“დედას არ უნდოდა, მისი სამკაულები მეტარებინა”

338

რეჟისორი ქეთი დოლიძე დღემდე წინაპრების სახლში ცხოვრობს, სადაც ბევრი ძვირფასი სახსოვარი აქვს. რეჟისორ სიკო დოლიძის ქალიშვილისათვის ყველა ნივთი რელიკვიაა, რომლებიც ახლობელ ადამიანებს აგონებენ, ამიტომ რომელიმეს გამორჩევა უჭირს.

ეთი დოლიძე: ჩემი სახლი სავსეა სახსოვრებით, თითოეული თავის ისტორიას ატარებს და ძალიან გვიყვარს. დედას და მამას დანატოვარი ნივთები განსაკუთრებით მიყვარს. დედის ნაქონ ძველებურ ბინოკლს ხშირად ვუყურებ და მის თავს მაგონებს.

– მამამ, ცნობილმა რეჟისორმა, სიკო დოლიძემ, ყველაზე ძვირფასი რა დაგიტოვათ?

– მშობლებმა არაჩვეულებრივი ბიბლიოთეკა დამიტოვეს, რომელიც ძალიან მიყვარს. ასევე როგორ შეიძლება არ მიყვარდეს მამის დატოვებული სათვალე?!

– მამის ნაწერები შემოგრჩათ?

– მამის პირადი ბარათები მაქვს, რომლებსაც დედას სწერდა. ასეთი სიტყვები სხვისთვის არავისთვის მიუწერია. ოჯახის არქივი ჩემთან ინახება. მამის დეიდის ბარათებიც კი ჩემთან ინახება, რომლებსაც ძალიან საინტერესო ისტორია აქვს.

– გვიამბეთ ეს ისტორია.

– ბებიაჩემის და, ტერეზა ურუშაძე, ძალიან ლამაზი ქალი იყო. სანამ გათხოვდებოდა, დიდი სიყვარული ჰქონდა. ის კაცი გადაასახლეს, რადგან ბოლშევიკების წინააღმდეგ იბრძოდა. მშობლებმა ტერეზას იმ კაცზე ფიქრიც კი აუკრძალეს.

გადასახლებიდან სიყვარულით აღსავსე ბარათებს წვრილ ფურცლებზე სწერდა. მამაჩემის დეიდას ციმბირში მასთან წასვლაც კი უნდოდა, მაგრამ ოჯახმა არ დაანება. შემდეგ გათხოვდა, არაჩვეულებრივი ქმარ-შვილი ჰყავდა. სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე, თავის რძალს თხოვა, ბარათები ქეთის გადაეცი, კარგად შეინახავსო.

მანამდე, ერთი თვით ადრე, ბათუმიდან თბილისში ჩამოვიდა და რედიკულით ის ბარათები ჩამოიტანა. მთხოვა, წამიკითხეო. მაშინ გავიგე ეს ისტორია. ჩემს საწოლ ოთახში ვიწექით და მთელი ღამე ამ წერილებს ვუკითხავდი. მაშინ 84 წლის იყო, მაგრამ მეგონა, რომ ჩემ წინ 18 წლის შეყვარებული გოგონა იყო. ის ადამიანი ბოლომდე ახსოვდა. ეს წერილები ლიტერატურული შედევრებია.

– საყვარელი ნივთი თუ გაგიჩუქებიათ, რომელზეც გული გწყდებათ?

– არაჩვეულებრივი სურათი მქონდა, რომლის გარეშეც ცხოვრება ვერ წარმომედგინა. ცოდვა გამხელილი ჯობია – რომ გამიჭირდა, ის სურათი გავყიდე. კლევერის სურათი იყო. რას ვიზამ, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება.

– ნივთებიდან დადებით ან უარყოფით ენერგიას თუ გრძნობთ?

– მჯერა, რომ ნივთები თავისებურ ენერგეტიკას ატარებენ. რაღაც ნივთები ამ სახლიდან წავიდა, მაგრამ ვისთანაც აღმოჩნდა, ბედნიერება არავისთვის მიუტანია. არის ნივთი, რომელიც იმ სახლში უნდა იყოს, სადაც არის. შეიძლება ამას რომ ვამბობ, მკრეხელობაა და ღმერთმა მაპატიოს, მაგრამ ამისი მჯერა. ჩვენ გვქონდა რამდენიმე ნივთი, რომლებზეც დღემდე ვამბობ, რომ ამ სახლიდან არ უნდა წასულიყო. სადაც ეს ნივთები აღმოჩნდა, კარგი არაფერი გაუკეთებია.

– რატომ აღმოჩნდა სხვაგან?

– ამაზე არასოდეს მილაპარაკია და არც არასოდეს ვიტყვი.

 დედის დანატოვარი სამოსი ან სამკაულები თუ გაქვთ?

– დედას არ უნდოდა, რომ მისი სამკაულები ან კაბები მეტარებინა. დეიდას, მამიდებს არაჩვეულებრივი ნივთები დაუტოვა. მერე ეს ნივთები ყველამ დამიბრუნა, თუმცა მათგან აღარაფერი შემრჩა, ყველაფერი გაქრა. ალბათ ასე იმიტომ მოხდა, რომ დედას არ უნდოდა, ისინი ჩემთან ყოფილიყო.