდა. რა თქმა უნდა, ბავშვებმა საყვარელი მასწავლებლის თხოვნა დაუფიქრებლად შეასრულეს და გულწრფელი პასუხები გასცეს. წარმოიდგინეთ მათი გაოცება, როდესაც მალე, საკუთარი ნაწერები გაზეთის ფურცლებზე იხილეს. მასწავლებელმა სტატია დაწერა და საკუთარი მოსწავლეები უმოწყალოდ ჩაუშვა. დაინგრა სკოლა, განათლების სამინისტო, საქართველო… იყო პედსაბჭოები, მშობლების და მოსწავლეების წინ და უკან თრევა… ბავშვები დაიხოცნენ იმედგაცრუებით, სხვა ნაკლებად ადარდებდათ. როგორღაც გადაიარა ყველაფერმა და თქვენ წარმოიდგინეთ, ახალგაზრდა კაცმა, „წონაც“ კი შეიძინა – მთელმა საქართველომ გაიცნო. ამასობაში, ჩემი კლასის მასწავლებელი გახდა. თან რა დროს – მე-8 კლასში, როდესაც ჰაგიოგრაფიასა და „ვეფხისტყაოსანს“ გავდიოდით. ვიცოდი, რას წარმოადგენდა, მაგრამ მომაჯადოვა! და მაშინ, ამ საგანში საუკეთესო თუ ვიყავი, მისი დამსახურებაცაა.
დაინგრა საბჭოთა კავშირი, მიჰყვა საქართველოც. რა არ გამოვიარეთ. კაცს თმაში ჭაღარა შეერია, სახელი და პატივი მოემატა. ყოველთვის თბილად იყო… და აი, გახდა თბილისის 24-ე სკოლის დირექტორი.
2007 წელს, მოკლეს მამაჩემი. სულ ახალი დასაფლავებული იყო და სახლში ქალი მოვიდა, ამ სკოლის მასწავლებელი, სახეს იხოკავდა ტირილით და დედაჩემს და მე ასეთი რამ მოგვიყვა: პედსაპჭოზე, გურამ შარაძის მკვლელობა ახსენეს და დირექტორის პასუხი იყო – აქამდე უნდა მოგვეკლაო. მაშინვე ვკითხე პრესის მეშვეობით – რატომ უნდა მოგეკლათ გურამ შარაძე-მეთქი, მაგრამ ჩემი საყვარელი მასწავლებლისგან პასუხი არ მიმიღია.
გავიდა დრო. შოკმა ასეთუისე გამიარა. ისევ ბევრი რამ გამოვიარეთ. გადავარდა სააკაშვილი რეჟიმი. ჩემს საყვარელ მასწავლებელს ვხედავდი ხოლმე ეკრანზე. ახლა ხომ უკეთესად ვიცოდი, რას წარმოადგენდა, მაგრამ მაინც მაჯადოებდა მისი ლაპარაკი და უსაზღვრო განათლება. ვფიქრობდი, – ნუ ეყვარება მამაჩემი, გამოადგეს ბავშვებს, ახლ თაობას-მეთქი და აი, სად შევცდი, აქ დავაშავე.
არ არსებობს ადამიანი, ვისაც გურამ შარაძე სძულს და რამე დროში, არ მოიჭრას თავი. უმთავრესი კი ისაა, რომ ეს კაცი საშიშია ბავშვებისთვის და მისი ცოდნა-განათლება, რომლითაც მანიპულირებს, არის საწამლავი.
ძნელი ყოფილა გრანტების ტვირთისგან თავის დახსნა. ახლა ხარკს უხდის ტროცკისტებს და კარგად დააკვირდით – სოლიდარობას პირდაპირ კი არ უცხადებს, ხელისუფლების არხზე (სადაც არ აჭაჭანებენ არავის) ზის და „ჩერეზ“ გიორგი სააკაძე ებრძვის ხელისუფლებას, კვერს უკრავს ჭინკებს და ეუბნება – მე თქვენი ვარ!
მოხერხება ხომ უნდა?!“ – წერს რუსუდან შარაძე.