“ეგ თევზი ჩვეულებრივი არ გეგონოს… სასწაული არსებობს!” – რას წერს გიორგი კეკელიძე?

275

მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე პატიმარზე და მის მეირ ნაჩუქარ თევზზე სოციალურ ქსელში წერს.

“ეს თევზი ციხეში მაჩუქეს. ერთმა პატიმარმა. წლების წინ. თვითონ გააკეთა. წიგნები მივიტანეთ იქაურ ბიბლიოთეკაში და მაშინ. როცა მაჩუქა, მითხრა; ეგ თევზი ჩვეულებრივი არ გეგონოს, ჩათვალე ოქროსია და სურვილებს ასრულებსო. გარეგნულად რაციონალური კაცი უფრო მეთქმის, მისტიკური ამბების ძნელად მორწმუნე, შესაბამისად – ზრდილობიანი ღიმილით ვუპასუხე და სახლში მოსვლისას უჯრაში მივუჩინე ბინა. მერე, დუშეთში რომ გადავბარგდი, ეგ უჯრა დიდ ფუთად იქცა და სათავსოში მიიძინა. აპრილის შუაში, სრულიად შემთხვევით, სხვა პატიმარი შემხვდა და მითხრა, ის კაცი, მაშინ ხის თევზი რომ გაჩუქა, გარდაიცვალაო. ერთი წლის წინო. ერთი წლის წინ მეც კინაღამ გარდავიცვალე და რა გასაკვირია, რომ ამ ამბავს ვერავისგან გავიგებდი. თუმცა მაინც შემრცხვა და შემრცხვა ამ თევზის გამოც. წინ დიდი საქმეები მეგოლებოდა, რაღაც გიჟური და გრანდიოზული ჩანაფიქრი –  ჩემი სუიციდის მცდელობის თვე მინდოდა გარდამტეხად მექცია ამ ამბის წლისთავზე იმ საქმეებში, რისთვის ხელი მომიკიდია. ვიფიქრე, მოდი, დავიხმარ ამ თევზს. ეგებ, ვინ იცის და სასწაულიც არსებობს. წავედი დუშეთში, ამოვიღე დამტვერილი ფუთიდან, ჩავიდე ჯიბეში და მას მერე თან დავატარებ. პირველ მოლაპარაკებაზე რომ მივდიოდი, შევხედე თევზს და ვუთხარი: ,,უნდა დამეხმარო!”. თევზს ხმა არ ამოუღია. დუმდა. ,,სასწაული არ არსებობს!” – გავიფიქრე მე და წავედი. ეგრე მოხდა რომ ყველა მოლაპარაკება დიდი წარმატებით დასრულდა – პირველი კორპუსის სამკითხველო დარბაზების რეაბილიტიაცია, ციფრული ფოტომატიანე, ოკუპაციის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლები, სკვერის ბიბლიოთეკები, ქართული ბიბლიოთეკები საზღვარგარეთ, ახალგაზრდული სივრცე ბიბლიოთეკაში, ქართული დამწერლობის მუზეუმი, უზნაძის სახელობის მენტალური კაბინეტი, ციხეებში ახალი ბიბლიოთეკების მოწყობა, ქუთაისში ცისფერყანწელების ბაღი, მთის ბიბლიოთეკები – ყველა მათგანს მოვუძებნო ფინანსური პატრონი – უმსხვილესი ბიზნესები ჩაერთვნენ ამ დიდი გზის გაკვალვაში და ცოდნის გავრცელების მიმართულებით დადასტურებულად მთავარ მოთამაშედ ვიქეცით. მაშინ დავხედე თევზს და ვუთხარი: ,,თუ შენ გააკეთე ეს, მაშინ მოდი ამ მიმართულებითაც დამეხმარე!” თევზი დუმდა. აღვადგინეთ ლეგენდარული lib.ge. ჩამოვაყალიბეთ lib-აკადემია – ონლაინ-სკოლა – ემიგრაციაში მყოფი ქართველებისთვის, მთაში და ოკუპაციის გამყოფ სოფლებში მცხოვრებთათვის. ,,ნამდვილად არ ურევია შენი ხელი?” – ვკითხე თევზს და თევზის დუმდა. ,,ეჰ, სასწაული მართლა არ არსებობს”. გამოვიდა ორი წიგნი – ფეხბურთელზე და ზღაპრები, დავწერე მგონი რომ კარგი ლექსები და კრებულიც თითქმის მზადაა, განვაახლე დიდი ეპოსის თარგმანი, პროლოგი მოვუსინჯე რომანს ობსესიებზე და დღეს სახლის შესასვლელთან, ჭიშკრის ძირას დავჯექი, ჭისკარს მივეყრდენი, ამოვიღე თევზი და მკაცრად ვუთხარი: ,,აღიარე, რომ ყველაფერი შენ გააკეთე, ახლავე აღიარე!” და ისევ ამოოხვრას ვაპირებდი, როცა  თევზმა მიპასუხა:

,,სასწაული არსებობს! ოღონდ ეს სასწაული ჩემგან არ არის, სასწაული ადამიანია, რომელსაც ყველაფერი შეუძლია, ყველაფერი – მკვდრეთით აღდგომაც კი და ყველა სასწაული მისგანაა. მე უბრალო ვარ”. – თქვა თევზმა და კვლავ დადუმდა. 

ახლაც დუმს. მაგრამ უკვე ყველაფერი ვიცი”, – წერს კეკელიძე.