იღბალი და შრომისმოყვარეობა – რომელს რა წვლილი მიუძღვის მსახიობ მაკა ძაგანიას წარმატებაში, რა ეხმარება მას რთულ მდგომარეობაში ყოფნისას და როგორ აძლევს საკუთარ თავს ძალას, ამაზე თავად მოგვიყვება.
მაკა ძაგანია: საკმაოდ იღბლიანი ადამიანი ვარ. ზოგი იღბალს ლატარიაში ფულის მოგებას ეძახის, რაც ჩემს თავს არასდროს მომხდარა, მაგრამ ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ იღბალი არ მაკლია. ბევრ რამეში გამიმართლა. გამიმართლა მშობლებში, შვილებში, პროფესიაში და ვფიქრობ, ზუსტად ეს არის იღბალი. შეიძლება, ადამიანი ძალიან შრომისმოყვარე და თავდადებული იყო შენი საქმისთვის, მაგრამ ჩვენს პროფესიაში, იღბლის გარეშე, მაინც რთულია საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხვედრა.
– შრომისმოყვარეც ხარ?
– ძალიან შრომისმოყვარე ვარ. საქმეს თუ ხელს მოვკიდებ, აუცილებლად ბოლომდე მივიყვან. ყოველთვის ვცდილობ, მაქსიმალურ შედეგს მივაღწიო. შეიძლება, დამეზაროს ნაბიჯის გადადგმა და „ფეხსაც ვითრევდე“, ბევრს ვფიქრობდე, ვიტვირთო თუ არა ესა თუ ის პასუხისმგებლობა, მაგრამ თუ ვიტვირთე, მაშინ მთლიანად გადავეშვები საქმეში, უკან აღარ დავიხევ და აუცილებლად ბოლომდე მივიყვან.
– რა გაძლევს საჭირო ენერგიას დაბრკოლებებთან გასამკლავებლად?
– ალბათ, ჩემ გარშემო მყოფი ადამიანები, ჩემი ახლობლები – მე ისინი მაძლიერებენ. ყველას აქვს რთული მომენტი, როცა ფიქრობს, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვა. ასეთ დროს მე ჩემი ახლობლების შეძახილი მაძლიერებს. თუმცა, მეც ძალიან ოპტიმისტი ვარ. როცა ვხედავ, რამე ისე არ გამომდის, როგორც მინდა, ვცდილობ, ახალი გზა ვიპოვო სასურველი შედეგის მისაღწევად.
– ოპტიმიზმის მიუხედავად, თუ ყოფილა ისეთი მომენტი, როცა ფარ-ხმალი დაგიყრია?
– კი, კი. აღმართი და დაღმართი ყველას ცხოვრებაშია, მაგრამ როდესაც ძალიან დიდი იმედგაცრუება მაქვს, ჩემს თავს ვეუბნები ხოლმე: მაკა, აბა, ახლა თავს შემოუძახე! ხომ ხედავ, ჯანმრთელად ხარ, ვინც გიყვარს, ყველა კარგად გყავს, ესე იგი, ცხოვრება გრძელდება და ხვალ ყველაფერი უკეთესობისკენ წავა! ეს ძალიან მშველის. გასაჭირიც გამივლია და უიმედო მდგომარეობაც, მაგრამ საკუთარი თავისთვის შემოძახება მართლა მშველის. რეალურად, ძალიან ცოტა ხანს მიგრძელდება ხოლმე უიმედო მდგომარეობა. საკუთარ თავს მაშინვე ვახსენებ, რომ წარუმატებლობა და ჩავარდნები არ არის ის, რის გამოც ყურები უნდა ჩამოყარო. ყველაზე დიდი ტრაგედია საყვარელი ადამიანის დაკარგვაა, სხვა ყველაფრის შეცვლა შეგიძლია, მთავარია, გონს მოხვიდე და შესაბამისი ნაბიჯები გადადგა. უიმედობას არასდროს ჩავყოლილვარ. საბედნიეროდ, გარშემოც ისეთი ადამიანები მყვანან, რომ ამის საშუალებას არ მაძლევენ. ცოტასაც რომ წავიწუწუნებ, დედაჩემიც და ჩემი მეუღლეც მაშინვე მახსენებენ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მიხარია, რომ ოჯახში ოპტიმისტი ადამიანები ვართ.
– იქიდან გამომდინარე, რომ საცხოვრებლად თბილისიდან სოფლად გადახვედით, ვფიქრობ, რომ ცვლილებებისაც არ გეშინია.
– საერთოდ, გადაწყვეტილებებს მძიმედ ვიღებ. ნაბიჯს სპონტანურად არ გადავდგამ, ყველაფერი კარგად უნდა ავწონ-დავწონო. მიყვარს იმაზე ფიქრი, რა მოჰყვება ჩემს თითოეულ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება საცხოვრებლად სოფლად გადასვლას, რთულია ასეთი ნაბიჯის გადადგმა, იმიტომ რომ ჩემი მეორე შვილი მეორე კლასშია და ყოველდღიურ რეჟიმში მისი სკოლაში ტარება დაფიქრებას ნამდვილად მოითხოვდა. თუმცა, ჰარიჰარალოზე არასდროს ვდგამ ნაბიჯს, ყოველთვის კარგად გააზრებული მაქვს, რა იქნება ამის შემდეგ.
– როდის მიგიცია საკუთარი თავისთვის სიზარმაცის უფლება?
– ვაძლევ ხოლმე, განსაკუთრებით საღამოობით. მეორე დღისთვის გადავდებ ხოლმე რაღაცებს, მაგრამ საერთოდ, საქმეების მოშორება მიყვარს, გადადება არ მომწონს. უფრო მასშტაბურად თუ შევხედავთ, რაღაც მნიშვნელოვანი შანსებიც გამიშვია ხელიდან, მაგრამ ეს ნაბიჯიც გააზრებულად გადამიდგამს. ზოგადად, რამეს რომ ვაკეთებ, მერე აღარ ვნანობ. გადაწყვეტილების მიღების პროცესია რთული, პლუს-მინუსებზე ფიქრი და ყველაფრის გათვლა მძიმეა, მაგრამ როცა გადაწყვეტილებას ვიღებ, უკან დასახევ გზას აღარ ვიტოვებ.
– წარმატებისთვის მსხვერპლის გაღება შეგიძლია?
– როდესაც ჩემი მეორე შვილი იბადებოდა, ძალიან დატვირთული გრაფიკი მქონდა. მერე სპექტაკლებში დუბლები დამჭირდა, სერიალიდან გამიშვეს, იმიტომ, რომ თინა ფეხმძიმედ არ უნდა ყოფილიყო. რაღაც მომენტში შეიძლება, ადამიანმა ჩათვალოს, რომ ოჯახისთვის მსხვერპლი გავიღე, მაგრამ მე ამას მსხვერპლად არ ვთვლი. როგორც მოხდა, ისე უნდა მომხდარიყო – ყოველთვის ასე ვუყურებ მსგავს საკითხებს. თავში არასდროს მომივა აზრად, ვთქვა, ბავშვის გაჩენით მსხვერპლი გავიღე, რადგან როლი დავკარგე იმ მომენტში-მეთქი. ეს ჩემთვის მსხვერპლი არ არის. რაღაც პერიოდს ოჯახს უთმობ, სხვა დროს კი – სამსახურს და ეს ბუნებრივია.
– საერთოდ, ოჯახისთვის უფრო ბევრს შრომობ თუ კარიერისთვის?
– ამ ეტაპზე ჩემს პროფესიაში აღარაფერი ხდება. დაფინანსების გამო სერიალი დაიხურა და კარგა ხანია, გაჩერებულები ვართ. სპექტაკლები არ მაქვს, რაც მქონდა, კოვიდის დროს ნელ-ნელა მოიხსნა. ანუ, ამ ეტაპზე თეატრშიც არ ვარ. დღევანდელი გადმოსახედიდან, უფრო მეტს სახლში ვაკეთებ, მაგრამ თუ იმ პერიოდს ავიღებთ, როდესაც სახლშიც და სამსახურშიც აქტიური ვარ, ვიტყვი, რომ ყველაფერს ვარეგულირებ. ვცდილობ, არც ოჯახს დავაკლდე და არც პროფესიას. საჭმელი იქნება, დალაგება თუ სხვა რამ, ყველაფერს ვუმკლავდები და იმასაც ვახერხებ, რომ არც სამსახურს მოვაკლო ენერგია, იმის გამო, რომ სახლში სადილის მომზადებისას დავიღალე. ყოველთვის ვანაწილებდი დროს და რესურსებს. ამაშიც ჩემი ოჯახი მეხმარება. მქონია ისეთი რეჟიმი, როცა საერთოდ ვეღარაფერს ვასწრებდი და ჩემს მეუღლეს სადილიც დაუხვედრებია და ბავშვისთვისაც მოუვლია. ოჯახში გამიმართლა. ყველა ძალიან ვუდგავართ გვერდში ერთმანეთს. მაგალითად, შარშან საახალწლოდ ბაკურიანში წავედით გადაღებაზე, მაგრამ ოჯახში არავის უგრძნობინებია, რომ წინასაახალწლოდ დავაკლდი, უჩემოდაც მოხერხდა რაღაცები და არ დაუწუწუნიათ, როგორ მიგვატოვეო. ყველაფერი შეთანხმებულად, უმსხვერპლოდ და მშვიდად მოხდა.