მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი პაპას იხსენებს, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ გარდაიცვალა.
მომღერალი ემოციურად იხსენებს ყველა დეტალს, რაც მის პაპას უყვარდა.
„ყოველთვის როცა თბილისისკენ ვიზამდი პირს პაპას ვეკითხებოდი, რა წამოგიღო-მეთქი, ხახვს, ასანთს, პომიდორს ან მარილს ეგრევე ამბობდა თუ არ ჰქონდა. დანარჩენს იცოდა რომ მეც უცებ შევამჩნევდი და მოვისაკლისებდი.
კიდე რა წამოგიღო ბიჭოო, მითხარი-მეთქი. ამის მერე მეტყოდა, არაფერი მშვიდობა წამოიღეო.
ძალიან რცხვენოდა ნაყინის ან საწუწნი კანფეტის დაბარება, ჩემი აზრით სისუსტედ მიაჩნდა რომ ტკბილი ძალიან შეუყვარდა სიბერეში. ბევრი სახეობის კანფეტი ჩამქონდა და ვაკვირდებოდი ყველაზე ადრე რომელიც გათავდებოდა ე.ი. ის მოსწონდა, ასე გავიგე მისი საყვარელი კანფეტი (ახლაც ვყიდულობ ხოლმე იმ ლურჯ ზოლებიანს).
სახლში შევბრუნდებოდი და მაცივარში შევიხედებოდი ნაყინი თუ იდო საყინულეში, 1 ან 2 თუ იდო ეგ მარაგად არ ითვლებოდა. რომ ჩამოვიტანდი ვახარებდი ხოლმე,
– ჩამოგიტანე ბიჭოო,
– რაი პაპა ჭიქისაი?
– ჰო, ჭიქისაი.
– შეაწყე იქა.
თუ კარგი ამინდი იყო გამოიტანდა ეზოში, ერთ ხელში პატარა სკამი ეჭირა მეორეში ნაყინი და ჩაის კოვზი, დაჯდებოდა და ნელა ნელა ჭამდა, იქვე აუცილებლად ძაღლი უნდა მჯდარიყო. ცუგამ იცოდა როცა ნაყინი გათავდებოდა ვაფლის ჭიქა მისი წილი იყო.
რას შემამყურებ, ხო გაჭამე დღესა? საყვედურობდა ცუგას.
მერე მე გამიგრძელებდა ხოლმე.
-დილასა ქათმი ხორცი და მაგისი ნახარში გავუტანე პურ ჩაყრილი დიდი ჯამითა და მაინც მე შემამყურებს.
დაიჭი აჰა! და მიუგდებდა ხოლმე ვაფლის ჭიქას.
ცუგას არაფერი არ აინტერესებდა “დაიჭი აჰა”-ს მეტი, ჰაერში გადასანსლავდა ხოლმე.
ახლა ვფიქრობ, რომ წავალ სოფელში ცუგებს პაპას სახელზე წავუღებ თითო ნაყინს და გავახსენებ იმათაც მარტოპაპას“,- წერს გიორგი სუხიტაშვილი.