რა გზით დაუსხლტა სიკვდილს ხელიდან დონარა გვრიტიშვილი და როგორ შეცვალა ამერიკაში მისი ტკივილი დიდმა ბედნიერებამ

318

მსახიობ დონარა გვრიტიშვილის ცხოვრება ბოლო წლებში ძალიან შეიცვალა. დიდი განსაცდელის წინაშე, უცხო ქვეყანაში აღმოჩნდა, თუმცა, ყველა ტკივილმა გაიარა და დღეს თავს ძალიან კარგად გრძნობს. ქალბატონ დონარასთან საუბარი წლების წინანდელი ამბების გახსენებით დავიწყეთ.

დონარა გვრიტიშვილი: დედას ძალიან უყვარდა სიმღერა. მხიარული, პრანჭიკელა, კოხტა და კეკლუცი ქალი იყო. სახლს რომ ალაგებდა, მაშინაც სულ გალობდა და ჭიკჭიკებდა ხოლმე. თურმე, მასაც ძალიან უნდოდა მსახიობობა, მაგრამ ჩემს ოჯახში ეგ თემა არც განიხილებოდა. მე მუსიკალურ ტექნიკუმში ჩამაბარებინეს, იმიტომ რომ მშობლებს ასე უნდოდათ. მერე უცხო ენებში ჩასაბარებლად მამზადებდნენ. აი, მაშინ ვიხმარე ჭკუა თუ თავი დავიღუპე – დღემდე არ ვიცი, რატომ, მაგრამ მსახიობობა ავირჩიე (იცინის). ოცნებებს თვითონ მივყავართ საკუთარ ბილიკებზე და ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც.

– დედა უფრო გაგიგებდათ, მამამ არ გააპროტესტა?

– გამოცდას რომ ვაბარებდი, დედას მაშინ ვუთხარი. თუმცა, თავიდან თეატრალურში საბუთები რომ შევიტანე, მისთვისაც არ მითქვამს. რომ გავუმხილე, მეუბნებოდა, მამა გაგიჟდებაო და ასეც მოხდა – რაღაც პერიოდი არ მელაპარაკებოდა, გამებუტა (იცინის). მშობლებმა იცოდნენ, რომ მუსიკალურ ტექნიკუმში ვსწავლობდი, წესიერი სტუდენტი ვიყავი. არადა, ამ დროს მე საბუთები გამოვიტანე და თეატრალურში შევიტანე. დედა ყველანაირად გვერდში დამიდგა, მამას დითირამბებს უმღეროდა, ოღონდ შემრიგებოდა (იცინის). მამა გაბუტული იყო წამოწოლილი – „ეს რა დაემართაო“ (იცინის). მეორედ ასე მაშინ წამოვაწვინე, როცა გავთხოვდი, მაშინაც „ეს რა დაემართა“ სახით. არცერთხელ არ გავუწიე ანგარიში (იცინის). თუმცა, სიგიჟემდე მიყვარს მამაჩემი. ისიც აღარ არის ცოცხალი. ჩემმა მშობლებმა ძალიან ადრე დამტოვეს. მშობლებთან განშორება ადვილი არასდროსაა, მაგრამ დედა 53 წლის იყო, რომ გარდაიცვალა და ძალიან დიდი ტკივილი დამიტოვა.

– ოცნების გზას დაადექით, იქ ჩააბარეთ, სადაც გინდოდათ. როგორი იყო პირველი წარმატებები?

– ძალიან ბედნიერი ვიყავი. მეგონა, მსოფლიოში პირველი ადამიანი ვიყავი, ვინც ასეთი გამარჯვება მოიპოვა (იცინის). ჩემს საოცნებო ინსტიტუტში მოვხვდი. არაჩვეულებრივი პედაგოგი მყავდა – გიზო ჟორდანია. უბედნიერესი ვიყავი მის ლექციებზე. ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში მას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. ძალიან დამეხმარა ჩემი თავის პოვნასა და იმ პიროვნებად შედგომაში, რომლის იდეალიც ჩემში არსებობდა. მისი უზომოდ მადლიერი ვარ. ბატონმა გიზომ ჩვენს ჯგუფში დადგა რეზო გაბრიაძის პიესა „სამოთხის ჩიტი“. ეს სპექტაკლი ძალიან წარმატებული იყო. ეროსი მანჯგალაძეს, რამაზ ჩხიკვაძეს და რობერტ სტურუას სპაზმები დაემართათ სიცილისგან. წარმოიდგინეთ, რა ბედნიერები ვიქნებოდით, ჩვენ რომ ამხელა კორიფეების გულსა და გემოვნებას მივწვდით. ეს ჩვენი ძალიან დიდი წარმატება იყო. შემდეგ რუსთავის თეატრში მომიწვიეს. ესეც დიდ გამარჯვებად მიმაჩნდა. როდესაც თეატრი თვითონ გეძახის, ეს ბევრს ნიშნავს. ჩემთვის ფართოდ იყო გაღებული ამ თეატრის კარი და მას წლების განმავლობაში ვუერთგულე.

– პოპულარობა როგორ მოვიდა?

– დედას გეფიცებით, არ ვიცი, ეს როგორ მოხდა (იცინის). ჩემთან ეს ერთ დღეს არ მოსულა. აგურ-აგურ, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდი წინ. იყო პერიოდი, როცა გაოცებული ვფიქრობდი, მეც ხომ მსახიობი ვარ და რატომ არ ვარ პოპულარული-მეთქი. მე თვითონ ეს მიზანმიმართულად არასდროს მიცდია. ეტყობა, ეს შენში უნდა იქოქებოდეს, მერე ადგები და სიჩქარეში ჩააგდებ. მე ასე არ მოვქცეულვარ, მაგრამ მერე და მერე თავისით მოვიდა. მოვიდა დიდი სიყვარული და სითბო, რომელიც ისეთ სიხარულსა და ბედნიერებას განიჭებს ადამიანს, რომ ენით ვერ აღწერ, ეს წარმოუდგენელია. მეტირება, რომ მახსენდება. უცხო ადამიანი რომ მოგვარდება, ჩაგეხუტება და გეუბნება, როგორ მიყვარხართო, ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს?! თან, აქ ამერიკაში.

ეს როგორ ხდება, მართლა არ ვიცი. ამერიკაში უფრო მეტ სითბოსა და სიყვარულს ვიღებ ადამიანებისგან. იმ დღეს მეტროში მომაფრინდა ერთი ქალბატონი. დამავიწყდა, რომ მსახიობი ვარ და ვფიქრობ, ნეტავ რა უნდა-მეთქი (იცინის). მერე მითხრა, როგორ მიყვარხართ, ქალბატონო დონარაო. ეს ენით აღუწერელი ბედნიერებაა. ამაზე საუბრისასაც კი ცრემლები მადგება. ამად ნამდვილად ღირს ის ტანჯვა და წამება, რომელსაც ჩვენ გავდივართ. მსახიობებს არასდროს გვქონია ფული. ჩემს კოლეგას, უნიჭიერეს კაცს, შიმშილის გამო სცენაზე გული წაუვიდა. ჩვენს ქვეყანაში ეს პროფესია შესაბამისად არ ფასდებოდა. სულ უკანასკნელი, მსახიობს არ უნდა შიოდეს. არც არავინ არ უნდა ეხმარებოდეს. სამუშაო მომეცი, ისეთი სახელმწიფო შექმენი, რომ მე ჩემი შრომისა და ნიჭის შესაბამისი ანაზღაურება მქონდეს.

– ამ მდგმარეობის გამო წახვედით ამერიკაში და ემიგრანტთა რიგებს შეუერთდით?

– არა, ემიგრანტობა არ ყოფილა ჩემი არჩევანი, ამერიკა მით უმეტეს. ამერიკაში ცხოვრებაში არ მიოცნებია. დღემდე გაოცებული ვარ, ეს უფლის საჩუქარი იყო. მისი წყალობით აღმოვჩნდი ერთ-ერთ პროექტში 2021 წელს, ჯერ კიდევ კოვიდის დროს. იყო შემოთავაზება დოკუმენტურ ფილმზე, პანდემიის თემაზე. ამ პროექტით წავედით ევროპაში და შემდეგ ამერიკაში აღმოვჩნდით. თორემ, სხვა ქვეყანაში ცხოვრებაზე არასოდეს მიფიქრია. მე ისეთი შეყვარებული ვარ ჩემს ქვეყანაზე და აქ ისეთი ნოსტალგიები დამემართა, ვერც აღგიწერთ. ეს ყველაფერი ისე მძიმედ გადავიტანე, რომ ჯანმრთელობის ფასად დამიჯდა.

– მერე საკმაოდ რთული პერიოდი დაგიდგათ. ამერიკაში ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აღმოგაჩნდათ.

– კი, ექვსი თვის თავზე. მანამდე აბსოლუტურად ვერაფერს ვგრძნობდი, არაფერი მტკიოდა, ჩვეულებრივად ვცხოვრობდი, მაგრამ უცებ ორგანიზმმა კლინიკური სურათი მომცა. საბედნიეროდ, დაზღვევა მქონდა, რადგან ამერიკაში ლეგალურად ვიყავი შემოსული. საოპერაციო აღმოვჩნდი. ძალიან რთული გზა გავიარე. ეს იყო ძალიან დიდი გამოცდილება ჩემს ცხოვრებაში, ენით აღუწერლად დიდი. იყო ტკივილი, იყო შიში, იყო პანიკა, მაგრამ სიკვდილის შიში არ მქონია. სამშობლოში არდაბრუნების შიშმა შემიპყრო. შემეშინდა, რომ ჩემი შვილები ასე გამწარდებოდნენ, ასეთი ფორმით დაკარგავდნენ დედას. ამ ფიქრმა დიდი შინაგანი პროტესტი გამოიწვია. „არა!“ – ეს განცდა იმდენად ძლიერი იყო, რომ მთელმა ჩემმა სხეულმა და გონებამ დაიჯერა, ჩემმა სულმა დაიჯერა და ბოლომდე უფალს მივენდე. არ მიფიქრია, ვაიმე, მოვკვდები-მეთქი, პანიკა ამის გამო არ მქონია. უფალს მივენდე და ღმერთმა სასწაული ადამიანები გამომიგზავნა. მე აქ პატივისცემა, სიყვარული და გვერდში დგომა ვნახე, ამის ართქმა დანაშაულია. ნიკოლოზ ჩხეიძეს ამერიკაში ყველა ქართველი იცნობს, არაჩვეულებრივი პიროვნებაა. ის ყოველდღე ჩემთან იყო საავადმყოფოში. ყველა ექიმს ეუბნებოდა, რომ მე მისი და ვარ, მითარგმნიდა ყველაფერს, მამშვიდებდა. საშუალება არ მომცა, თავი მარტო და განწირულად მეგრძნო. ქართველებმა სასოწარკვეთის უფლება არ მომცეს. ასეთი რამეები უფლის ნების გარეშე არ ხდება. არც კი ვიცი, ასეთი მადლი რით დავიმსახურე. ეს ჭეშმარიტად სასწაული იყო. ახალშეძენილი მეგობრები საოცარ ყურადღებასა და სითბოს იჩენდნენ. გვერდით მედგნენ სულიერად თუ ფინანსურად. უფლის ნება იყო, რომ ამ ქვეყანაში მოვხვედრილიყავი და გადავრჩენილიყავი. ისეთი ცუდი სურათი იყო, გადარჩენა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. ნიკოლოზს სახეზე ვატყობდი ხოლმე შიშს, როდესაც ექიმებთან საუბრობდა, გადაფითრდებოდა, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი ნორმაში ჩადგა და ახლა თავს სრულფასოვნად ვგრძნობ.

– ფსიქოლოგიურადაც ძლიერი ყოფილხართ.

– მე ჩემი ბიოგრაფია ფსიქოლოგიურად მთელი ცხოვრება მამზადებდა სიძნელეებისთვის. არასდროს მიცხოვრია მარტივად. თუმცა, სულ მინდა, ეგეთი ქალი ვითამაშო – ცხოვრებით ნებიერი (იცინის). იყო ბედნიერი პერიოდები ჩემს ცხოვრებაში, როგორც ქალი – ნამდვილად ბედნიერი ვიყავი, როგორც დედა – ნამდვილად ბედნიერი ვარ, მაგრამ ამ ყველაფრისთვის დიდი სირთულეების გადალახვა მომიწია. ბევრი ისეთი ნაბიჯი გადამიდგამს, რომელიც არც კი მეგონა, რომ შემეძლო. რაც არ უნდა რთული იყოს, სიცოცხლე დიდი საჩუქარია. ამ გაკვეთილის შემდეგ, ახლა ჩემი ყოველი დღე ბედნიერია. ბედნიერებისთვის მიზეზი არ მჭირდება. ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ ცოცხალი ვარ. სიკვდილს ხელებიდან დავუსხლტი, დროებით (იცინის). საოცარია ეს სამყარო თავისი ჯადოსნობით და მადლობა უფალს სიცოცხლისთვის.

– როგორ შეიცვალა ცხოვრება ამის შემდეგ?

– სიგარეტს დავანებე თავი, ორმოცი წლის სტაჟის მქონე მწეველი ვიყავი და ძალიან მიხარია, ეს რომ შევძელი (იცინის). შეძლებისდაგვარად ჯანსაღი ცხოვრების წესით ვცხოვრობ. კვებასაც ვაქცევ ყურადღებას, სუფთა ჰაერზე ვსეირნობ, ვვარჯიშობ შეძლებისდაგვარად. ახლა აქ იმდენი მოწვევა მაქვს, ალბათ, სექტემბრიდან ამოსუნთქვის საშუალება არ მექნება (იცინის). ახლა იწყება ჩემი ცხოვრების ძალიან კარგი ეტაპი. ალბათ, ამას ჰქვია დაგვირგვინება, თითქოს ყველა ჩემი ოცნება რეალიზდება. მაგალითად, ყოველთვის მინდოდა, საბავშვო სტუდიაში პატარებთან მემუშავა, ამის საშუალებაც არის; მინდოდა, დამედგა სპექტაკლი და ეს წინადადებაც მივიღე; მინდა, ვითამაშო მთავარი როლი, ეს შემოთავაზებაც მაქვს. ახლა რადიოშიც შემომთავაზეს წამყვანობა და უკვე არჩევანზეა საქმე (იცინის).

– ჯერჯერობით დაბრუნებაზე არ ფიქრობთ?

– ამ ეტაპზე – არა. ჩემი პრობლემის შემდეგ, სულ მინიმუმ, სამი წლის განმავლობაში, გარკვეული პერიოდულობით კონტროლია საჭირო. ჩემი დიაგნოზის გათვალისწინებით, ჯერ არ შემიძლია წამოსვლა. მკურნალობა უკვე აღარ მჭირდება და კონტროლი საქართველოშიც არის შესაძლებელი, მაგრამ აქ ჩემი ექიმი მყავს, ცხოვრების წესი მაქვს, ყველაფერი თავის ადგილასაა და იმედიანად ვარ. ამიტომ ახლა წამოსვლა რთულია. თან, რადგან ღმერთმა ჩემი საქმის კეთების შანსიც მომცა, შემიძლია, აქაც ბედნიერად ვიგრძნო თავი და ამიტომ, გადავწყვიტე, მინიმუმ, რამდენიმე წელი მაინც, აქ ვიყო.