რატომ არჩია ამერიკის ბანკში მუშაობას ტრაილერის მძღოლობა ნათია რეხვიაშვილმა და რა სირთულეებთან გამკლავება უწევს მას მგზავრობის დროს

249

ულამაზესი გოგონა მოდელის პარამეტრებით და ტრაილერის მძღოლობა, შეიძლება, ერთმანეთთან რთულად დასაკავშირებელია, მაგრამ თურმე, შესაძლებელი. ნათია რეხვიაშვილი, რომელიც სოციალური ქსელებით გავიცანით, შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და გზა მის ამერიკულ ოცნებამდე, სწორედ, ამ საქმიანობაზე გადის.

ნათია რეხვიაშვილი: დიახ, მე გახლავართ ტრაილერის მძღოლი გოგონა, 32 წლის. გაგრაში დავიბადე, მაგრამ ორი წლის ვიყავი, როდესაც აფხაზეთის დატოვება მოგვიწია. პროფესიით ფინანსისტი ვარ და ამერიკაში წამოსვლამდე საქართველოს ერთ-ერთი ცობილ ბანკში ვმუშაობდი. ბავშვობაში კი რამდენიმე სააგენტოში ვმუშაობდი, როგორც მოდელი. რაღაც პერიოდში გადავწყვიტე, პროფესია შემეცვალა და ესთეტიკურ მედიცინაში გადავედი. პერმანენტულ მაკიაჟსა და ინიექციებს ვაკეთებდი. რაც შეეხება ამერიკას, სამი წლის წინ გადავწყვიტე, აქ ტურისტული ვიზიტით წამოვსულიყავი. როგორც კი ჩამოვედი, მაშინვე მივხვდი, რომ ეს არის ადგილი, სადაც ჩემი ოცნების განხორციელება შემიძლია. მანამდე ამერიკაში ჩამოსვლაზე არც მიფიქრია, ყველაფერი სპონტანურად მოხდა. ნიუ-იორკში არავინ მყავდა და მხოლოდ საკუთარი თავის იმედი მქონდა. ყველაფერი ნულიდან დავიწყე. როცა დარჩენა გადავწყვიტე, პირველ რიგში დოკუმენტებთან დაკავშირებული საკითხები მოვაგვარე. ბევრი ბრძოლა დამჭირდა. სხვადასხვა ადგილას ვმუშაობდი, არაფერს ვერიდებოდი, რადგან პატიოსანი შრომა არ არის სათაკილო. რაღაც პერიოდი ოჯახშიც ვმუშაობდი, ასევე, ესთეტიკური მედიცინის ცენტრში. შემდეგ ამერიკის ბანკიდან მივიღე შემოთავაზება, მაგრამ უარი ვთქვი. ვმუშაობდი „ტრამპ თაუერშიც“, მაგრამ ტრაილერის მძღოლობა ვარჩიე.

– „ტრამპ თაუერსა“ და ბანკს რატომ არჩიეთ ტრაილერის მართვა?

– არ დავმალავ, Bank Of America-დან მქონდა შემოთავაზება, ძალიან დიდი დაინტერესება იყო. შემეძლო, იქ ჩემი პროფესიით მემუშავა, მაგრამ უარი ვთქვი. ბანალურად ჟღერს, მაგრამ ემიგრაციაში განსხვავებული ცხოვრების სტილია. აქ სულ უნდა იმუშაო, ძნელია, დასვენებისთვის დროის გამონახვა. ვერ ნახულობ ოჯახის წევრებს, ისინიც გენატრებიან და საკუთარი ქვეყანაც. ამ პროცესს განსაკუთრებული ნოსტალგიები ახლავს. ამიტომაცაა, რომ აქ ადამიანები ადვილად ვარდებიან დეპრესიაში. ისედაც დიდ სტრესს ემატება სამსახურეობრივი სტრესიც. ამიტომ, მინდოდა, ისეთი სამსახური მქონოდა, სადაც ფსიქოლოგიურად კარგად ვიგრძნობდი თავს. თან, გაგონილი მქონდა, რომ ტრაილერის მძღოლობა ფინანსურად მომგებიანი იყო.

– რა საფეხურები იყო გასავლელი იმისთვის, რომ ეს შესაძლებელი გამხდარიყო?

– იმისთვის, რომ ტრაილერის მძღოლი გავმხდარიყავი, შესაბამისი მართვის მოწმობა უნდა ამეღო. ამისთვის ბევრი გამოცდის ჩაბარება დამჭირდა. პირველ რიგში, თეორიის, რომელიც ზღვა მასალას მოიცავს. ძალიან მოვინდომე, სამ დღეში ყველაფერი ვისწავლე და პირველივე ცდაზე ჩავაბარე. პრაქტიკული გამოცდა ძალიან რთული იყო. ორ საათზე მეტხანს გრძელდებოდა და ბუნებრივია, ყველაფერი ინგლისურ ენაზე ბარდებოდა, რაც საქმეს კიდევ უფრო ართულებდა. ინგლისურად სასაუბრო ენა ვიცი, მაგრამ მანქანის ნაწილების სახელწოდებები უნდა მესწავლა. იმდენად რთული იყო, თავიდან ცოტა ეჭვი შემეპარა, მაგრამ ესეც პირველივე მცდელობაზე ჩავაბარე. ცხრა ადამიანი ვიყავით გამოცდაზე, გოგო – მხოლოდ მე და ცხრიდან მხოლოდ სამმა ჩავაბარეთ.

– 18 საბურავი, 20 მეტრი, 40 ტონა, 13 სიჩქარე და 500 ცხენის ძალა – განსაკუთრებული მონაცემების მქონე ავტომობილს მართავთ. პირველი მგზავრობა როგორ გახსენდებათ?

– ძალიან ცუდად (იცინის). ეს ნამდვილად არ არის პატარა მანქანა. კი, ჩემი „ტიკ-ტოკ“ გვერდისთვის სახალისო ვიდეოებს ვიღებ და იქ ყველაფერი ლამაზია, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში არის დაბრკოლებები, რომელსაც უკვე მივეჩვიე და ახლა მსიამოვნებს კიდეც მათთან გამკლავება რომ მიწევს, მაგრამ თავიდან ძალიან რთული იყო. პირველი შოკი იმის გამო მქონდა, რომ ამხელა ავტომობილს ვერ ვაჩერებდი. მსუბუქ მანაქანაზე მიჩვეული ვიყავი, რომ მუხრუჭის გამოყენებით ჩერდებოდა, მაგრამ როცა ჯამში 40 ტონას იწონი და დაღმართზე მიდიხარ, მანქანის გაჩერება შეუძლებელია, ამისთვის დიდი დრო და დისტანცია გჭირდება. ეს იმდენად რთული იყო, პირველივე დღეს უახლოეს აეროპორტს ვეძებდი, რომ სახლში დავბრუნებულიყავი. ძალიან მერთულა და აღარ მინდოდა.

თუმცა, მალევე ავუღე ალღო, მაქსიმუმ ორი კვირა დამჭირდა. თავიდან, ასევე, ძალიან მიჭირდა დაპარკინგება, მაგრამ ერთი კოლეგა დამეხმარა და სულ რამდენიმე საათში მასწავლა, რა და როგორ უნდა გამეკეთებინა. ასე, რომ ეს სტრესიც მალე მომეხსნა.

– თვითონ თუ აღმოგიჩენიათ დახმარება მამაკაცი მძღოლისთვის?

– კი. არის სპეციალური ადგილები, სადაც მანქანას საწვავით ვავსებთ, სადაც შეგვიძლია, დავპარკინგდეთ და ღამე გავათენოთ. ჩემდა გასაკვირად, ასაკიან მამაკაცებს, 50-60 წლისაასაც კი, უთხოვიათ, რომ დაპარკინგებაში დავხმარებოდი. გამომდინარე იქიდან, რომ ავტომობილი ძალიან გრძელია, არის მომენტები, როცა სარკეში ვერ ხედავ და ადამიანის დახმარება გჭირდება. არც ამაშია რამე სასირცხვილო, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ასაკსა და სქესს, უსაფრთხოებისთვის დახმარება ნებისმიერს შეიძლება, დასჭირდეს.

– როგორია ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღე და რამდენ ხანს გრძელდება თითოეული მგზავრობა?

– დილით, პირველ რიგში, მანქანის გამართულობას ვამოწმებ, ეს კანონია. შემდეგ ვცდილობ, განვსაზღვრო მგზავრობის დრო და ავტომობილი შესაბამისი რაოდენობის საწვავით შევავსო. ასევე, ვიძენ საკვებ პროდუქტებს, იმდენს, რამდენიც უახლოესი რვა საათის განმავლობაში დამჭირდება, ვწესრიგდები და მივდივარ დანიშნულების ადგილისკენ. პირველი რვა საათი გაუჩერებლად ვმოძრაობ, შემდეგ კანონი მავალდებულებს, ნახევარსაათიანი შესვენება გავაკეთო. ამ შესვენების შემდეგ უფლება მაქვს, კიდევ სამი საათი ვიმოძრავო. სამუშაო საათების ამოწურვის შემდეგ ვეძებ გასაჩერებელ ადგილს. გაჩერებულს კი უკვე მაქვს დრო იმისთვის, რომ დავისვენო, გავერთო, გადავიღო ვიდეოები და ასე შემდეგ. მოგზაურობისას მარტო არ ვარ, ჩემს საუკეთესო ოთხფეხა მეგობართან ერთად გადავადგილდები (იცინის).

– რეჟიმის თვალსაზრისით არ არის რთული?

– არანაირად. ზუსტად ეს მომწონს, არანაირი სტრესი არ მაქვს. თავს მშვიდად ვგრძნობ. დრო ისე გადის, ვერ ვგრძნობ. ბედნიერი ვარ იმით, რასაც ვაკეთებ. ბოლოს რეისში ორ თვემდე გავატარე და არანაირი დისკომფორტი არ მქონია. ამ ორ თვეში უამრავი შეკვეთა მივიტანე ადგილზე, დაახლოებით, 50 ათასი კილომეტრი გავიარე. როდესაც რეისი მთავრდება, შემიძლია, ერთი კვირა სახლში წავიდე და დავისვენო.

ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით ნებისმიერ ტერიტორიაზე შემიძლია გადაადგილება. ტვირთი შეიძლება, იყოს ყველანაირი. მაგალითად, ავეჯი, ტექნიკა, მშრალი საკვები პროდუქტები და ასე შემდეგ. ყველაფერი, რაც არ არის აალებადი ან ავზს და მაცივარს არ საჭიროებს.