”ჩემი პროფესია ჩემი და-ძმებისთვის პრობლემაა”

293

მარიამ გაფრინდაშვილი მალე 34 წლის გახდება და აქედან 15 წელია, რაც ტელეჟურნალისტიკაშია. მუდმივად მძიმე რეჟიმში უწევს მუშაობა, რადგან მისი მიმართულება კრიმინალური ამბების გაშუქებაა და მისი საგამოძიებო რეპორტაჟების გამო ახლობლებს სანერვიულო არ ელევათ. ამიტომაც ყველაზე მეტად მათ გამო დარდობს. როგორც თავად გვითხრა, უკიდურესად ემოციურია, მაგრამ პროფესიამ გრძნობების დაბალანსება ასწავლა. რას მოაქვს მისთვის ბედნიერება და როგორია რეპორტიორის მიკროფონის მიღმა მისი ცხოვრება, მარიამი ,,სარკეს” უამბობს.

– მარიამ, ალბათ იქნება ისეთები რეპორტაჟები, რომლებიც განსაკუთრებით გახსენდებათ ხოლმე.

-ერთხელ დიდ დიღომში კორპუსი აფეთქდა და მცირეწლოვანი გარდაიცვალა. ეს ოფიციალურადაც დადასტურებული იყო, მე კი დაახლოებით ერთი საათი ვერ მოვახერხე, რომ მეთქვა ეთერში. ეს ის შემთხვევაა, როცა შენ თვითონ არ გჯერა. რომელი ერთი გავიხსენო, ბევრი იყო ასეთი. ჩვენ პირდაპირ ვუყურებთ იმაზე მეტს, ვიდრე მაყურებელი შემდეგ ეკრანზე ხედავს.

– როგორი იყო ბავშვობა, რა მოგონებები დაგიტოვათ?

-ყველაზე კარგი ბავშვობა მქონდა, რადგან გავიზარდე სახლში, სადაც იყო ბევრი ბავშვი და ბავშვებით სავსე უბანი. ჩემი ძალიან კარგი წლები ჩემთვის ძვირფას ჭიათურას უკავშირდება. იქ დავიბადე, გავიზარდე, სკოლაში ვსწავლობდი და დღესაც მჭიდრო კავშირი მაქვს. მეამაყება, ჭიათურიდან რომ ვარ და ვგიჟდები, ისე მიყვარს! სულ ვხუმრობ ხოლმე, ჭიათურა ჩემთვის მეგაპოლისია, სამყაროს ეპიცენტრია-მეთქი.დიდი ოჯახი მყავს, ხუთი დედმამიშვილი ვართ, ოთხი და და ერთადერთი ძმა.

– რამდენად მოქმედებს მათზე თქვენი ხიფათიანი და რისკიანი პროფესია?

– ჩემი პროფესია მათთვის პრობლემაა ბევრი მიზეზის გამო, გარდა იმისა, რომ ნერვიულობენ. ადრე, ქუჩის რეპორტიორად როცა ვმუშაობდი, არ ვიცოდი, დილა სად დაიწყებოდა და სად დაღამდებოდა. ეპიცენტრში ყოფნისას დედისგან, მამისგან, ჩემი ძმისგან არაერთი სატელეფონო ზარი მახსოვს, აი, ჩვენც მოვდივართო.

ძალიან განიცდიან, როცა სახელმწიფო მანქანა იქოქება ხოლმე და ტროლები, ბოტები საშინელებებს წერენ. მაშინ ჩემი ოჯახის წევრებზე ყველაზე მეტად ვდარდობ. აბსოლუტურად დაუმსახურებლად იღებენ შეურაცხყოფას ჩემ გამო. რეალურად მე ყოველთვის ვიცი, რომ შემთხვევის ადგილზე არაფერი მემუქრება, მაგრამ ამ ყველაფრისგან ოჯახის წევრების და მეგობრების დაცვას ვერ ვახერხებ.

– ბედნიერება რას ნიშნავს თქვენთვის?

– ჩემთვის ძალიან ცოტაა საკმარისი, ბედნიერი რომ ვიყო. ბედნიერი ვარ, როცა ირგვლივ სიმშვიდეა და გარშემო ყველა კარგადაა. ბედნიერება მოაქვს სიმშვიდეს.

– სიყვარული?

– მგონია, რომ ადამიანებს სიყვარული აბედნიერებს. არ იგულისხმება მხოლოდ პირადი ურთიერთობები.

– როგორმა მამაკაცმა შეიძლება დაიმსახუროს თქვენი ყურადღება?

– კონკრეტული კრიტერიუმები არ მაქვს, თუმცა გეტყვით, რომ ჭკვიანი მამაკაცები მომწონს და გარეგნობასაც აქვს მნიშვნელობა.