“როგორც ყველა ნორმალური ქალი, ვფიქრობ, აუცილებლად უნდა შევქმნა ოჯახი”

283

მომხიბლავი ტელეწამყვანის, თამთა კვარაცხელიას, ცხოვრებაში ერთდროულად რამდენიმე სასიამოვნო სიახლეა. ზოგჯერ თავადაც არ სჯერა, რომ ეს ყველაფერი მის თავს ხდება. საკუთარ წარმატებას საფუძველი თავად ჩაუყარა. წლების წინ, როცა ქმრის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ პატარა შვილთან ერთად ცხოვრების პირისპირ მარტო დარჩა, ნაბიჯ-ნაბიჯ გაიკვალა გზა, ბევრი ისწავლა, დიდი გამოცდილება შეიძინა. დღეს “პოსტ ტივის” ეთერში ახალი გადაცემა მიჰყავს, სახელწოდებით “რა გვსურს ქალებს”. არის წვეულებების ორგანიზატორი, პიარის და მარკეტინგის სპეციალისტი, თანამშრომლობს სხვადასხვა კომპანიებთან.

3 ივნისს “ლისი ივენთ ჰოლში” თამთა კვარაცხელიას ორგანიზატორობით გრანდიოზული, გლამურული ღონისძიება-წვეულება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს წარმატებულმა ქალებმა, ჟურნალისტებმა, მოდელებმა, მსხაიობებმა, მომღერლებმა… ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს უამრავი სიურპრიზი დახვდათ.

ამავე დღეს გაიმართა ჟურნალ Wedding Fair-ის პრეზენტაცია, რომლის მთავარი რედაქტორი ისევ თამთა კვარაცხელიაა.

თამთამ “სარკეს” ექსკლუზიურად გაუზიარა ინფორმაცია, რომ ერთი წლის წინ “მის ევროპა კონტინენტალის” საორგანიზაციო კომიტეტისგან მიიღო მიწვევა ევროპული სილამაზის კონკურსში მონაწილეობაზე. კონკურსი იტალიაში 2023 წლის ნოემბერში ჩატარდება. ამ სიახლეებზე ჩვენს ჟურნალს თამთა კვარაცხელია ესაუბრება.

– თამთა, არ ვიცი, რომელი თემით დავიწყო საუბარი, ყველა იმდენად საინტერესოა. მოდით, ჯერ 3 ივნისის ღონისძიებაზე გვიამბეთ.

– სხვადასხვა სახის მაღალი დონის გლამურული ღონისძიება ხშირად გამიკეთებია, მაგრამ ასეთი მასშტაბური, დატვირთული, სანახაობრივი და შემეცნებითი პირველად არის. ამისკენ მიბიძგა საქსტატის მიერ გამოქვეყნებულმა მონაცემებმა, რომ 2022 წელს განქორწინებების რიცხვი შემაშფოთებლად დიდია – 1498. ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, მყარი, ბედნიერი ოჯახები ძლიერი სახელმწიფოს საფუძველია. განქორწინებების შემცირების, ქორწინების რაოდენობის გაზრდის სურვილით იყო ნაკარნახევი ეს ღონისძიება.

წარმოდგენილი იქნა კომპანია ,,მარი გოლდის” მიერ შექმნილი საქორწინო კაბების ულამაზესი კოლექცია, რომელიც მოირგეს ცნობილმა სახეებმა და წარმატებულმა ქალბატონებმა. ბიზნესში თუ სხვადასხვა სფეროში წარმატების შეთავსება მყუდრო, ბედნიერ ოჯახურ თანაცხოვრებასთან ხშირად არ გამოდის. წარმატებულმა ქალებმა კი ზუსტად იმის დასტურად ჩაიცვეს საქორწინო კაბები, რომ ხაზი გაესვათ, თუ გულით მოინდომებ, ორივე ფრონტზე გამარჯვებული იქნები.

ზოგმა პირველად ჩაიცვა საქორწინო კაბა, ზოგსაც სხვა ღონისძიების ფარგლებში მოურგია, მაგრამ ნებისმიერ დროს ამ სამოსის ჩაცმა ბედნიერ ემოციებს იწვევს და ლამაზი სანახაობაა. მათი მეუღლეები, ახლობლები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ ამ ღონისძიებას.

გარდა ამ ჩვენებისა, იყო მეორე ჩვენება ,,სასურველი საპატარძლოები”. ასე რომ, მამაკაცები, რომლებიც გვესტუმრნენ, სასიამოვნო სანახაობის მომსწრენი გახდნენ.

მობრძანდა ქალბატონი ნინო ანანიაშვილი თავისი საბალეტო დასით და ულამაზესი პერფორმანსით გაიხსნა წვეულება. ცნობილმა მომღერლებმა  შეასრულეს თავიანთი ჰიტები. ჩემი აზრით, ყველაზე შთამბეჭდავი იყო  ნამდვილი ხელმოწერის ცერემონიალი. წყვილმა, რომელიც რამდენიმე წელია, სამოქალაქო ქორწინებაში ცხოვრობდა, გადაწყვიტა, დაეკანონებინა ურთიერთობა და ამ წვეულებაზე საზეიმოდ მოაწერეს ხელს. ეს წყვილი არ არის ცნობილი.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნა 50 ცნობილი ბრენდი, გამოიფინა  თანამედროვე კოსმეტოლოგიური და თავის მოვლის საშუალებების უახლესი პროდუქცია… იქვე იყო ყვავილების გამოფენა. ტურისტულმა კომპანიებმა  შემოგვთავაზეს, სად გავატაროთ თაფლობისთვე, გაუწიეს საუკეთესო სასტუმროებს რეკომენდაციას. იყო სამედიცინო სივრცე, სადაც კლინიკებს წარმოადგენდნენ – პლასტიკური მედიცინა, სტომატოლოგია… ანუ ყველაფერი, რაც პატარძალს გამოადგება, გაალამაზებს და განუმეორებელს გახდის…

ამ ღონისძიების ფარგლებში გავაკეთე ჟურნალი Wedding Fair, რომლის მთავარი რედაქტორი და მფლობელიც მე ვარ.

– იმდენად ყურისმომჭრელი და ბრჭყვიალა ამბები მომიყევით, ცოტა დავიბენი, თუმცა ისევ შოკისმომგვრელ სიახლეზე უნდა გკითხოთ, როგორ მოხვდით ,,მის ევროპის” სილამაზის კონკურსზე?

– ამის დაჯერება თავადაც მიჭირს. არ ვიცი, საიდან, როგორ მიაწოდა ვიღაცამ ჩემი მონაცემები თუ თავად მიპოვეს ინტერნეტში, მაგრამ წლინახევრის წინ დამიკავშირდნენ. თავდაპირველად ხუმრობა მეგონა. საქართველოშიც არ მიმიღია სილამაზის კონკურსში მონაწილეობა, არამცთუ ევროპაში. შემდეგ ისე დაჟინებით დაიწყეს შეტყობინებების გამოგზავნა, დავინტერესდი, მოვიძიე და აღმოჩნდა, რომ ეს იყო ძალიან პრესტიჟული კომპანია, რომელიც ასევე ძალიან ცნობილ კონკურსს ატარებდა. ტრანსლიაცია მსოფლიოს 50 ქვეყანაში ხდება.

ავუხსენი მათ, რომ მე ამ კონკურსში არ მივიღებდი მონაწილეობას, რადგან ვარ 35 წლის, არ მაქვს მოდელის პარამეტრები და ასე შემდეგ. დამარწმუნეს, რომ ჩემი ყველა მონაცემი აკმაყოფილებდათ. ბოლოს ჩემი მშობლების და მეგობრების ჩართულობით დავთანხმდი. ერთი წლის წინ მოვაწერე კონტრაქტს ხელი, არ მქონდა გამჟღავნების უფლება. ახლა კი, როცა გადაწყდა თარიღი და ჩატარების ადგილი, უკვე შემიძლია ამ სიახლეზე საუბარი.

– რა პირობებია კონტრაქტში, თუ შეგიძლიათ გამხელა? როგორ ემზადებით, თუ იცით კონკურსის პროგრამა, რა დავალებების შესრულება მოგიწევთ?

– იმდენად ვარ მოახლოებული ღონისძიების მომზადებით დაკავებული, ჯერ ამ კონკურსზე ფიქრისთვის ვერ მოვიცალე, მაგრამ უკვე ვღელავ, რადგან ჩემი ქვეყანა უნდა წარვადგინო იმ უამრავ ულამაზეს გოგოს შორის, ვინც კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. თავიდან მივწერე, რომ ჩემს დიზაინერთან და პირად სტილისტთან ერთად ჩავიდოდი. ავუხსენი, რომ იმ ქვეყნიდან ვიყავი, საიდანაც დემნა გვასალიაა. მომწერეს, დემნას პატივს ვცემთ, მაგრამ შენ, მგონი, კარგად ვერ ხვდები, სად მოდიხარ, იტალია არის მოდის ფუძემდებელი, აქ ჩვენ გვყავს დიზაინერებიც და ნებისმიერი სახის პროფესიონალიც, ვინც კონკურსის მონაწილეებს სჭირდებათო.

გადავწყვიტე, რომ მივდივარ, როგორც მონაწილე. გამარჯვებაზე არ ვფიქრობ, მონაწილეობაც ძალიან მნიშვნელოვანია.

– დავუშვათ, გაიმარჯვეთ. რა ჰორიზონტი გადაიშლება თქვენ წინ?

– ერთი წლის განმავლობაში ხდები მათი სახე, მონაწილეობ ყველა ჩვენებაში, გიღებენ სარეკლამო რგოლებში. საცხოვრებელი, მანქანა, მძღოლი, პირადი სტილისტი, სხვადასხვა სახის მომსახურება, ანაზღაურება… ერთი სიტყვით, რადიკალურად იცვლება ცხოვრება, სულ სხვა სამყაროში შეაბიჯებ, მაღალი მოდის ინდუსტრიის სახე ხდები.

ერთი წლის შემდეგ, თუ მოისურვებ, გეძლევა მუშაობის უფლება და, რადგან ცნობადობა უკვე გექნება, კონტრაქტებიც არ დაიგვიანებს. ჩემ შესახებ მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ვარ პიარის და მარკეტინგის სპეციალისტი, ვმუშაობ ტელევიზიაში, მაქვს ღონისძიებების მოწყობის გამოცდილება და ამ კუთხითაც შემომთავაზეს თანამშრომლობა. ვნახოთ, ჯერ კონკურსი მელოდება.

 ახალ გადაცემაზე რას იტყვით?

– ეს არის ძალიან სასიამოვნო და საინტერესო გადაცემა – “რა გვსურს ქალებს”. თემა მარადიულია, კითხვები ამოუწურავი, პასუხები სხვადასხვა. ჯერ ერთი თვეა, რაც გადაცემა დავიწყეთ. მთავარი, რაზეც ყველა ვთანხმდებით – სტუმარიც და მასპინძელიც, წარმატებულმა, ცნობილმა, ხელოვანმა თუ სხვა პროფესიის ქალბატონებმა, რასაც უნდა მიაღწიონ, მაინც ოცნებობენ, მათ გვერდით იყოს მზრუნველი მამაკაცი, ჰყავდეთ საყრდენი საყვარელი ადამიანის, მეუღლის სახით. ზოგი კარიერას აყენებს პირველ ადგილზე, ზოგი – ოჯახს, მაგრამ სიყვარული ყველას უნდა.

– ასეთი დატვირთული რეჟიმის პირობებში თქვენ, როგორც ქალს, რა გსურთ, გრჩებათ დრო პირად ცხოვრებაზე ფიქრისთვის?

– ნამდვილად არ მაქვს თავისუფალი ერთი წუთიც კი. ამ ბოლო დროს ჩემი შვილის ნახვაც მენატრება. 3 ივნისის ღონისძიების მომზადება ძალიან რთული აღმოჩნდა – უამრავი მონაწილე, სტუმარი, კომპანია, სპონსორების მოძიება, ჟურნალის გაკეთება, ყველაფერი მარტოს მომიხდა. სერიოზულად დავფიქრდი მარკეტინგული კომპანიის შექმნაზე, რომ მყავდეს თანამშრომლები, შევიმსუბუქო შრომა და მეტი თავისუფალი დრო მქონდეს.

– მაინც არ მიპასუხეთ კითხვაზე, რა ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში.

– მართლა არაფერს ვმალავ, არაფერი ხდება და იმიტომ. მეც, როგორც ყველა ნორმალური ქალი, ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა შევქმნა ოჯახი. როგორც კი სიყვარული შემოაბიჯებს ჩემს ცხოვრებაში, მაშინვე გაიგებთ.

მადლობა თქვენ და თქვენს ჟურნალს, რომ დაინტერესდით, მომეცით საშუალება, საზოგადოებისთვის გამეცნო ჩემი საქმიანობა.