„ზუკა ბერძენიშვილისა და მისი მშობლების წინაშე შეცდომა დავუშვი…ბოდიშს ვუხდი”

ზუკა ბერძენიშვილისა და მისი მშობლების წინაშე შეცდომა დავუშვი და ბოდიშს ვუხდი, – აღნიშნულის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ამავე ტელეკომპანიის ეთერში აცხადებს.

„ჩემთან ციხეში შემოჰქონდათ ხოლმე „ფეისბუქის” სქრინები, ამონარიდები.

ერთხელ შემხვდა ზუკა ბერძენიშვილის სტატუსი, ჩემზე. დათო ბერძენიშვილის შვილის, რომელიც წერს, რომ ეს ტიპი ჩემი ბავშვობის ტრავმების მთავარი შემოქმედიაო, ეს რუსეთის აგენტობა და ა.შ. და სხვათა შორისო ამისთვის ბოდიში არასოდეს მოუხდიაო, და ეს ტრავმები ცუდად მახსოვსო, მაგრამ როგორც ახლა იქცევაო… და მერე იყო ჩემზე პოზიტიური შეფასება.

მაგრამ მას მერე აღარაფერი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, აღარც მესმოდა, რა ეწერა, რადგან მივხდი, რომ ადამიანებმა უნდა იფიქრონ საკუთარი ქმედებების შედეგებზე, მათ შორის, როცა თვლიან, რომ მართლები არიან.

მე ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, რომ ეს იყო არასწორი, ლევან ბერძენიშვილისთვისაც მაქვს ბოდიში მოხდილი, მგონი, დათოსთვისაც, თუმცა დათო არ იყო მაშინ ფოკუსში. კოლოსალური შეცდომა იყო, რაც მაშინ ხელისუფლებამ გააკეთა და მეც ვიყავი ამაში ჩართული.

რომც არ ვყოფილიყავი, მაინც ბოდიში მექნებოდა მოსახდელი, მაგრამ მივხვდი, რომ პირველ რიგში შვილებისთვისაა ბოდიში მოსახდელი.

და ბოდიშს ვუხდი ზუკას ახლა აქედან.

ახლა რომ წარმოვიდგენ, რისი გადატანა უწევდათ და უწევთ ჩემს შვილებს… თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი შვილების წინაშე არა შეცდომები, არამედ დანაშაულებია ჩადენილი, მე კი შეცდომა დავუშვი ზუკას და მისი მშობლების წინაშე.

ჩვენი შეცდომები მხოლოდ ჩვენს მოწინააღმდეგეებზე კი არა, ჩვენს შვილებზეც გადადის“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ასევე იხილეთ