რა გზიდან არ გადაუხვევია არასდროს გია მაჭარაშვილს და რატომ ვერ მღერის ის „შპარგალკების“ გარეშე საკუთარ სიმღერებს

466

გია მაჭარაშვილი ყველასთვის განსაკუთრებით საყვარელი მუსიკოსი, კომპოზიტორი და არანჟირების ოსტატია. მისი გემოვნებიანი და გამორჩეული სითბოთი სავსე მუსიკა განსაკუთრებით დასაფასებელია. ვინც მის ცხოვრებას თვალს ადევნებს, ეცოდინება მისი სიყვარულით სავსე ოჯახის შესახებაც და ჩვენი ინტერვიუც სწორედ ოჯახზე საუბრით დაიწყო.

გია მაჭარაშვილი: მე ვფიქრობ, რომ თითოეული ადამიანისთვის, ქალისა თუ კაცისთვის, ოჯახის შექმნა ახალი გზის დასაწყისსა და ერთმანეთის წინაშე დადებულ პირობას ნიშნავს. როგორც არ უნდა გიჭირდეს ან გილხინდეს, ცხოვრება ერთმანეთის სიყვარულსა და სიამტკბილობაში უნდა გაატარო. კამათი ყველასთანაა, განსაკუთრებით ახალშექმნილ ოჯახში, ბუნებრივია, რომ მეუღლეებს განსხვავებული აზრები აქვთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა გაიბუტონ ან დაანგრიონ და დააქციონ ოჯახი. ხანდახან რომელიმე მხარე დათმობაზე თუ არ წავიდა, ოჯახი ვერ შენარჩუნდება. სიყვარულია ის, რაც ყველაფერს იტანს. მე და ჩემი მეუღლე დღესაც კი სულ ვცდილობთ, გამოხედვით თუ მიმიკებით ერთმანეთს სითბო ვაჩუქოთ. სიტყვიერადაც ვეუბნები, შეიძლება, ყოველდღე არა, მაგრამ არ გავა რამდენიმე დღე, რომ არ ვუთხრა: მე შენ ძალიან მიყვარხარ! აუ, რა მაგარი ხარ! რა გემრიელად მოამზადე! რა ჯიგარი ხარ და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი უკან მიბრუნდება მისგან. ურთიერთგაგებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ოჯახი ჩვენთვის წმინდა ადგილია. ვცდილობთ, ტრადიციებიც დავიცვათ. მაგალითად, მე ძალიან მიყვარს ჩემს სახლში, ჩემს ოჯახში მოლხენა და არა – რესტორანში. დიდ ქორწილს სახლში ვერ გამართავ და რესტორანიც არაჩვეულებრივია, მაგრამ დაბადების დღეა თუ მეგობრული სუფრები, ასეთ შემთხვევაში, სახლში მიხარია და მირჩევნია ბედნიერების გადმოფრქვევა. ინსტრუმენტიც გვაქვს, წავუმღერებთ, ანეკდოტსაც ვიტყვით და ოჯახურ გარემოში ერთად ყოფნით დავტკბებით. ეს დიდი სიამოვნებაა და მეორე დღეს ბედნიერებს გვეღვიძება.

– რამდენი წელია, რაც ერთად ხართ?

– 1990 წლიდან, ანუ, 33-ე წელია, ერთად ვართ.

– როგორი იყო თქვენი ურთიერთობის დასაწყისი?

– სადღაც უნდა გადაეყარო შენს ბედს. ერთხელაც, მოვხვდი იმ დაწესებულებაში, სადაც ჩემი, მაშინ მომავალი, მეუღლე მუშაობდა. ის ჩემი ახლობლის მეგობრის და აღმოჩნდა. ჩემი ახლობელი კი გახლდათ ყველასათვის ცნობილი რომა რცხილაძე. ჩემი მეუღლე მაშინ მეცნიერებათა აკადემიაში მუშაობდა, უცხოეთის განყოფილებაში. იმ პერიოდში სადღაც ვაპირებდით წასვლას და საბუთების გასაფორმებლად რამდენჯერმე მოგვიწია იქ მისვლა. ნინოს იქ მოვკარი თვალი და რომამ მითხრა, ეს გოგო ჩემი მეგობრის და არისო. მე ვუთხარი, კარგი გოგოა და დაოჯახებულია-მეთქი? როგორც ვიცი, არა და ვა, გინდა, გაგაცნოო? – კითხვითვე მიპასუხა რომამ. რატომაც არა-მეთქი და ყველაფერი აქედან დაიწყო (იცინის). რომას წყალობით მოხდა ჩვენი შეხვედრა და სულ რაღაც ორ თვეში მოვაწერეთ ხელი. წყნარი, ბუნჩულა გოგო იყო. ახლაც ასეთია, ძალიან რომ გინდოდეს, ვერ გააბრაზებ. ხმამაღლა რამის თქმა არ შეუძლია, დაყვირება რა არის, საერთოდ არ იცის, მაგრამ თუ რამეზე გაბრაზდა, იბუტება (იცინის). მე რამე თუ მეწყინა, უცებ გადამივლის ხოლმე, ცოტა ხანში არც მახსენდება, მაგრამ ის რომ გაბუტულია, მაშინ „ჭიდაობა“ მიწევს. ხან აქედან მივუდგები, ხან იქიდან და ჩვენი ურთიერთობა თეატრალიზებული ხდება, სალი კლდესავით დგას ხოლმე (იცინის). რას იზამ, ქალბატონებს სჩვევიათ გაბუტვა. აბა, რა მამაკაცის საქმეა გაბუტვა და გაბერვა.

– თუ უმღერით ხოლმე, რომანტიკული თუ ხართ?

– როცა ორივეს მოგვინდება, როგორ არა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მე ტექსტებში ძალიან მიჭირს. საშინელებაა, მაგრამ „შპარგალკა“ თუ არ დავიდე, ვერ ვიმღერებ – რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საკუთარ სიმღერებზე ვსაუბრობ. ამოვიღებ ხოლმე ფურცელს, წინ დავიდებ და ვკითხულობ. გაუმართლებელი და ჩემგან ცოტა ძნელად მისაღებია უცხოსთვის, მაგრამ საკუთარ სიმღრებზე შპარგალკები მჭირდება, სხვისას, მით უმეტეს, ვერ ვიხსენებ. ეს ჩემი ყველაზე დიდი ნაკლია. სადმე სტუმრობისას რომ მჭირდება სიმღერა, სირცხვილით ხმას ვერ ვიღებ. ამიტომ, სადმე რომ მივდივარ, ორი-სამი სიმღერის ტექსტს ჩავიდებ ჯიბეში და შესრულებას რომ მთხოვენ, ბოდიშის მოხდით, „დავაძრობ“ ჩემს ფურცლებს. სხვა რა გზაა, ლალალათი ხომ არ ვიმღერებ სიმღერას, თორემ მელოდია ყველასი მახსოვს (იცინის). ჩემგან უკვე შეგუებულები არიან ამას და გაოცებული სახეებით აღარ მიყურებენ (იცინის).

– თქვენი შვილი თქვენ შესახებ წერს, ჩემი სურვილების შემსრულებელი ქარხნის დირექტორიაო. კარგი მამა ხართ, ანებივრებთ შვილს?

– ვცდილობ, როგორც შემიძლია. რომ ვიყო შეძლებული, მილიონერი ბიზნესმენი, ალბათ, მარტო ჩემს შვილს კი არა, ჩემ ირგვლივ ყველას გავანებივრებდი, გაჭირვებულების რიგი დადგებოდა ჩემთან. არ შემიძლია, უარს ვერავის ვეუბნები. თუნდაც, ჩემი საბოლოო პროფესია ავიღოთ, სიმღერა იქნება თუ არანჟირება, ზოგს, სრულიად უცხო ადამიანსაც კი, როცა ვხედავ, რომ საშუალება არ აქვს, მაგრამ ძალიან უნდა, საერთოდ ვჩუქნი ჩემს ნამუშევარს, ზოგს, შეძლებისდაგვარად, დაბალ ფასად ვუკეთებ. ზოგი ისე მევაჭრება, გეგონება, კიტრის საყიდლად არის ჩემთან მოსული, არადა მეძვირე ისედაც არასდროს ვყოფილვარ. ფულზე ლაპარაკი საერთოდ არ მიყვარს. გიღირს – გიღირს, არ გიღირს და დამთავრდა. ცოტა „ნაგლად“ რომ მეუბნება ვინმე, „ნაკლებად ვერ გამიკეთებ?“ მე ისიც მრცხვენია, რომ ვუთხრა, რომ ვერ გავუკეთებ. რატომ მევაჭრები, რატომ მარცხვენ?! ასეთები არიან ადამიანები.

1994 წლიდან ამით ვირჩენ თავს და ასე გავატარე ეს ცხოვრება, მაგრამ რა ვქნა, შევეგუე ამ ყველაფერს, თორემ პროფესიით მე ინჟინერი ვარ. კიდევ ერთ რამეზე მწყდება გული. ჟურნალისტებისა თუ წამყვანების არასწორ დამოკიდებულებაზე. მაგალითად, მერაბ სეფაშვილი 1998 წლიდან ასრულებს ჩემს სიმღერას „გაიღიმე“. ბევრს ჰგონია, რომ ეს არის ჩემი პირველი და უკანასკნელი სიმღერა. ბევრს ისიც ჰგონია, რომ ეს სიმღერა მერაბისია, მათ შორის ტელეწამყვანებს, მუსიკალური გადაცემის რედაქტორებს და აცხადებენ ხოლმე „ახლა თქვენ მოისმინეთ მერაბ სეფაშვილის „გაიღიმეს“, მაშინ, როცა უნდა თქვან, „ეს არის გია მაჭარაშვილის სიმღერა მერაბ სეფაშვილის შესრულებით“.

– არადა, ძალიან ბევრი ჰიტი აჩუქეთ ქართველ მსმენელს…

– ცხოვრებაში არ დამითვლია, ვის რამდენი სიმღერა დავუწერე. სრულიად უცხო ადამიანი მოსულა და უთხოვია მელოდიის დაწერა, დამიწერია და წასულა, მაგრამ არ მიმიდევნებია თვალი, რა ბედი ეწია იმ სიმღერას. ვითვალო? იცით, რამხელა დავთარი უნდა მქონდეს, მართლა ასე რომ მოვიქცე? სიმღერებზე მეტი არანჟირებები მაქვს გაკეთებული და ამას ნამდვილად ვერ დავთვლი. ჩემი თუ სხვისი სიმღერების არანჟირებაა ჩემი შემოსავლის წყარო. კი, ჩემი სიმღერაც უნდათ და ამასაც ვაკეთებ, თუმცა მეტწილად სხვების მიერ შექმნილი სიმღერების არანჟირებით ვარ დაკავებული. საერთო ჯამში, მათი რაოდენობა რომ ნახოთ, ნამდვილად გაოცდებით. პირველი სიმღერა მეცხრე კლასში დავწერე და თვითონ წარმოიდგინეთ, მას შემდეგ რამდენი წელი გავიდა (იცინის). მაშინ მივხვდი, რომ გამომდიოდა, მერე, სტუდენტობისას, მუხტი მომემატა და ვწერდი და ვწერდი. მივხვდი, რომ თავში მოდის და მეწერინება. თურმე, ეს არის ჩემი საქმე. თან, მიყვარდა საესტრადო მუსიკა, ვგიჟდებოდი. 1981 წელს როკ-ანსამბლში რომ ამოვყავი თავი, მაშინ ხომ მთლიანად ამაზე გადაერთო ჩემი ტვინი. მერე სიმღერებზე აღარ იყო ისეთი აქტიურობა და არანჟირება გახდა რეალური შემოსავლის წყარო, ეს ყველას უნდა. შეიძლება, სიმღერაც ბევრს უნდოდეს, მაგრამ მე ყველას ვერ დავუწერ. სამწუხაროდ, ყველას არ შეუძლია ჩემი მელოდიების შესრულება იმ მანერაში, რა მანერაშიც მე მინდა, ისე, რომ მსმენელი მოხიბლოს, მოაჯადოოს. მთხოვდნენ, დამეწერა ცუდი ქალაქურები, „დიპლიპიტო“ სიმღერები, გამეკეთებინა ასეთივე არანჟირებები და ასე მოქცევას შეგნებულად ვარიდებდი თავს. ეს სულში არ მიდევს, ჩემი არ არის „ტანაინა ნაი ნანა“ და არ მინდა ასეთი გავხდე. ვისაც ეს ხელეწიფება, გააკეთოს, მე დამანებონ თავი და მე იმას გავაკეთებ, რასაც სხვამ უნდა დაანებოს თავი, ამას ალალად ვამბობ და არა ვინმეს საწყენად.

– სიახლეზეც ვისაუბროთ, „იმედზე“ პროექტ „მიმღერეში“ იღებთ მონაწილეობას…

– კი, დათო მაზანაშვილმა მიბიძგა ამისკენ. არ ვემორჩილებოდი, არ მინდა-მეთქი, რადგან მე არასდროს ვთვლიდი ჩემს თავს წინა პლანზე გამოსულ მომღერლად. ათასში ერთხელ თუ ვიმღერებდი. მე არ ვარ სოლისტი. შემიძლია ვიღაცას ავყვე, მისამღერში მერაბთანაც მიმღერია, ზურა კობეშავიძესთან ერთადაც გამიშლია ხმა, მაგრამ, როგორც სოლისტი, მიკროფონით ხელში, წინა პლანზე ცხოვრებაში არ ვმდგარვარ. ერთადერთი დუეტი მაქვს თათია გიორგობიანთან – „თბილისო“, რომელიც 1997 წელს ჩავწერეთ. ეს სიმღერა რომ დავუწერე, თათიამ მითხრა, დიდი თხოვნა მაქვს, ისეთი მელოდია დამიწერე, რომ იქნებ ორ ხმაში გვემღერა, ერთადო, უარს როგორ ვეტყოდი. ერთი-ორი სიმღერა ირმა სოხაძეს დავუწერე, თავისივე ტექსტზე და შევასრულეთ კიდეც, ალბათ, ასი წლის წინ (იცინის). ასე კანტიკუნტადაა მსგავსი შემთხვევები და ამიტომაცაა, რომ სიმღერის შესრულებისას შპარგალკები მიჭირავს ხელში (იცინის). „მიმღერეში“ ძალიან კარგი, თბილი და სიყვარულით სავსე გარემოა, რაც ძალიან მიხარია და ჩემთვის, როგორც მაყურებლისთვისაც, სასიამოვნო სანახავი იქნება. ეს პროექტი, ალბათ, ოქტომბრის ბოლოს დაიწყება და იანვრის მეორე ნახევარში დამთავრდება. მე აქაც შპარგალკები მიდევს წინ. კი, უბედურებაა, მაგრამ თუ მათში არ ჩავიხედე, დაღუპული ვარ (იცინის).