“ყველაფერი მითამაშია, სადაც რამის მოგება შეიძლება”

356

სულ მალე ტელეკომპანია „ფორმულაზე“ ყველაზე აზარტული შოუ იწყება. ოთხი ერთმანეთისგან განსხვავებული და ერთმანეთისთვის უცხო ადამიანი ერთად, მაგრამ იმავდროულად, ცალ-ცალკე ერთი საერთო პასუხის ძიებით დაიწყებენ დიდი ფულისთვის ბრძოლას. „დიდი თამაშის“ პრინციპია – შეთანხმდე იმისთვის, რომ მოიგო და მოიგო იმისთვის, რომ ყველაზე დიდი წილი შეგხვდეს! შოუს წამყვანი, ყველასთვის საყვარელი მსახიობი გიორგი ბახუტაშვილია, იგივე ბახუტა. ჩვენ მას დავუკავშირდით, ინტერვიუ ჩავწერეთ და დეტალებსა და მის აზარტულ ხასიათზეც ვისაუბრეთ.

გიორგი ბახუტაშვილი: ტელეკომპანია „ფორმულაზე“ სულ მალე დაიწყება გეიმ-შოუ „დიდი თამაში“, სადაც ხალხს შეეძლება ფულის მოგება და მისი წამყვანი მე ვიქნები. ინტელექტუალური გეიმ-შოუა, თუმცა ამასთან ერთად სხვა თვისებებიც საჭიროა. ოთხი ადამიანი მოდის, ერთმანეთს არ იცნობენ, მათგან იქმნება გუნდი. ისინი, თან, ერთმანეთის მოწინააღმდეგეები იქნებიან, თან, გუნდურად უნდა ითამაშონ. სულ ხუთი რაუნდია. მაგალითად, პირველ რაუნდში ხუთი კითხვაა და თითოეულს კონკრეტული საფასური აქვს, მაგალითად, 3 000 ლარი. შეკითხვას რომ უსვამ, დრო ჩაირთვება და სანამ გუნდი არ შეთანხმდება და საერთო პასუხს არ იტყვიან, მოსაგები თანხა თანდათან მცირდება.

– თქვი, მოთამაშეები ერთმანეთს არ იცნობენო. მოგებული თანხის გაყოფა როგორ მოხდება?

– მესამე რაუნდის მერე, გუნდის გადაწყვეტილებით, ერთ-ერთი მონაწილე ტოვებს თამაშს, ამაზეც უნდა შეთანხმდნენ და თუ ვერა, თანხას ამაშიც კარგავენ. ბოლოს კი მოგებული თანხა 60, 30 და 10 პროცენტად იყოფა. ამაზეც უნდა შეთანხმდნენ, ვინ რამდენ წილს წაიღებს. მოკლედ, გუნდმა ეტაპები უნდა გადალახოს და მონაწილეებიც შესაბამის თანხას მოიგებენ. ერთი სიტყვით, საინტერესო თამაშია, აზარტული და გირჩევთ, სცადოთ ბედი.

– წამყვანის კასტინგი იყო გამოცხადებული თუ პირდაპირ დაგამტკიცეს?

– ტესტები იყო და პირველივე ტესტზე რომ მივედი, იმდენად აზარტული და დინამიკური შოუა, ძალიან ჩავერთე და ეგრევე თამაში დავიწყე. პრინციპში, მსგავსი ტიპის გეიმ-შოუ აქამდე არ წამიყვანია.

– ანუ, ეს ერთგვარი გამოწვევაა?

– გამოწვევაც არის და ამ ყველაფერთან ერთად, პროცესით სიამოვნებას ვიღებ, ასეთი ჩართული არასდროს ვყოფილვარ. დამიჯერეთ, წინ ძალიან საინტერესო და აზარტული გეიმ-შოუ გელოდებათ, რომელიც სულ მალე გავა „ფორმულას“ არხზე.

– ახსენე, რომ ამ თამაშში აუცილებელია ინტელექტი. თუმცა, არ გიხსენებია იღბალი და ესეც ხომ საჭიროა?

– კი, მაგრამ ინტელექტისა და ცოდნის გარდა ადამიანი პრინციპული და სწრაფად მოაზროვნე უნდა იყოს, იცოდეს დროის ფასი. იღბალი კი, ნებისმიერ შემთხვევაში გვეხმარება.

– თავად რამდენად სწრაფად მოაზროვნე ხარ და იცი დროის ფასი?

– ჩამჭრელი კითხვაა (იცინის). ზოგადად, დროის ფასიც ვიცი და სხარტიც ნამდვილად ვარ.

– გიორგი, აზარტული და რისკიანი თუ ხარ?

– ძალიან აზარტული ვარ და ეს თვისება ამ გეიმ-შოუშიც მეხმარება. სხვათა შორის, ყველაფერი მითამაშია, სადაც რამის მოგება შეიძლება და არ შეიძლება და პროფესიაც ასეთი მაქვს (იცინის). ახლა რომ გამახსენდეს, ისეთი არაფერი მომიგია და არც წამიგია, თუმცა ბინა მაქვს მოგებული „ცეკვავენ ვარსკვლავებში“, ამას რა დამავიწყებს (იცინის). რისკიანიც ვარ, ნამდვილად, თუმცა ემოცია მჭირდება, რომ გავრისკო. ზოგ ადამიანს აქვს გეგმა და შემდეგ იწყებს მოქმედებას, ემოციების „გამოშვებას“, ჩემთვის კი მთავარი ჯერ ემოციაა და მერე მოქმედება. თუ ემოცია მაქვს, რისკზეც მივდივარ. აქვე, ინტუიციაც ერთვება.

– ყველა ადამიანის ცხოვრებაში, არის აღმავალი და დაღმავალი პერიოდები, შემოქმედი ადამიანების ცხოვრებაში კი ეს უფრო მეტად იგრძნობა. მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი ხარ, სხვადასხვა თეატრშიც თამაშობ, „ნიჭიერის“ ჟიურიშიც იყავი, იუმორისტული გადაცემა „მეგობრები“ მიგყავდა, ერთ-ერთ არხზე „ღამის შოუს წამყვანიც“ იყავი. თუმცა, საზოგადოებამ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ შეგიყვარა, მიუხედავად იმისა, რომ სკანდალური, მოღალატე და ცინიკოსი ცოტნეს როლს თამაშობდი.

– პრინციპში, ხალხმა სერიალიდან შემიყვარა კი არა, ჩემი ცნობადობა აქედან იწყება. ჩემთვის ყველაზე დაღმავალი პერიოდი კი პანდემიის პერიოდი იყო, როცა ყველაფერი გაჩერდა და ყველას ერთი შიში გვქონდა. ამ დროს არა მარტო მატერიალურად, არამედ ფსიქოლოგიურადაც გამიჭირდა, ბევრი რამ შეიცვალა და ცხოვრებაშიც ბევრი რამ გადავაფასე.

– როგორ ფიქრობ, რომ არა მსახიობი, რომელ პროფესიაში იქნებოდი წარმატებული?

– მფრინავობაზე და ნაყინის გამყიდველობაზე არ მიოცნებია, რაც თავი მახსოვს, სულ მსახიობობა მინდოდა. ისე, ახლა რომ დავფიქრდი, რომ არა მსახიობი, ალბათ, სპორტსმენი ვიქნებოდი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სასწაული მონაცემები მქონდა.

– რომელი სპორტის სახეობა? ალბათ, ფეხბურთი.

– ფეხბურთი არა, ჩოგბურთი მომწონს. რაღაც პერიოდი ვთამაშობდი კიდეც, მაგრამ სპორტსმენობაზე სერიოზულად არ მიფიქრია. თუმცა, ვფიქრობ, განსაკუთრებული ნიჭი რომ მქონოდა, არ მომასვენებდა ეს ნიჭი და თავისკენ წამიყვანდა.

– ალბათ, ყველა ადამიანს სჭირდება სტიმული.

– ნამდვილად, ყველა ადამიანს სჭირდება სტიმული ცხოვრებაში. ყველა ადამიანს სჭირდება გვერდით ადამიანი და გარემოცვა, ვისთანაც და სადაც თავს კომფორტულად იგრძნობს და ნებისმიერ რამეს გაუზიარებს. ზოგადად, ოჯახი და მეგობრები დიდ როლს თამაშობს ადამიანის წარმატებაში და არც მე ვარ გამონაკლისი. ჩემს ყოველდღიურ განცდებს ჩემს მეუღლეს ვუზიარებ, ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი კი ჩემი შვიდი წლის გოგოა.

– საზოგადოებას ყოველთვის აინტერესებს ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრება. თუმცა, შენ ჟურნალისტებს მაინცადამაინც არ სწყალობ.

– არ ვიცი, ასე გამოვიდა. მესმის, რომ საზოგადოებას აინტერესებს, მაგრამ არ მიყვარს საჯაროდ კონკრეტულ თემებზე საუბარი. აი, ხომ გაძლევ ინტერვიუს?(იცინის) ასე რომ, ახლა ჩემს ცხოვრებაში სიახლეა, იწყება გეიმ-შიუ, რომლის წამყვანიც მე ვარ, ეს ერთგვარი გამოწვევაა ჩემთვის, სასიამოვნო სიახლე, ახალი ემოცია და ახალი გამოცდილება.