ახლახან სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, რომელიც თავად კესარია აბრამიძემ დადო და სადაც ის, სიმპათიურ მამაკაცთან ერთად, დუბაის საოცარ ადგილებშია გადაღებული. ჭორიც კი გავრცელდა, თითქოს ულამაზესი კესო დაინიშნა და მისი რჩეული უმდიდრესი ბიზნესმენია, რომელიც გარდა დუბაისა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფლობს ძვირად ღირებულ ვილებსა და სასტუმროებს და საქართველოშიც აპირებს ბიზნესინვესტიციის განხორციელებას. ჩვენ ამბის გადასამოწმებლად თავად კესოს დავუკავშირდით და საინტერესო ინტერვიუც ჩავწერეთ.
– კესო, ახლახან დაბრუნდი დუბაიდან და სოციალურ ქსელში თავად დადე სიმპათიურ მამაკაცთან ერთად სასწაულ ადგილებში გადაღებული ფოტოები. მართალია, რომ ეს ადამიანი შენი რჩეულია და დაინიშნე?
– დუბაიში ერთი კვირით ვიყავი წასული, ჩემმა უახლოესმა მეგობარმა დამპატიჟა. ერთად გავემგზავრეთ აქედან. იქ კი მეგობარმა გამაცნო უკარგესი, უმდიდრესი და უსიმპათიურესი არაბი მამაკაცი – ჯორჯი, რომელმაც ზღაპრული დღეები მაჩუქა, თავისი საოცარი მანქანებით, ლომის ბოკვრებითა და საჩუქრებით. ფოტო რომ დავდე, ლამის მთელი საქართველო აკომენტარებდა, წერდნენ: კესო დაინიშნე? გათხოვდი? ვინ არის ეს სიმპათიური მამაკაცი?.. ჯორჯი ძალიან მანებივრებდა საჩუქრებით, ძვირად ღირებულ მაღაზიებში შოპინგებით. ვიყავი სასტუმროში, ღამე რომ ოცდახუთი ათასი ღირს. ხელზე ულამაზესი ოქროს სამაჯური ეკეთა, მომეწონა და ისიც კი მოიხსნა და მაჩუქა. ჩემთვის არაფერი დანანებია, საკმაოდ ბევრი ფული დამახარჯა.
– თქვი, უმდიდრესი მამაკაციო. რას წარმოადგენს?
– ბიზნესმენია. არა მარტო დუბაიში, მსოფლიოს სხვადასხვა საკურორტო ზონებსა და ქალაქებში, აქვს ვილები და საკუთარი ფეშენ სასტუმროები. სხვათა შორის, ამბობდა, საქართველოშიც ხომ არ ჩავდო ინვესტიციაო. იმდენად მოვეწონე და შევუყვარდი, გადაწყვიტა, საქართველოშიც დაიწყოს საკუთარი ბიზნესი. ზაფხულში აპირებს ჩამოსვლას. ეს ადამიანი არც ჩემი საქმროა და არც მასზე დავნიშნულვარ. უბრალოდ, ჩემი ერთ-ერთი თაყვანისმცემელია, გამორჩეული და კარგი, რომელმაც იდეალურად მაჩვენა დუბაი და თავისი ქვეყანა. რომ მწერენ, გათხოვდიო, არ გავთხოვილვარ, ლამაზი ქალი ვარ და მყავს მდიდარი თაყვანისმცემელი დუბაიში. საქართველოში ხომ ყველაზე მნიშნავენ და მათხოვებენ, ვისთანაც ფოტო დავდე?! (იცინის) როგორც აქ მყავს თაყვანისმცემლები, ისე გამიჩნდა დუბაიში, ერთი და ხარისხიანი (იცინის). შეიძლება, მეტიც გამჩენოდა, მაგრამ ამან არ მომცა საშუალება, ერთი კვირის განმავლობაში სულ ერთად ვატარებდით დროს.
– გარდა ფულისა, რამ მოგხიბლა ამ მამაკაცში?
– არის უპოზიტიურესი ტიპი, დადებითი ენერგეტიკა აქვს და მეგონა, მთელი ცხოვრება ვიცნობდი, ისეთი საყვარელი ქცევები აქვს და იმდენად თბილი და საინტერესო ადამიანია. ძალიან კონტაქტური და საყვარელია. არაფერს გეკითხება, პირდაპირ მოდის და მე მომწონს ასეთი თამამი ტიპები. თავიდან, მეგობარმა ვახშამზე რომ გამაცნო და უთხრა: ეს არის ქართველი გოგო, რომელიც თავის ქვეყანაში საკმაოდ ცნობილიაო, აღმოჩნდა, რომ ჯორჯს „ინსტაგრამზე“ ნანახი ჰქონდა ჩემი ფოტოები. მოკლედ, გავიცანი და იმ დღიდან აღარც დავშორებივართ ერთმანეთს. სხვათა შორის, მისგან პირველი კითხვა იყო: შეყვარებული გყავს? ურთიერთობაში ხარ? ვუთხარი, არა-მეთქი და ჩათვალე, სამ დღეში იქნებიო. ასეთმა ბიჭმა ეს რომ მითხრა, ჩავდნი და დავდნი (იცინის).
– კესო, როგორ გგონია, რა მოსწონთ და ხიბლავთ შენში მამაკაცებს ყველაზე მეტად?
– ბოლო დროს, რომ მეუბნებიან, ლამაზი ხარო, ცოტა მაღიზიანებს. სილამაზის მიღმა, კიდევ სხვა თვისებებიც მაქვს, რაც უნდა შეამჩნიო და აღნიშნო. ვფიქრობ, ლამაზია ყველა მოვლილი ქალი, ვისგანაც დადებითი ენერგეტიკა მოდის და სახიდან ბედნიერებას ასხივებს. საკმაოდ თბილი ვარ, კონტაქტური, მოსიყვარულე, მაგრამ მაქვს ჩემი დისტანციებიც. ძალიან ახლოს მოშვება არ მიყვარს. ვგულისხმობ იმას, რომ ჩემთან სექსამდე მისვლა არ არის მარტივი, თუ გარკვეული სიმპათიები და გრძნობები არ გამიჩნდა.
– ესე იგი, ბევრი მამაკაცისთვის ეს დისტანცია დაცულია?
– კი და ალბათ, ეს უფრო მხდის საინტერესოს, რადგან მამაკაცები, ხომ, პირველ რიგში, მაგაზე ფიქრობენ?
– არა მარტო ლამაზი, ძლიერი ადამიანიც ხარ…
– ჩემს ყოფილ და ძველ ურთიერთობებში, დაშორების დროს, სულ მეუბნებოდნენ: შენ ძლიერი ხარ, უჩემობას დაიკიდებ და ადვილად გადაიტან, მე რა მეშველებაო… ხშირად ყოფილა ერთი და იგივე ტექსტები, ჩემი ყოფილებისგან. არ ვამბობ, რომ ჩემთან ურთიერთობა ადვილია. ურთიერთობის დასაწყისში ვარ ოცნების ქალი, საოცრება, ქარიშხალი, მაგრამ შემდეგ მამაკაცისგან ველოდები ენერგეტიკებს, სიყვარულებსა და ქარიშხლობებს. თუ მიყვარს მამაკაცი და დროთა განმავლობაში სიახლეებს არ მთავაზობს, არ ხდება მეტად საინტერესო და ქარიზმატული, ურთიერთობა ხუნდება. ერთ დონეზე, გაყინული, რუტინული, ცოლქმრული, ერთ დონეზე დასული უინტერესო ურთიერთობა მბეზრდება. სულ მინდა იყოს საგიჟეთი, რაც ძალიან რთულია, მაგრამ მე კარგად გამომდის და რაც დრო გადის, კაცი ჩემ გვერდით კარგად და კომფორტულად გრძნობს თავს, უფრო და უფრო ბედნიერია და უფრო და უფრო ვუყვარდები. მაგრამ თუ ვერ მყვება, არ გამოსდის, ვუყვარდები და ჩლუნგდება, ასეთი მამაკაცის გვერდით ვერ ვიქნები. თან, ყველაფერ ამასთან ერთად, ვარ იუმორით სავსე, თავისუფალი, ლაღი, „ფრი“, არ მაქვს საიდუმლოებები.
– ძლიერი ქალები რომ აშინებთ მამაკაცებს? ხარ იმდენად ძლიერი, რომ მამაკაცთან განშორების სტრესები ადვილად გადაიტანო? თუ შენ ასე არ მიგაჩნია?
– შეიძლება, ვიყო ძლიერი, თუმცა პირად ურთიერთობაში, როცა მამაკაცთან მაქვს გრძნობები და განცდები, არ ვარ ძლიერი. რაც შეეხება ძლიერი ქალის შიშს, ბევრს უთქვამს ჩემთვის: ჩემზე ძლიერი ხარ, მაშინებო… მაქსიმალურად ვცდილობ, მოვეშვა და ზოგჯერ სულელი გოგოს როლი მოვირგო. მაგრამ, რასაც მამაკაცები ყველაზე ხშირად მეუბნებიან და ეს ხდება უკვე ბევრ ურთიერთობაში, არის: ყველაფერი ხარ ერთად, ეს შეუძლებელია, ეს სხვა ქალში არ მინახავსო. გულისხმობენ იმას, რომ ჭკვიანი ხარ, ძლიერიც, თან სულელი და გიჟიცო, ანუ ყველანაირი და სხვადასხვანაირიო. ერთი მიმდინარეობის არ ხარ, მგონია, შენში ძალიან ბევრი ადამიანია. შენ ხარ ქალი, სექსუალური და თან, საყვარელი და ბავშვურიცო. ყოველდღე სხვადასხვანაირი და ბევრნაირი ვარ, ზოგჯერ გიჟი, ზოგჯერ საყვარელი და ზოგჯერ ჭკვიანი და ზოგჯერ ძლიერი ან სუსტი. ზუსტად ეს ბევრნაირი კესო მოსწონთ ჩემში მამაკაცებს. ერთი მიმდინარეობით საკუთარი თავი მბეზრდება. არის პერიოდი მეცვლება ხასიათი და სხვანაირი ვხდები, არის პერიოდი შინაგანად ვიცვლები, ჩაცმის სტილს ვიცვლი და ასე შემდეგ.
– ზოდიაქოთი ლომი ხარ. რამდენად გიყვარს დომინანტობა და პირველობა?
– მიყვარს და ხშირად ყოფილა შემთხვევა, მამაკაცთან მიჩხუბია პირველობაზე და უთქვამს დომინანტობა გიყვარს და გინდა, შენს ჭკუაზე მატაროო (იცინის). არადა, არ მიყვარს, როცა კაცი ჩემს ჭკუაზე დადის. თუმცა, რაღაც მომენტებში ურთიერთობაში წამყვანი ვარ. აქაც გაორება მჭირს: ზოგჯერ უსუსური ვარ და გადაწყვეტილებას მამაკაცს ვანდობ და ზოგჯერ მე მიმყავს „პალაჟენია“ „სტროგად“ (იცინის). ერთფეროვანი და ერთნაირი კესარია მე თვითონაც მბეზრდება. ხშირად ვაკეთებ ჩემს თავში ტრანსფორმაციას, ვავითარებ გონებას, გარეგნობას, ვმუშაობ ჩემს თავზე.
– ვიცი, ბევრი უცხო ქალი გწერს სოციალურ ქსელში და გთხოვენ რჩევებს. ძირითადად, რა პრობლემები აწუხებთ?
– ძირითადად, მწერენ: კესო, მიღალატა და როგორ დავიწყო თავიდან ურთიერთობა, როგორ შევიცვალო და გავხდე ძლიერი, როგორ შევიცვალო იმიჯი რომ მოვეწონო… ვფიქრობ, როცა ურთიერთობაში ბზარია, არ ღირს იმ მამაკაცის გამო რამე შეცვალო, ვფიქრობ, ურთიერთობაში უნდა იყო აქტიური და თუ არ გაფასებს მამაკაცი, მაშინ ჯობია, იპოვო ისეთი, რომელსაც ისეთი ეყვარები, როგორიც ხარ. ბევრი მწერს: როგორ მოვაწონოთ მამაკაცს თავი, შენ რომ გყავს, ჩვენც რომ გვყავდეს ბევრი თაყვანისმცემელიო… საკმაოდ ბევრ წერილს ვიღებ, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი, რა უნდა გააკეთო, რომ ბევრი თაყვანისმცემელი გყავდეს. ამაზე, არასოდეს მიმუშავია, თუმცა ბავშვობიდან ძალიან მომწონდა ყურადღების ცენტრში ყოფნა. თავადაც პომპეზური ტიპი ვარ, სადაც შევდივარ, ყოველთვის ვიქცევ ყურადღებას. სხვათა შორის, მეგონა, საქართველოში იმიტომ ვარ ყურადღების ცენტრში, რომ მიცნობენ, მაგრამ, როცა სამოგზაუროდ უცხო ქვეყნებში მივდივარ, უმეტეს შემთხვევაში, იქაც ასე ხდება.
– როცა არაბი მამაკაცის გვერდით გადაღებული ფოტოები დადე და ბედნიერებას ასხივებ, თაყვანისმცემლების მხრიდან ეჭვიანობა ხომ არ იყო?
– კი, რა თქმა უნდა. ბევრი მწერდა და მირეკავდა. ვეუბნებოდი: შეგიძლიათ, იაქტიუროთ, ეს ადამიანიც ჩემი თაყვანისმცემელია-მეთქი (იცინის). დამიჯერეთ, ის ერთი კვირა ამ კაცმა ნამდვილ სამოთხეში ამომაყოფინა თავი, თუმცა, როგორ განვითარდება მოვლენები, ნამდვილად არ ვიცი.