ალბათ ბევრმა არ იცის, რომ მსახიობი თაკო აბაშიძე ბავშვობიდან არაჩვეულებრივად უკრავს, მღერის, ბოლო პერიოდში კი სცენაზე დადგა და სოლო კარიერაც დაიწყო. მიუხედავად სირთულეებისა, მიაჩნია, რომ ცხოვრებაში გაუმართლა, რადგან ჰყავს არაჩვეულებრივი ქალიშვილი და ხალხის სიყვარულსა და სითბოსაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე გრძნობს.
თაკო აბაშიძე: ცხოვრებაში ყველაზე მეტად საკუთარ ხასიათში გამიმართლა. მაქვს იუმორის გრძნობა და მსუბუქი მიდგომა გარკვეულ სირთულეებთან და ეს ძალიან მეხმარება მათ გადალახვაში და ასევე, იმ ადამიანებსაც, ვინც ჩემთან ახლო კონტაქტშია.
– თქვი, სირთულეების დაძლევაში ჩემი ხასიათი მეხმარებაო. რთულ სიტუაციებში ხშირად აღმოჩენილხარ?
– ხშირად. ისეთი სირთულეების წინაშე აღმოვჩენილვარ, ვინც ახლოს არ მიცნობს და მხოლოდ ეკრანიდან მადევნებს თვალყურს, ვერც წარმოიდგენს. მქონდა რამდენიმე რთული ეტაპი, რომლის გახსენებასაც ვერიდები. თუმცა, დაუძლეველი პრობლემა არ არსებობს. მადლობა ღმერთს, ჯანმრთელობის პრობლემა არ მქონია, თორემ კიდევ ვამბობ, სხვა ყველაფერი გადალახვადი და დაძლევადია. მთავარი ჯანმრთელობაა, დანარჩენი ყველა პრობლემა წარმავალია. ასე რომ, ბევრი პრობლემა გადავლახე, გადავიტანე და მათზე აღარ ვფიქრობ, უკან არ ვიხედები.
– არ ფიქრობ, რომ სრულყოფილი ბედნიერებისთვის და თუნდაც, სტიმულისთვის, გვერდით მეორე ნახევარიცაა საჭირო?
– გააჩნია, ადამიანი რას მიიჩნევს მეორე ნახევრად, ვინ რაში პოულობს ბედნიერებას, ვინ ვის გვერდით, ვინ რამდენჯერ და როდის. ზოგი ადამიანი თვლის, რომ გათხოვება პრესტიჟული ბედნიერებაა. მე კი ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი ბედნიერება სიყვარულია და ამისთვის სრულიად არ არის საჭირო გათხოვება. ხელის მოწერა და ფურცელზე დარეგისტრირება. სიყვარული არ ნიშნავს ბედნიერ ქორწინებას. ბევრი დარეგისტრირებული წყვილი ვიცი, რომელიც თანაცხოვრებაში არ არის ბედნიერი. ასე რომ, სიყვარულს ფურცელზე გაფორმება და ოფიციალური სტატუსის მინიჭება არ სჭირდება. ბევრს ჰგონია, თუ ოჯახი დაგენგრა ან არ ხარ გათხოვილი, არ ხარ ბედნიერი და მხოლოდ გათხოვილები არიან ბედნიერები. ეს ტყუილია.
– შენ გვერდით დგას საყვარელი მამაკაცი?
– შეყვარებული ვიყავი, ვარ და სულ ვიქნები (იცინის).
– როგორც მივხვდი, ამ საკითხზე საჯაროდ არ გიყვარს საუბარი. არც წარსულში გიყვარს მიბრუნება, მაგრამ მაინც უნდა გკითხო: მართალია, რომ არაერთხელ მოგიტაცეს?
– (იცინის) მოდაში რომ იყო მოტაცებები, ხუთჯერ მომიტაცეს. მაშინ ამხელა არ ვიყავი, ადვილად დასაძრავი ვიყავი (იცინის). მოკლედ, ჩემი მოტაცებების სერია 15 წლიდან დაიწყო. სოფელში ვისვენებდი, სოფლის კლუბში ვიყავი, კინოში და კიბეზე რომ ჩამოვდიოდი, მანქანა დამხვდა. ჩამსვეს მანქანაში, დატრიალდა მანქანა და სანამ ტრასაზე გავიდოდით, გარკვეული გზა იყო გასავლელი, მანამდე ჩემს ძმას უთხრა ვიღაცამ: შენს დას იტაცებენო და მანქანით წინ გადაგვეღობა. გადმოხტა ჩემი ძმა და რომ გაიღო მანქანის კარი, ვინ საით გარბოდა, ვერ მივხვდი, მარტო დავრჩი მანქანაში (იცინის). ახლა მეცინება, თორემ რომ გავიაზრებ შეიძლება, ვინმემ იმავე ასაკში ჩემი შვილი მომტაცოს, ზუსტად ვიცი, აპოკალიფსი დაიწყება, ყველაფერს ვიკადრებ. მაშინ კი ადამიანის მოტაცება და ეს მარაზმი, რაღაცნაირად მოდური იყო. ერთი სიტყვით, ეს ნახევრად მოტაცება იყო, მთლად ვერ მომიტაცეს. მაშინ 15 წლის ვიყავი და ის ცოტა დიდი იყო ჩემზე. ამის გამო მთელი ამბები და საქმის გარჩევები იყო და იმ ბიჭებს შეეშინდათ. თქვეს: არა, რა გატაცება, უბრალოდ, გასეირნება გვინდოდაო (იცინის). სხვათა შორის, დედაჩემს, მამაჩემს ან ჩემს ძმას დავყავდი ყველგან, მაგრამ მაინც მიტაცებდნენ, ხან მოტყუებით, ხან დაბადების დღიდან… ამის მერე, თეატრალური უნივერსიტეტიდან მომიტაცეს, ვითომ ჩემი კურსელის დიდი ხნის უნახავი ნათესავი იყო, ჩაჯექი მანქანაში, სახლში წაგიყვანო და… მომიტაცა. გზაში დავცხე მამალი ტირილი და გმირთა მოედანზე დაარტყეს წრე და იმ ბიჭმა თქვა: ძალიან ტირის, არ შემიძლიაო და უკან მომაბრუნეს (იცინის). ცუდიც რომ ხდებოდეს ჩემს ცხოვრებაში, ისიც სასაცილოდ ხდება და ამიტომ მეცინება ახლა. ამის მერე, ძალიან შორს წამიყვანეს, ჩამოვიდნენ მამაჩემი და ჩემი ძმა, იყო გაწევ-გამოწევები და შუშანიკივით მომაბრუნეს უკან, მართლა წამებული ვიყავი (იცინის). მეხუთედ, ჩემი პირველი ქორწინებაც მოტაცებას უკავშირდება. გიორგობას დაბადების დღეზე ვიყავი და სახლში წაყვანის სანაცვლოდ, სხვაგან წამიყვანა. კი მიყვარდა, მაგრამ ჯერ არ მინდოდა გათხოვება, ამდენი წინ და უკან სიარულით შევწუხდი და კი დავრჩი (იცინის). სხვათა შორის, ჩემი მეუღლე სანამ გახდებოდა, რეპეტიცია მქონდა, სარეჟისოროზე სწავლობდა, სადიპლომო სპექტაკლს დგამდა და მე როლზე ვყავდი დაკავებული. ჩემი თაყვანისმცემელი მოვიდა, რომელსაც მეგობარად ვთვლიდი, რეპეტიციიდან გამიყვანა – საქმე მაქვს ერთი წუთითო და მომიტაცა. თუმცა, უკან მომაცუნცულა. ასე რომ, რუსთაველი, თავისუფლების მოედანი ცუდად მაქვს დაცდილი, ძალადობის მსხვერპლობა აღარ მინდა და ვერიდები მაგ ტერიტორიაზე გავლას (იცინის). მოკლედ, გავთხოვდი თვალებზე დიდი, ვარდისფერი ბლანტი სათვალით, მერე შუშები გავწმინდე და ნელ-ნელა, თვალებიდანაც გამოვიხედე, შევიცვალე. ვისწავლე, უფრო მეტად თქმა სიტყვის – არა! ადრე ვერიდებოდი უარის თქმას, ვინმეს არ ვაწყენინო-მეთქი და ეს არასწორი მიდგომაა და ადამიანისთვის მავნებელი. ვისწავლე, როგორ ვმართო საკუთარი ცხოვრება. რამდენიმე თვე ვიცხოვრე პირველ ქმართან და გავშორდი. პატარები ვიყავით. მე – 18 წლის და არ ვიყავი იმ ასაკში, როცა ქალი უნდა გათხოვდეს. რაღაცებში ვერ გავუგეთ ერთმანეთს და გავშორდით, მეორედ კი, ათი წლის შემდეგ გავთხოვდი.
– თაკო, შენს კარიერულ ცხოვრებაში სიახლეა – ამღერდი და სოლო კარიერა დაიწყე. მოდი ამაზეც ვისაუბროთ.
– სხვათა შორის, მუსიკალური განათლება მაქვს, ბევრი წელი ფორტეპიანოზე ვუკრავდი და ბავშვობიდან ვმღერი. ბოლო წლებში მუსიკალური კარიერა დავიწყე, გავაკეთეთ ჯგუფი new age, რომელშიც ვართ მე, გიორგი გაგლოევი, გიორგი წიკლაური და ხათუნა ჯალაღონია. ვმღერით 70-იანი წლების გარემიქსებულ ჰიტებს. საათნახევრიანი პროგრამა გვაქვს ძველი, ჩვენი საუკუნის ჰიტების, რომელიც ძალიან კარგი მოსასმენია. ასევე, გავაკეთე სოლო პროგრამა და ჩემი მსმენელისთვის შემოქმედებით საღამოებზე ვმღერი. ორსაათიანი პროგრამაა და ქართულ და უცხოურ ჰიტებს ვასრულებ. ბევრი მეუბნებოდა: თაკო, შენ უნდა იმღეროო და ავმღერდი კიდეც (იცინის).