რა ოცნება აიხდინეს ლევან წვერავამ და ნინი კენჭიაშვილმა?

283

ლევან წვერავასა და ნინი კენჭიაშვილის ოჯახური სითბო განსაკუთრებით გადამდებია. მსმენელს გამორჩეულად უყვარს მათი სიმღერები და სიყვარულის ისტორია. ვნახოთ, რამდენად რომანტიკულები არიან ისინი და როგორ ცდილობენ ერთმანეთის გაბედნიერებას.

ლევანი: რომ ვთქვა, რომელიმე დღეს განსაკუთრებულ დატვირთვას ვანიჭებთ-მეთქი, არა. ნინისაც არ უყვარს დიდად სიურპრიზები, დაგეგმილი საჩუქრები ურჩევნია (იცინის).

ნინი: ლევანი ძალიან მანებივრებს საჩუქრებით და ამიტომ სიყვარულის ან დაბადების დღეს აღარ ველოდები (იცინის).

ლევანი: შეიძლება, ბანალურად ჟღერს, მაგრამ ყოველდღიურად ვცდილობთ ერთმანეთის გახარებას. საჩუქრებს რაც შეეხება, ეს წინასწარ იგეგმება.

ნინი: ძალიან საყვარლად მივანიშნებ ხოლმე, რისი ყიდვა მინდა (იცინის).

ლევანი: გაგიმხელთ, რომ წელს ოქროზე შევაჩერეთ არჩევანი. ასე გადაწყვიტა ნინიმ და არც მე შევედავე (იცინის).

ნინი: ოქრო არა, ოქროები. ახლა „აიფონ 14-პრომაქსს“ მპირდება და ვნახოთ (იცინის).

– ნინი, ესე იგი, ლევანს კონკრეტულ შეკვეთებს აძლევ ხოლმე.

ლევანი: როცა ადამიანები ერთად ცხოვრობენ, ერთმანეთს კარგად იცნობენ. ჩვენც ჩვენი თანაცხოვრებიდან გამომდინარე, უკვე ვიცით, რა უნდა და რა ესიამოვნება ჩვენს მეორე ნახევარს. ვიცით, როგორ უნდა ვიმოქმედოთ ერთმანეთის გასახარებლად და პირდაპირ გეტყვით, რომ ნინის მოლოდინები ჯერჯერობით არ გამიწბილებია. სიურპრიზია თუ დაგეგმილი საჩუქარი, ორივე შემთხვევაში, მაქსიმალურად ვცდილობ, შედეგს მივაღწიო.

ნინი: გამოსდის კიდეც (იცინის).

ლევანი: თუმცა, იმასაც ვიტყვი, რომ თვითონ არ უყვარს საჩუქრების თუ სიურპრიზების გაკეთება. არ მანებივრებს საჩუქრებით. საერთოდ, მამაკაცები დაჩაგრულები ვართ, ამ მხრივ. ჩემი საჩუქრებიც კი ამასთან მიდის (იცინის).

– ნინი, რატომ არ ანებივრებ?

ლევანი: მე გეტყვით. ამბობს ხოლმე: ლევანი თავის თავს ისედაც ბევრ საჩუქარს უკეთებს, თავს არ იჩაგრავსო (იცინის).

ნინი: მართლა, ჩამორეკავს კომპანიებში და ბარტერს სთავაზობს. არ მაცდის საჩუქრის გაკეთებას, თვითონ იღებს, რაც უნდა (იცინის). თუმცა, მთლად ასეც არ არის, მეც ვჩუქნი რაღაცებს.

– ყველაზე გამორჩეული საჩუქრები გავიხსენოთ…

– ეს ალბათ, 14 წლის წინ იყო. ცუდად ვიყავი, საშინელი ვირუსი მქონდა, ლაპარაკიც კი არ შემეძლო. მაშინ შეყვარებულები ვიყავით. ლევანმა გამომიგზავნა ორი საყვარელი სათამაშო ძროხა, რომელიც ერთმანეთს კოცნიდნენ და გულის ფორმის ბალიში. დღეს ნოე თამაშობს ხოლმე ამ ბალიშით და რამდენჯერაც შევხედავთ, იმდენჯერ ვბედნიერდებით. ცოტა ხნის წინ მე ერთი კარგი საჩუქარი გავუკეთე ლევანს. დამირეკეს და მაცნობეს, რომ გამოვიდა ის, რაც ძალიან გვინდოდა და სახლის შეძენა შეგვეძლო. სწორედ მე გავახარე ლევანი ამ ამბით.

– ახალ სახლში გადადიხართ?

ლევანი: ნოეს შემდეგ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ის, რომ გვქონოდა საკუთარი სახლი, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ძალებით შევიძენდით. გამოვიდა და ძალიან ბედნიერები ვართ. უმოკლეს დროში გადავალთ კიდეც, თან ისეთ ქალაქში, როგორიც ქუთაისია. იცით, როგორი ძვირფასია ეს ქალაქი ჩემთვის. მიხარია, რომ ეს ოცნებაც ავისრულეთ. ახლა სარემონტო სამუშაოები მიდის.

– ქუთაისში აპირებთ გადასვლას?

– მთელი ამ წლების განმავლობაში „ლეონის“ რეპერტუარის ძირითადი ნაწილი ქუთაისში იქმნება. ჩვენი შემოქმედებითი მხარე მთლიანად ამ ქალაქს უკავშირდება და მას მარკეტინგული დატვირთვა დედაქალაქში ეძლევა. წლების შემდეგ ჩემს ქალაქში, რომელიც უზომოდ მიყვარს, ძალიან დიდი დროის გატარება მიწევს. ნახევარი წელიწადი იქ ვართ, ნახევარი – თბილისში, მაგრამ ერთიანად – არა, სულ მივდი-მოვდივართ. ერთ ადგილას ყოფნა ჩვენი საქმიდან გამომდინარე ფიზიკურად გამორიცხულია. ახლა ისრაელში გვაქვს გასტროლი, მარტის თვეში ორჯერ გვიწევს წასვლა. მარტის ბოლოს, წესით, რემონტიც დამთავრებული უნდა იყოს და შეგვეძლება ახალ სახლში შესვლა, რაც ძალიან გვიხარია.

ნინი: აი, როგორი ამბის მახარობელი აღმოვჩნდი (იცინის).

– ლევან, საჩუქრებისთვის ლიმიტები თუ გაქვს დაწესებული?

ლევანი: მე უფრო არ მაქვს, ვიდრე ნინის. მე არანაირად არ გამომდის მომჭირნეობა.

ნინი: პირიქით, ძალიან ხელგაშლილია. ვეჩხუბები ხოლმე, სულ ასე არ შეიძლება-მეთქი და მე უფრო კარგად ვანაწილებ ბიუჯეტს. შეუძლია, ერთ წუთში დახარჯოს დიდი თანხა.

– ბევრი წელია, ერთად ხართ. რა დაგეხმარათ ასეთი ურთიერთობის შენარჩუნებაში?

ლევანი: ბევრი გამოცდა გამოვიარეთ და დრომ გამძლეობა მოგვცა. არაერთი განსაცდელი შეგვხვდა და უკეთ მივხვდით, რამდენად ღრმა იყო ჩვენი სიყვარული. ალბათ, ყველაფერი ასე უნდა მომხდარიყო იმისთვის, რომ დღეს ასე ვყოფილიყავით. ყველა გვეუბნება, რომ ერთმანეთის გარეშე ვერ წარმოვუდგენივართ და მადლობა ღმერთს, მართლა ყველგან და ყველაფერში ერთად ვართ, რაც ორივესთვის დიდი ბედნიერებაა.

– მაშინ რა თვისებები მოგწონდათ ერთმანეთის და დღემდე თუ შეინარჩუნეთ ისინი?

ნინი: ლევანს მართლა უნიკალური თვისებები აქვს, გულწრფელად ვამბობ, საოცარი ადამიანია. თუმცა, ერთი ცუდი თვისებაც აქვს, გადაწყვეტილებებს სწრაფად იღებს, ეს რაღაცებში კარგია, მაგრამ რაღაცებში – ცუდიც.

ლევანი: პირველი, რის გამოც ნინი შემიყვარდა, მისი ვიზუალია. ჩემს წარმოდგენებში სულ ასე იყო, ადამიანი, რომელიც გვერდით მეყოლებოდა, ვიზუალურად განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო და მადლობა ღმერთს, რომ ასეც აღმოჩნდა.

ნინი: სილამაზე ან ააშენებს ადამიანს ან დააქცევს, ლევანს გაუმართლა (იცინის).

ლევანი: მართლა გამიმართლა, ამ სილამაზეს შიგნითაც ძალიან ლამაზი სამყარო აღმოაჩნდა და ერთმანეთი შევავსეთ. თუმცა, არ მინდა, ყველაფერი იდეალურად დავხატო, უკონფლიქტოები არ ვართ.

ნინი: რას ამბობთ, უკონფლიქტო კი არა, რასაც ახლა მე და ლევანი რემონტის გამო ვკამათობთ, ამდენი, მთელი ათი წლის განმავლობაში არ გვიკამათია (იცინის). რა ვქნა, ძალიან მეწვრილმანე ვარ, როგორსაც ჩავიფიქრებ, ზუსტად ისეთი მინდა გამიკეთონ, რაც ძალიან რთულია.